Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ თბილისსა და სოხუმში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმების შესახებ


ოფიციალურმა თბილისმა, ასევე მოსკოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო

აფხაზეთის კონფლიქტის იმ გეგმის შესაბამისად მოგვარების შესაძლებლობა, რომელზეც ამ დღეებში გაზეთი ”კომერსანტი” წერდა. აფხაზეთის გალისა და ოჩამჩირის რაიონების თბილისისთვის დაბრუნება ნატოში შესვლაზე უარის სანაცვლოდ მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ივნისს გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მინდა აფხაზეთის პრობლემის მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიციის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ივნისს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს აფხაზეთის ორ ნაწილად გაყოფის გეგმას დაეთანხმოს. როგორც ცნობილია, გაზეთი ”კომერსანტი” წერდა, რომ საქართველოს მხარემ რუსეთს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ გალისა და ოჩამჩირის რაიონების დაბრუნება მოსთხოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ მართლაც შესთავაზა რუსეთს სამშვიდობო გეგმა და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვით, გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შევთავაზეთ. ამას ვადასტურებ ყოველგვარი კულუარების გარეშე. ეს ასეა. გალი და ოჩამჩირე ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი რაიონებია, რომლებიც დღეს ცარიელია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველოს ყველა მცხოვრებმა, მათ შორის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ნახოს ეკონომიკური განვითარების, ინტეგრაციის, ამ სახელმწიფოში ცხოვრების სარგებელი.” (სტილი დაცულია)

გაზეთ ”კომერსანტის” სტატიაში აღწერილი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა უარყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმაც. მან კვლავინდებურად აღნიშნა, რომ აფხაზეთი აღარასოდეს შევა საქართველოს შემადგენლობაში.

როგორც ცნობილია, ბაღაფში ორიოდე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა და, როგორც თვითონ აღნიშნა, ქართულ-აფხაზური, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები და სამშვიდობო პროცესის ირგვლივ მთელი რიგი საკითხები განიხილეს. მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განიხილა მოლაპარაკების გზით, ყველას ინტერესების გათვალისწინებით, პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით იმის ლეგიტიმაციას ახდენენ, რომ საქართველო ხელს აიღებს ამ ტერიტორიაზე, სანამ სული მიდგას, პირადად მე, არ დავუშვებ. არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ ანექსიისა და ოკუპაციის გზით საქართველოს ტერიტორიას ერთი მისხალი მიწაც კი ჩამოაშოროს. ვიდრე ცოცხლები ვართ, ანექსიისა და ოკუპაციის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიის არც ერთ კვადრატულ მეტრზე არ განხორციელდება. ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოვაგვარებთ.”(სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი 21–ე საუკუნის პოლიტიკას გაატარებს თავისი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. თუმცა კი სააკაშვილის ამ განცხადებამდე ოფიციალურმა მოსკოვმა მიზანშეუწონლად გამოაცხადა აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო ფორმატის შეცვლა, რასაც თბილისი ამ ბოლო დროს დაჟინებით მოითხოვს.

აფხაზეთის საკითხების ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გაზეთ ”კომერსანტის” სტატია და მოსკოვის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის გააქტიურების განეიტრალებას ემსახურებოდა:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ანუ აშკარად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მუშაობა მიდის ევროკავშირის გარეშეც და სულაც არაა საჭირო ამაში ევროკავშირის ჩართვა. ანუ აშკარად ყველაფერი მიდის იქეთკენ, ევროკავშირმაც დაგვაჯერა ჩვენ და დააჯერა თავისი თავი და რუსეთმა დააჯერა ევროკავშირი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოგვარდება ევროკავშირის გარეშეც.”(სტილი დაცულია)

ექსპერტის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ შეძლებს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად ჩართოს ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG