Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთიუ ბრაიზას პრესკონფერენცია


გუშინ საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა.

თბილისიდან გამგზავრებამდე მან პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრა რუსეთის შესახებ განცხადებით დაიწყო. მოგითხრობთ ამ პრესკონფერენციის შესახებ:

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე თბილისში გამართულ წინა პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთი თვის წინ ჩატარდა, რადგან არის რაღაც ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავაც საკმაოდ სერიოზულია. მეთიუ ბრაიზას შესავალი სიტყვა იყო უჩვეულოდ მოკლე, თუმცა სრულიად კონკრეტული და, ძირითადად, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შეეხებოდა:

[ბრაიზას ხმა]
”დროა რუსეთმა შეასრულოს ვალდებულება, რომელიც მისმა პრეზიდენტმა აიღო და განმეორებით დაადასტურა კიდეც ეს ვალდებულება საფრანგეთის პრეზიდენტისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს მთელი სამხედრო ძალა, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ შემოიყვანა. რუსეთმა უნდა შეასრულოს პრეზიდენტებს - მედვედევსა და სარკოზის - შორის მიღწეული შეთანხმების მესამე პუნქტი, რომელიც გულისხმობს სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას. რუსეთმა უნდა შეასრულოს წლების განმავლობაში აღებული ვალდებულებები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციაშია აღნიშნული.”

რამდენიც უნდა ეცადონ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კოსოვო და სამხრეთ ოსეთის შემთხვევები გააიგივონ ერთმანეთთან, ამას საფუძველი არა აქვს და არავითარი გამართლება არ გააჩნია რუსეთის მოქმედებებს.

მეთიუ ბრაიზამ საჭიროდ მიიჩნია განეცხადებინა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის 7 აგვისტოს არ დაწყებულა და გამოთქვა კმაყოფილება, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დღეს უკვე სხვაგვარად განიხილავს ამ კონფლიქტს. ამას მოჰყვა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის შემდეგი განცხადება:

[ბრაიზას ხმა]
“საქართველოს არ განუხორციელებია გენოციდი და არ დაღუპულა 2000 სამხრეთ ოსეთის მცხოვრები. ამის საპირისპიროდ კი ვიტყოდი, რომ რუსი სამხედროები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ სამხრეთ ოსეთი, ვერ ახერხებენ თავიდან აიცილონ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები. ამგვარი ფაქტების შესახებ არაერთი პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაცია და პირი იუწყება. ”ჰიუმან რაითს უოჩი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ ოსეთის რეგულარული ჯარების წარმომადგენელთა მიერ ეთნიკურ ნიადაგზე ხდება თავდასხმები და ადამიანთა დევნა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთი აცხადებს, რომ მისი კონტროლის ქვეშ არის.”

რუსეთი და მისი შეიარაღებული ძალები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება კონფლიქტის ზონაში და მათი უსაფრთხოება დაბრუნების შემდეგ. და, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს საიმისო პირობები, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმაც, - აცხადებს ბრაიზა და დასძენს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ საშუალება შევიდნენ ამ ტერიტორიებზე ვითარების შესასწავლად.

საინტერესოა, რომ პირველი შეკითხვა, რომელიც ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტმა დასვა, შეეხებოდა რუსი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეერთებული შტატები განიხილავდეს საქართველოს ხელისუფლების შეცვლის საკითხს და სახელდებოდეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - ნინო ბურჯანაძისა და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის - ირაკლი ალასანიას კანდიდატურები. ბრაიზას კომენტარი:

[ბრაიზას ხმა]
”ეს მომხიბვლელი და სასაცილო თეორიაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ საქართველოს - ქვეყანას, რომელსაც შეუძლია უზომოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლის შესრულება ამ რეგიონში სწორედ თავისი დემოკრატიულობით. საქართველოს კვლავაც ბევრი აქვს გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისათვის. რასაკვირველია, ჩვენ ეს ვიცით. და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია როგორი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. არის კონსტიტუცია, არის განვითარებადი დემოკრატიის კულტურა და დემოკრატიული ინსტიტუტები. სწორედ ამ გზით უნდა განისაზღვროს ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. ზოგჯერ მაოცებს რუსი კოლეგების შემოქმედებითობა. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ დემოკრატიისა.”

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს და მტკიცებულების სახით წარმოადგენს სატელეფონო ჩანაწერებს იმის დასადასტურებლად, რომ ომის დაწყებამდე რუსი სამხედროები როკის გვირაბით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თემაზე ორიოდე დღის წინ ”ნიუ-იორკ ტაიმსიც” წერდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე აცხადებს, რომ ამ ფაქტების შესახებ საქართველოს უმაღლესი პირებისგან სმენია, თუმცა ანალიზისგან დღეს თავს იკავებს. ბრაიზას პასუხიდან ნათელია, რომ შეერთებული შტატები სწავლობს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ ფაქტებს:

[ბრაიზას ხმა]
”მე დიპლომატი ვარ და არა სადაზვერვო ინფორმაციის ანალიტიკოსი. მე უნდა დავეყრდნო ექსპერტებს ნებისმიერი ასეთი სახის ინფორმაციის ნამდვილობის დადგენისას. ჩვენს მთავრობაში არაერთი ბრწყინვალე ექსპერტი გვყავს და მოუთმენლად ველი მათი შესწავლის შედეგებს.”

ამგვარი პოზიციის მიუხედავად, მეთიუ ბრაიზას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთმა დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ოთხშაბათს საქართველოში ჩამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ირანისა და საქართველოს ურთიერთობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის ფრთხილ განცხადებებს აკეთებდა. ასე იყო ენერგოკრიზისის დროს, როცა რუსეთმა საქართველოს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა და საქართველომ ირანთან დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მხოლოდ ორიოდ საათის წინ შეიტყო ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ:

[ბრაიზას ხმა]
”ნათელია ის, რომ შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ერთვება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, როგორც ეს ბოლო კვირებში ნახეთ. საინტერესო უნდა იყოს, რომ ირანი ფიქრობს ჩვენს კვალს მისდიოს.”

დასასრულ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთი თვის წინანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შტატები დაეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს აღდგენაში, როცა ამის დრო მოვა. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და დღესდღეობით შტატების დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის არის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG