Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორის აზრით, რუსეთთან დიალოგს შედეგი მოაქვს


ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი სენატორი, რიჩარდ ლუგარი საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოფრინდა. იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს,

პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, აგრეთვე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მოინახულა კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა. 24 აგვისტოს, საქართველოდან გამგზავრების წინ ის ჟურნალისტებსაც შეხვდა.

რიჩარდ ლუგარი ამერიკის სენატში პირველად 1976 წელს აირჩიეს. 2006 წელს კი ის მეექვსედ გახდა სენატორი ხმათა 87 პროცენტით. იგი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი ლიდერია და მისივე თქმით, საქართველოს მეგობარი.

საქართველოში აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა ლუგარმა ვიზიტის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ თბილისში მან პროდუქტიული შეხვედრები გამართა და დეტალური ინფორმაცია მიიღო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

ლუგარმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს იმ ვაჟკაცობას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ქართველმა ხალმა გამოიჩინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე აშშ და პარტნიორი ქვეყნები აქტიურად ფიქრობენ საქართველოში რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების შესახებ. რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, რადიო "თავისუფლების" შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება, რიჩარდ ლუგარმა თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ბევრი სხვადასხვა ზომის მიღებაზე ფიქრობს.

[რიჩარდ ლუგარის ხმა] "ამერიკელი კონგრესმენები და სხვებიც, ვინც პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს, მსჯელობენ პრაქტიკულ გზებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა და ამავე დროს ევროპის მხარდაჭერაც. ამასთან, აუცილებელია იმ გზების გამონახვაც, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რუსეთთან, იმისათვის რომ დიალოგმა უკეთესი შედეგი მოგვიტანოს. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან, როგორც ჩემთვის უკვე ცხადია, რომ ეს საკითხი აქტუალური კიდევ დიდხანს იქნება."

სენატორმა დაამატა, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი ნამდვილად აქვს და შედეგებიც მოაქვს, მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან მოიყვანა. ბოლო თექვსმეტი წელია რუსეთთან ერთად ვმუშაობ მასობრივი განადგურების იარაღის შესამცირებლად - თქმა მან და დასძინა, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა აღმოჩნდა. მეც და სხვებსაც გვაქვს ურთიერთობა რუსებთან, რომლებსაც ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ატომური იარაღის განადგურება. ბევრი საბრძოლო ქობინი ამ თვეში, ამ დაძაბული ვითარების ფონზე განადგურდა - თქვა რიჩარდ ლუგარმა.

სენატორმა ისიც ახსენა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის საფონდო ბაზარი 25%-ით დაეცა და შენელდა ინვესტიციების განხორციელება. რუსეთზე განხორციელებულმა დიპლომატიურმა ზეწოლამ სხვა შედეგებიც მოიტანა.

[რიჩარდ ლუგარის ხმა] "მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენს სიტყვებს და ჩვენს მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. აი, მაგალითად ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სირთულეები წარმოიშვა, პოლონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესახ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არადა მანამდე ამას 18 თვის განმავლობაში განიხილავდნენ."

მაგრამ მაინც რჩება შეკითხვა. რა შეიძლება გააკეთოს მსოფლიო თანამეგობრობამ, თუ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი მაინც გააჭიანურებს თავისი ჯარების სრულად გაყვანას საქართველოდან. რა ბერკეტები აქვს, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად?

[რიჩარდ ლუგარის ხმა] "ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს - ჩვენ ახლა, ყოველდღიურად ვცდილობთ რომ ეს ბერკეტები გამოვნახოთ."

სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება, იქიდან კი თურქეთს, უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა. მისი თქმით, ის ამ ქვეყნებში, შემდეგ კი ბრიუსელში, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარმართავს დიალოგს, რომელიც საქართველოს წაადგება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG