Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავს


ირანი აცხადებს, რომ ახლახან გამოსცადა საზღვაო იარაღი, რომელსაც უნარი შესწევს 300 კილომეტრის რადიუსში გაანადგუროს ნებისმიერი ხომალდი.

როგორც ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად ალი ჯაფარიმ თქვა, ირანს იოლად შეუძლია ჰორმუზის სრუტის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვა, თუკი ირანს თავს დაესხმიანო.

ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალმა, მოჰამად ალი ჯაფარიმ ორშაბათს თეირანში განაცხადა, რომ ირანის მიერ გამოცდილი საზღვაო იარაღი მსოფლიოში უნიკალურია და მტრის ვერცერთრი ხომალდი ვერ გაექცევა მას ირანის საზღვრებში 300 კილომეტრის რადიუსში, თუკი მის წინააღმდეგ იარაღი იქნება გამოყენებული.

[ჯაფარის ხმა] "ეს იარაღი თავიდან ბოლომდე ირანშია დამზადებული და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე ეს ტექნოლოგია არც ერთ სხვა ქვეყანას არ გამოუყენებია."

ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა გრძელდება ირანსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება თეირანის სადაო ბირთვული პროგრამის გარშემო. დასავლეთს მიაჩნია, რომ ეს პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, თეირანი კი უარყოფს ამას და ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნებისთვის ავითარებს.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი თეირანის პასუხის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობის უკანასკნელ შეთავაზებაზე, რომელიც ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს ეკონომიკური სტიმულირების სანაცვლოდ. გარკვეული პასუხისთვის ირანისთვის დათქმული უკანასკნელი ვადა 2 აგვისტოს ამოიწურა.

შეერთებული შტატები და ისრაელი აცხადებენ, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება ურჩევნიათ, მაგრამ არ გამორიცხავენ სხვა შესაძლებლობებსაც, მათ შორის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

ჯაფარის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადება სწორედ ამ მუქარის საპასუხო მუქარა იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მოკლე ომის წარმოებას შეეცდება, ირანი გააჭიანურებს მას.
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ასევე ახსენა, რომ ირანს უნარი შესწევს, განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე, რაც მთელი მსოფლიოსთვის დიდი დარტყმა იქნებოდა ნავთობით ვაჭრობის სფეროში.

შეერთებული შტატების ენერგეტიკის საინფორმაციო უწყების თანახმად, მსოფლიოში ზღვის ფსკერზე მოპოვებული მთელი ნავთობის დაახლოებით 40 პროცენტის ტრანსპორტირება ხდება სწორედ ჰორმუზის ვიწრო სრუტით, რომელიც ირანსა და ომანს შორის მდებარეობს. უწყების ცნობით, შარშან სრუტეში დღეში 15-მა მილიონმა ბარელმა ნავთობმა გაიარა და ამ ნავთობის უდიდესი ნაწილი აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში იქნა ტრანსპორტირებული.

ჯაფარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის იარაღის მოქმედების რადიუსში მდებარეობს და რომ თეირანს მისი გაკონტროლება შეუძლია სამხედრო საშუალებებით.

მაგრამ საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ ირანის ამგვარ განცხადებებს. მაგალითად, ასოშიეიტედ პრესს მოჰყავს ისრაელის ანალიტიკოსის, ეფრაიმ კამის სიტყვები. კამის თქმით, თეირანს ყოველთვის თავი მოაქვს თავისი სამხედრო შესაძლებლობებით და ამბობს, რომ უნიკალურ იარაღს ფლობს, მაგრამ სინამდვილეში, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ყოველთვის საქმე გვაქვს სტანდარტულ სამხედრო შეიარაღებასთანო."

ჩვენი რადიოს სპარსული რედაქცია დაუკავშირდა ჟურნალ "ჯეინს მისაილ ენდ როკტსის" რედაქტორს, დაგ რიჩარდსონს და ირანის ახალ საზღვაო იარაღზე სთხოვა კომენტარი. რიჩარდსონის თქმით, ეს იარაღი ირანმა, როგორ ჩანს, რუსეთისგან შეიძინა.

[რიჩარდსონის ხმა] "თვალი გადავავლე დღეს მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და შემიძლია ვთქვა, რომ 300-კილომეტრიანი რადიუსი ცოტას თუ აქვს. ჯერ კიდევ 2005 წელს ვიცოდით, რომ ირანელები "კლუბის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ყიდულობდნენ რუსეთისგან და ეს რაკეტები სწორედ ამ რადიუსში მოქმედებს. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ თუ განზრახვის შესახებ 2005 წელს გახდა ცნობილი, 2008 წელი ზუსტად ის დროა, როცა მძიმე ტექნიკა მიღებულ იქნა და ახლა მისი გამოცდა ხდება."

ივლისში ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა შაჰაბის ტიპის რაკეტის ახალი ვარიანტი, რომლის მოქმედების არე 2012 კილომეტრია. ცნობისთვის, ირანსა და საქართველოს შორის მანძილი დაახლოებით 400 კილომეტრია.
XS
SM
MD
LG