Accessibility links

მოსალოდნელია თუ არა დიდი დეპრესია?


ბოლო ხანებში ხშირად გაისმის შეკითხვა: ხომ არ შეიძლება, რომ მსოფლიოს საფინანსო სისტემის ამჟამინდელი პრობლემები ახალი დიდი დეპრესიით დასრულდეს?

ისეთით, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა 1929 წელს შეერთებული შტატების ბირჟების კრახის შედეგად? ეკონომისტები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ დღევანდელ პირობებში შეუძლებელია იგივე განმეორდეს. მაგრამ ფინანსური კრიზისი გრძელდება და ფართოვდება და ეჭვები სულ უფრო მატულობს.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ყოფილმა შეფმა ალან გრინსპენმა, რომელმაც ამერიკის საფინანსო წრეებში დღემდე შეინარჩუნა გურუს სტატუსი, კვირას ამერიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დღევანდელი ვითარება საუკუნეში ერთხელ დგება ხოლმე. მან იგულისხმა 1929-33 წლების დეპრესია, რომლის შედეგად მილიონობით ადამიანი გაღატაკდა და რომელმაც, როგორც მიიჩნევენ, შექმნა პირობები მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის.

ამ კვირაში მსოფლიოს შიშის ზარივით გადაუარა ცნობამ იმის თაობაზე, რომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა საინვესტიციო ბანკმა, "ლემან ბრაზერსმა". ბაზრებზე ნერვიულობა კიდევ უფრო გაამძაფრა უოლ სტრიტის კიდევ ერთმა მსხვილმა საფინანსო ინსტიტუტმა, "მერილ ლინჩმა", რომელმაც თავი იმით გადაირჩინა, რომ "ბენკ ოვ ამერიკას" მიეყიდა.

დაბოლოს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრობლემები აქვს მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კომპანია, "ამერიკენ ინეტრნეიშნელ გრუპს". ეს ძალზე სახიფათო ცნობაა, ვინაიდან ამ კომპანიაში მრავალი მსხვილი კომპანიაა დაზღვეული და მისი კრახი დომინოს პრინციპით გადაეცემოდა სხვებსაც.

ლემანის გაკოტრების ცნობამ მყის უარყოფითი გავლენა იქონია მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე, რამაც კიდევ ერთხელ ნათელყო, რამდენად არის დღევანდელი მსოფლიო საფინანსო სისტემა შეერთეულ შტატებში მიმდინარე მოვლენებზე დამოკიდებული.

ალან გრინსპენის აზრით უცხოურ ბაზრებზე გავდენა ძალზე დიდია.

[გრინსპენის ხმა] "არა მგონია, საქმე გვქონდეს საუკუნის მასშტაბის კრიზისთან და მან მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს მსოფლიოს ეკონომიკაზე. და, ჩემის აზრით, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს."

მაგრამ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი? შეიძლება თუ არა, რომ კრიზისი გაღრმავდეს და გაფართოვდეს, როგორც ეს 30-იან წლებში მოხდა?

1929 წლის ფინანსური კრახის გამორჩეული ნიშანი იყო ის, რომ ეს გახლდათ ბუშტის გახეთქვის ეფექტი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფინანსო ბირჟაზე იმდენად სწრაფად იზრდებოდა აქციების ფასები, რომ 1929 წლის წინა პერიოდში ერთგვარი ეიფორიის ატმოსფერო სუფევდა.

პრობლემის პირველმა ნიშანმა 1929 წლის სექტემბერში იჩინა თავი, როცა აქციების ერთობ გაბერილი ფასები 17 პროცენტით დაეცა. გაჩნდა პანიკა. 24 ოქტომბერს კი, რომელიც "შავი პარასკევის" სახელით შევიდა ისტორიაში, ქაოსმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ინვესტორები ცდილობდნენ ნებისმიერ ფასად გაეყიდათ თავიანთი აქციები, რომ რაიმე თანხმა მაინც გადაერჩინათ.

ზარალი უზარმაზარი მასშტაბების იყო. მოწინავე აქციების ინდექსმა, დაუ ჯონსმა, შემდგომი 25 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ამ ზარალის გამოსწორება. მრეწველობა კი ლამის გაჩერდა მთელ შეერთებულ შტატებში. ამერკიდან დეპრესია ევროპას და სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს გადაედო ვაჭრობაში შეფერხების გზით.

დეპრესიის შედეგად შეერთებულ შტატებში მეწარმეობა 54 პროცენტით შემცირდა, უმუშევრობა კი 30 პროცენტამდე გაიზარდა. ასეთი სტატისტიკიდან თუ ამოვალთ, ჯერ კიდევ დიდი გზა გვიდევს დიდ დეპრესიამდე.

მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასეთი რამ მაინც შეიძლება მოხდეს. ლონდონელი ანალიტიკოსი, ბერნარ მაკალინდენი ფიქრობს, რომ ამ შიშის საფუძველს იძლევა დღევანდელი ეკონომიკის გლობალიზაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი.

[მაკალინდენის ხმა] "ამ პროცესში ჩართული არის სულ უფრო და უფრო მეტი ინსტიტუტი. და თუკი შეერთებული შტატები პრობლემის ეპიცენტრია, ის არ დარჩება შეერთებული შტატებით შემოფარგლული, ვინაიდან ამ ინსტიტუტებთან სხვა ინსტიტუტებია კავშირში ამ ჩვენს სულ უფრო მეტად გლობალიზებულ მსოფლიოში."

მაგრამ დიდ დეპრესიასა და დღევანდელ სირთულეებს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ მასობრივი უმუშევრობა დღეს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით - შეერთებული შტატების საფინანსო სფეროში შეიმჩნევა. და ერთადერთი სექტორი, რომელმაც განიცადა დატყმა, სახლების მყიდველები გახლავთ. ეკონომიკის სხვა სექტორებშიც შეინიშნება ტემპების შენელება, მაგრამ ისინი სტაბილურად გამოიყურება.

ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ შტიგლიცი ფიქრობს, რომ დღევანდელ პრობლემებს დიდი დეპრესიისკენ არ მივყავართ. მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ამჟამინდელი კრიზისი უფრო იოლად მოსავლელი იქნება უზარმაზარი გამოცდილების წყალობით, რომელიც შევიძინეთ ასეთ კატასტროფასთან გასამკლავებლად.
XS
SM
MD
LG