Accessibility links

logo-print

არის ევროპა მზად დაუწესოს ირანს სანქციები?


ორშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამმა ევროპის მზადყოფნის შესახებ, ირანს ახალი სანქციები დაუწესოს, გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელი გორდონ ბრაუნის განცხადების თაობაზე აკეთებს კომენტარს, რომ ამგვარი სანქციები ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების იმავე ორშაბათის შეხვედრაზე, არც კი განუხილავთ. ევროკავშირის ახალი სანქციები გააძლიერებდა ირანის წინააღმდეგ გაეროში მიღებულ რეზოლუციას, რომლის მიზანია აიძულოს თეირანი შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს ბრიტანეთის პრემიერის განცხადება და ევროკავშირის წარმომადგენლის კომენტარი?
ბრიტანეთის პრემიერის ნათქვამს შეგახსენებთ უფრო დაწვრილებით: მისი 16 ივნისის განცხადებით, ბრიტანეთი გაყინავს ირანის უდიდესი ბანკის, მელის, აქტივებს, ევროკავშირი კი ირანის გაზისა და ნავთობის სექტორებით დაკავდება.
ბრაუნი, როცა ბრიტანეთში სტუმრად მყოფ ჯორჯ ბუშთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, თავდაჯერებული ლაპარაკობდა:

(ბრაუნის ხმა)
”თუ ირანი კვლავაც გააგრძელებს გაეროს რეზოლუციების, ჩვენ მიერ შეთავაზებული, პარტნიორობის იგნორირებას, სანქციების ინტენსიფიკაციის გარდა, გამოსავალი არ გვრჩება. ამდენად, დღეს ბრიტანეთი ევროპას ამ მოწოდებით მიმართავს და ევროპაც ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას დასთანხმდება. მოქმედებას დღესვე დავიწყებთ და ირანის უდიდეს ბანკს, მელის, უცხოეთში დაბანდებულ კაპიტალს გავუყინავთ. ამასთან, ნავთობსა და გაზზე სანქციების ახალ ფაზაზე მუშაობაც დღესვე დაიწყება.”

როგოც ზემოთ ითქვა, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ჩანს, არ არიან გათვითცნობიერებულნი, რას გულისხმობდა ბრაუნი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კოორდინატორის ხავიერ სოლანას წარმომადგენელმა კრისტინა გალახმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები არც ყოფილა ლუქსემბურგში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრების თემა. ეს შეხვედრა სწორედ იმ დღეს გაიმართა, როცა ბრაუნი ლაპარაკობდა და ამ შეხვედრას იმოწმედა.
თუმცა გალახი იქვე აღიარებს, რომ ევროკავშირი მზად არის ირანთან დაკავშირებით “უფრო შორს” წავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ბრაუნის განცხადება მოსალოდნელ ფაქტს ოდნავ უსწრებდეს წინ.
ირანის ენერგორესურსების სფეროში სანქციები მართლაც ეფექტიანი იქნებოდა, რადგან ეს ქვეყანა, მისი ეკონომიკა, ძლიერაა დამოკიდებული ამ სფეროზე. თეირანს საწვავი შეაქვს, რადგან მისი გადამმუშავებელი ქარხნები მოთხოვნილებას ვერ აუდიან. გაზს კი ირანი ყიდის და ამაში კარგ მოგებასაც იღებს.
რაც შეეხება ირანის უდიდეს ბანკს და მისი აქტივების გაყინვას, შეიძლება ეს მუქარა დაგვიანებული გამოდგეს, რადგან ბანკმა მელიმმა, მედიის თანახმად, მილიარდობით დოლარი გაიტანა თავისი ანგარიშებიდან, გაყინვის მოლოდინში.
ბრაუნის ეს მკაცრი განცხადებები მაშინ გაისმა, როცა ევროკავშირის პოლიტიკური კოორდინატორი ხავიერ სოლანა თეირანში ჩავიდა და მას ევროკავშირის წამახალისებელი წინადადების ახალი პაკეტი წარუდგინა. ამ პაკეტის მიზანი კვლავაც ერთია, დაიყოლიონ, წააქეზონ ირანი, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ეს არის ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ხასიათის წინადადებები, რომლებიც შეიმუშავა გაეროს უშიშროების საბჭომ და გერმანიამ. ეს არის ადრე უკვე შეთავაზებული ზომების ახლებურ ვარიანტი. ირანმა უკვე განაცხადა, რომ ის არ მიიღებს ახალ შეთავაზებას, თუკი მას ურანის გამდიდრების შეჩერებას სთხოვენ (არადა, სთხოვენ!). ანუ თეირანი უარზეა.თუმცა ევროკავშირი ირანის ოფიციალურ პასუხს ელოდება ახალ ინიციატივაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მოელიან, რომ ახალი წინადადებების მომხრეთა შორისაც შეიძლება შეიცვალოს განწყობილება. “ასოშიეიტიდ პრესმა” მოიყვანა ევროპელი დიპლომატის ნათქვამი, რომ თუკი სოლანას ვიზიტმა ირანში შედეგი არ გამოიღო, ეს შეიძლება შემობრუნების წერტილი გახდეს და დააჩქაროს სანქციების გასამკაცრებლად ევროკავშირის საერთო მზადყოფნა.
XS
SM
MD
LG