Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობენ რუსული და ქართული დიასპორები საქართველოსა და რუსეთში


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გარდა, ღრმა კვალი დაამჩნია რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და რუსების ყოფასაც.

საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ ომის შემდეგ რუსეთში ქართული დიასპორისა და საქართველოში რუსული დიასპორის წარმომადგენლები. ცნობისათვის: საქართველოში 70 ათასამდე ეთნიკური რუსი, რუსეთში კი ნახევარ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს.

ალა ბეჟენცევა საქართველოში რუს ქალთა კავშირს თავმჯდომარეობს. ძირძველი თბილისელი, რომელიც შერეულ - ქართულ-რუსულ - ოჯახში აღიზარდა, ამბობს, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ორი ერის დაახლოებას ემსახურება, რისთვისაც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებისგან სამთავრობო ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. ამიტომ, მისივე თქმით, ნამდვილი შოკი განიცადა, როცა რუსეთის ავიაციამ საქართველოს ქალაქებში ბომბები ჩამოყარა:

[ალა ბეჟენცევას ხმა] „შოკი და შიში განვიცადე. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ. შიშის გარდა, ასევე იყო გაოცება: რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ მეგობარ და ერთი რელიგიის მქონე ერებს შორის? ძალიან შემეშინდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბომბი თბილისის ტერიტორიაზეც ჩამოაგდეს. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო.“

ალა ბეჟენცევას თქმით, რუსეთ-საქართველოს ომმა და დაღვრილმა სისხლმა ვერ შეცვალა რუსებისადმი ქართველების დამოკიდებულება. სახალხო დამცველის აპარატიც ამტკიცებს, რომ არც ომის მსვლელობისას და არც შემდგომ პერიოდში საქართველოში ადგილი არ ჰქონია ეთნიკური ნიშნით რაიმე სახის დევნას ან შევიწროებას. სოფო ხორგუანი, სახალხო დამცველის მოადგილე, განმარტავს:

[სოფო ხორგუანის ხმა] „არც ეთნიკური რუსების და არც ეთნიკური ოსების განცხადებები არ შემოსულა სახალხო დამცველის ოფისში. რამე საგანგაშო რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გავიგებდით, რადგანაც ჩვენთან მოქმედებს ეთნიკური უმცირესობების საბჭო.“

სოფო ხორგუანის თქმით, ეთნიკური უმცირესობების საბჭოში ასევე შედიან ეთნიკური რუსები, რომელთა წარმომადგენლები 29 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები - საქართველოს“ ოფისში შეიკრიბნენ და საკუთარი ყოფის შესახებ ინფორმაცია რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ტელეხიდის საშუალებით მიაწოდეს. თბილისის სტუდიაში იმყოფება ლუდმილა არტემოვაც, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი.

[ლუდმილა არტემევას ხმა] „ჩვენ აქ უბრალოდ ვცხოვრობთ და ვცხოვრობთ ისე, როგორც ყველა - როგორც ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. აგვისტოს საშინელი მოვლენების დროს აგარაკზე, შვილიშვილებთან ვიმყოფებოდი, როცა მეზობლის სახლი კოდორის ხეობიდან დევნილი ნათესავებით აივსო. არც მათგან და არც სხვა ვინმესგან არ მიგრძვნია, რომ მტრულად განწყობილი ერის შვილი ვარ. საქართველოში ვცხოვრობ ისევე, როგორც მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი.“

ტელეხიდის მსვლელობისას გაირკვა, რომ ომის შემდეგ არც რუსეთში აგორებულა ქსენოფობიის მძლავრი ტალღა, ისეთი, როგორიც ორი წლის წინ, საქართველოში რუსი მზვერავების დაპატიმრებასა და გაძევებას მოჰყვა. ამ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ადასტურებს:

[მიხეილ ხუბუტიას ხმა] „მინდა დავარწმუნო საქართველოში მცხოვრები ყველა ქართველი, რომ რუსეთში თითოეულ ქართველს სულს უბერავენ. ეს ნამდვილად ასეა და მათ არავინ აწუხებს.“

თუმცა მიხეილ ხუბუტიას არაფერი უთქვამს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდაზე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ფაშისტურ რეჟიმად წარმოაჩენს. ალექსანდრე ებანოიძე, რედაქტორი მოსკოვში გამომავალი ლიტერატურული ჟურნალისა „დრუჟბა ნაროდოვ“, პროპაგანდის სიცრუეში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც საქართველო მოიარა:

[ალექსანდრე ებანოიძის ხმა] „ათი დღე ვიყავი საქართველოში. უნდა გითხრათ, რომ რუსულ მედიაში დამკვიდრებული ფრაზეოლოგიზმი „მიხეილ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი“ სრული უაზრობა და შეუსაბამობაა, თუნდაც იმიტომ, რომ ათი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს იგი ტელეეკრანზე. გარდა ამისა, საქართველოში საკმაოდ ძლიერი და შეუზღუდავია ოპოზიცია, რომელიც თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ტელევიზიისა და პრესის საშუალებით. გარწმუნებთ, არასოდეს ვყოფილვარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ის, რასაც რუსული საინფორმაციო გარემო გვთავაზობს, გაზვიადება კი არა, დამახინჯებაა.“

ალექსანდრე ებანოიძის თბილისელი კოლეგა ვლადიმირ გოლოვინი კი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ასე ღრმა კრიზისში არასოდეს ყოფილა. გაზეთ „გოლოვინსკი პროსპეკტის“ რედაქტორი მიიჩნევს, რომ ჩიხური ვითარების დაძლევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება:

[ვლადიმირ გოლოვინის ხმა] „შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ დიალოგი თუ გვაპოვნინებს. საჭიროა დიალოგი ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის, სხვანაირად ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ძალადობით ვერაფერს გადავწყვეტთ.

ძალადობით რომ არაფერი გამოვა, ამაში დარწმუნებულია ალა ბეჟენცევაც, საქართველოში რუს ქალთა კავშირის თავმჯდომარე, რომელსაც ქართველი და რუსი ერების მეგობრობაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მთავრობისგან ღირსების ორდენი, ხოლო რუსეთის მთავრობისგან ეკატერინე დიდის ორდენი აქვს მიღებული:

[ალა ბეჟენცევას ხმა] „მე შერეული ოჯახიდან ვარ. მამა რუსი მყავს, ხოლო დედა ქართველი, მესხიშვილის ქალია. აი, ასეთი ოჯახის შვილი ვარ და როცა ომის წინააღმდეგ გამოვდივარ, ამაში გასაკვირი არაფერია. როგორ მოვიქცე: ერთი ხელი იქით, ერთი - აქეთ, შუაზე გავიხლიჩო? არა, მე მშვიდობა მინდა!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG