Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრძელდება საოლქო და საუბნო კომისიებიდან მიღებული ოქმების დაჯამების პროცესი.

შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ამსახველი მონაცემები სისტემატურად იცვლება. უკვე დათვლილი უბნების მიხედვით, სავალდებულო ხუთპროცენტიანი ბარიერი 4–მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული (შრომის) პარტია ინაწილებენ.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები, სავარაუდოდ, 23 მაისის დილისთვის გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს მოუსმინეთ.

[ლევან თარხნიშვილის ხმა]“ 36 საათი - წინასწარი შედეგებისთვის, 10 დღე აქვს ოლქს შედეგების შეჯამებისთვის, შემდეგ მთლიანად 18 დღე აქვს ადმინისტრაციას საბოლოო შედეგების დადებისთვის. ეხლა მიმდინარეობს ოქმების ჩამოსვლა. დაახლოებით ორი მესამედი ოქმების უკვე ჩამოსულია. თუ რაიმე საჩივარი იქნება, რა თქმა უნდა, განიხილება. ერაყის ყუთები ჩამოვა დღეს და, შესაბამისად, დღეს განვსაზღვრავთ, თუ როდის დავითვლით. რაც შეეხება საზღვარგარეთის უბნებს, როგორც კი ჩამოვა ყველა ოქმი თითოეული უბნისაგან, ჩვენ დავსხდებით და, შესაბამისად, დავითვლით.” (სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. მისი განმარტებით, სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცედურისგან განსხვავებით, საქართველოში წინასწარი შედეგებიც კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული თანდართული ოქმებით დასტურდება. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ვადად საარჩვნო უბნების დახურვიდან გასული 36 საათი დაასახელა. გაცილებით ნაკლებ დროში - კერძოდ, 16 საათში - პარალელური დათვლის შედეგებით საზოგადოების წინაშე წარდგა არჩევნების დამკვირვებელი ერთ–ერთი ორგანიზაცია - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა.“

[კოკი იონათამიშვილის ხმა]“ ’ქართული პოლიტიკა’ იღებს 0,42%, რესპუბლიკური პარტია - 3, 9%, მემარჯვენე ალიანსი „თოფაძე–მრეწველები“ - 1,05%, „შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია - 7, 33%, ერთანი ნაციონალური მოძრაობა - 58, 53%, პოლიტიკური გაერთიანება ’სპორტსმენთა კავშირი ’ - 0, 24%, გაერთიანებული ოპოზიცია ’ეროვნული საბჭო - მემარჯვენეები’ - 18, 31%, რადიკალ–დემოკრატთა ნაციონალური პარტია - 0, 22, ქრისტიან –დემოკრატიული ალიანსი - 0, 97%, გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატები - 8, 43%, ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია - 0, 44%, საქართველოს პოლიტიკური პარტია ’ჩვენი ქვეყანა“]’ - 0, 17.“


ხმების პარალელური დათვლა ორგანიზაციამ „ახალი თაობა- ახალი ინიციატივა” საქართველოს 75–ვე ოლქის 800 უბანში განახორციელა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” მონაცემებით, რომელიც მხოლოდ ხუთ ოლქს შეეხება, თბილისში, ვაკის რაიონში, მემარჯვენეთა ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაიმარჯვა, სამგორში - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა რუსუდან კერვალიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ასევე ზუგდიდში, გორსა და ბათუმში. როგორც კოკი იონათამიშვილმა განგვიმარტა, ”ახალი თაობა–ახალი ინიციატივის” მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებთან, მაქსიმუმ, 1 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დაპირების მიუხედავად, 22 მაისს პარალელური დათვლის პროცენტული შედეგები, ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება.“ თუმცა მის წინასწარ მონაცემებშიც არჩევნებში მონაწილეებმა საარჩევნო ბარიერი შემდეგი რიგითობით გადალახეს: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია.
XS
SM
MD
LG