Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 762-ე გამოშვება

წამყვანი:
დღეს გამოვეხმაურებით ორ წლისთავს. ერთი მათგანი - გენოციდის შესახებ გაეროს კონვენციის მიღების მე 60-ე წლისთავია, ძალადობის პრობლემაზე მოგვიწევს საუბარი სიუჟეტშიც, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას შეეხება. დაბოლოს, შევეცდებით გავერკვეთ, რატომ უპირისპირდება პედაგოგთა პროფკავშირი - განათლების სამინისტროს. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]
რა პრობლემებია საქართველოს სამშენებლო ბიზნესის დაფინანსების სფეროში

წამყვანი:
თავდაპირველად - ბიზნესზე ვილაპარაკებთ, სამშენებლო ბიზნესზე, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში სერიოზულ კრიზისს განიცდის. შემცირდა როგორც გაყიდვების რაოდენობა ასევე საკრედიტო რესურსები. ბევრი სამშენებლო კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებს და დახურვის პირასაა მისული. ოპოზიციის ლიდერთა აზრით ამას ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკაც. ოპოზიციის წარმომადგენლები სამშენებლო ბიზნესის დახმარებას მოითხოვენ და ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ამ სფეროში 100 ათას მოქალაქეზე მეტია დასაქმებული. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

[კახა მჭედლიძის სიუჟეტი: იხ. აუდივერსია]

“დავიწყებული გენოციდები”

წამყვანი:
რამდენიმე დღის წინ 60 წელი შესრულდა გენოციდის შესახებ გაეროს კონვენციის მიღებიდან. ამ კონვენციას ხელი მოაწერეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წლის 9 დეკემბერს - ერთი დღით ადრე, ვიდრე გაფორმდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

გენოციდის ხსენებისას, ჩვეულებრივ, მეორე მსოფლიო ომი - ნაცისტური რეჟიმის მიერ ებრაელების მიზანმიმართული განადგურება გვახსენდება ხოლმე. ცნობილია ისიც, რომ არის ხალხი, ვინც ებრაელთა გენოციდს (ჰოლოკოსტს) მითად მიიჩნევს. მწვავე დავას იწვევს ცნება “გენოციდის” გამოყენება სხვა შემთხვევებიც. ეს ეხება, მაგალითად, სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

მაგრამ დავას იწვევს იმ ტრაგიკული მოვლენების შეფასებაც, რომლებმაც საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე, მის სხვადასხვა კუთხეში შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ეს ტრაგედიები ახლდა იძულებით კოლექტივიზაციას, ეთნიკური ნიშნით დეპორტაციას - პოლიტიკას, რომელიც ხშირად იყო მიმართული კონკრეტული ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ არის, რომ ზოგი “დავიწყებულ გენოციდებზე” ლაპარაკობს...

[მუსიკა]
ტატიანა ნევადოვსკაია მოზარდი იყო, როცა გასული საუკუნის 30-ანი წლების დასაწყისში ყაზახეთში შიმშილობის მოწმე აღმოჩნდა. მას ბევრი ფაქტი აქვს დოკუმენტირებული, მათ შორის (19 წლის ასაკში) შემთხვევითი შეხვედრა ყაზახ მამაკაცთან, რომელიც სიკვდილის პირას იყო მისული.

[ნაწყვეტი ნევადოვკსაიას მოგონებებიდან] “1933 წლის ადრეული გაზაფხული იყო. სპეციალისტებიდან რომელიღაცასთან ერთად გზას მივუყვებოდი, ფოტოაპარატი თან მქონდა. გზაზე გალეული, ღონეგამოცლილი ყაზახი დავინახეთ. ძლივს მოლასლასებდა საველე სამუშაოებიდან - დაუძლურებული იყო, კვნესოდა, სასმელს და საჭმელს ითხოვდა. ფოტოაპარატი ჩემს თანამგზავრს მივეცი და წყლის მოსატანად გავიქეცი. ის დახარბებული დაეწაფა წყალს. ვერ შევამჩნიე, როგორ გადამიღო სურათი ჩემმა ამხანაგმა. მერე ისევ სახლში გავიქეცი, რომ პური და შაქრის ნატეხი მომეტანა. მასთან პურით რომ მივედი - უკვე მომკვდარიყო”...

ამ ამბიდან 50 წლის შემდეგ, ნევადოვსკაიამ ყაზახეთის ცენტრალურ არქივს გადასცა თავისი მოგონებები ფოტოსურათებითურთ - დოკუმენტები, რომლებიც მისივე თქმით “საშინელ, მშიერ წლებს ასახავს”. ეს ის წლებია, როცა 1,5 მილიონამდე ყაზახის სიცოცხლე შეიწირა შიმშილობამ. ეს იყო ხელოვნურად მოწყობილი კატასტროფა, რომლის საბჭოთა ორგანიზატორებიც ტრადიციულად მომთაბარე ყაზახებს აიძულებდნენ, დასახლებულიყვნენ, ართმევდნენ მათ საქონელს, რითაც, ფაქტობრივად, საკვების გარეშე ტოვებდნენ.

მას შემდეგ 70 წელიწადზე მეტია გასული, საბჭოთა კავშირი, მოგეხსენებათ, დაიშალა. ყაზახეთში კი დღემდე არ არსებობს ძეგლი შიმშილობის ასიათასობით მსხვერპლის ხსოვნის პატვისაცემად. მონიშნულია ადგილი, სადაც მომავალში უნდა აღიმართოს მონუმენტი...

ყაზახი ისტორიკოსი ტალას ომარბეკოვი, შიმშილობის შესახებ ცნობილი გამოკვლევების ავტორი, ყაზახეთის მთავრობას ადანაშაულებს წარსულის დღემდე მიჩუმათებაში - მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. [ომარბეკოვის ხმა] “ამჟამინდელ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ შიმშილობის საკითხის ღიად დატოვება სახიფათოა. რადგან, რომ შეძლო კიდეც მასზე გაჩუმება, შემდეგი თაობა ისევ წამოჭრის ამ საკითხს და დაიწყება მისი სწავლება. დასვამენ შეკითხვას: რატომ ამბობდა მაშინდელი ხელისუფლება უარს ამ საკითხის განხილვაზე? მიუხედავად იმისა, რომ ხელთ ჰქონდათ ფაქტები და დოკუმენტები, მიუხედავად ჩატარებული გამოკვლევისა, მიუხედავად საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიისა? შიმშილობა მაშინ, ნაწილობრივ, რუსეთის შიშმა გამოიწვია. რუსეთის შიში ახლა კარგს არაფერს მოგვიტანს”.

[მუსიკა]
ყაზახეთისაგან განსხვავებით, 30-ან წლებში უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობენ. გასულ თვეში, როცა უკრაინამ იძულებითი შიმშილობის, “ჰოლოდომორის” 75-ე წლისთავი აღნიშნა, 30-ანი წლების ამბებზე, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს პრესა წერდა. რომის პაპმა უკრაინულ ენაზე აღავლინა სამშვიდობო ლოცვა ვატიკანში, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ კიევში გახსნა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის პარკი ცერემონიაზე, რომელსაც მასთან ერთად პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და საქართველოს პრეზიდენტები, სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჰოლოდომორზე ლაპარაკი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 80-ანი წლების დასაწყისში გააქტიურდა - უცხოეთში, რაც უკრაინელი ემიგრანტების ძალისხმევის შედეგი იყო. მაგრამ წლები დასჭირდა, ვიდრე თვით უკრაინაში შეიტყობდა მოსახლეობა ჰოლოდომართან დაკავშირებული ფაქტების შესახებ, გააცნობიერებდა, რომ შიმშილობა საბჭოთა ხელისუფლებაში დაიგეგმა.
[ომარბეკოვის ხმა] “ჯერ კიდევ 1998 წელს, 10 წლის წინ, უკრაინელების მხოლოდ 40 პროცენტს სჯეროდა, რომ შიმშილობის კატასტროფა მართლაც მოხდა და ის იყო გენოციდი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1991 წელს უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იყო შიმშილობაზე ინფორმაციის გავრცელების მცდელობები. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ჩანაწერები შიმშილობის შესახებ, ისინი ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ჩემი აზრით, უკრაინის ხელსიუფლებამ - პრეზიდენტ იუშჩენკოს ხელმძღვანელობით - ბევრი გააკეთა ამ თემაზე ინფორმაციის გასავრცელებლად, საიმისოდ, რომ ხალხმა ეს იცოდეს, რათა ისტორია აღარასოდეს განმეორდეს”, - ამბობს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინული განყოფილების დირექტორი, მარტა კოლომაეცი.

დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჰოლოდომორს - ლაპარაკია 3-დან 10 მილიონამდე დაღუპულზე, რაც, აშკარად, ძალიან შორსაა ზუსტი მაჩვენებლისაგან. მაგრამ, თუნდაც 3 მილიონი ცხადჰყოფს შიმშილობის საზარელ მასშტაბს.

კიდევ უარესია 30-ანი წლების შიმშილობის მსხვერპლის - მთელი საბჭოთა მასშტაბით - ამსახველი სავარაუდო სტატისტიკა: 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა იძულებითი კოლექტივიზაციის პოლიტიკამ, გაანადგურა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არა მარტო უკრაინასა და ყაზახეთში, არამედ შუა აზიის ზოგ სხვა რეგიონშიც, ისევე როგორც ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ამას ემატება 30-ანი წლების სტალინისტური რეპრესიების და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეპორტაციების - ჩეჩნების, ყირიმელი თათრების, ინგუშების, ბალყარების, მაჰმადიანი მესხების იძულებით გადასახლების - მილიონობით მსხვერპლი.

სტატისტიკა არაერთგვაროვანია, მაგრამ ისტორიკოსების ნაწილის შეფასებით, გასული საუკუნის 50-ანი წლებისთვის საბჭოთა კავშირში 50 მილიონს აღწევდა საბჭოური კოლექტივიზაციისა და დეპორტაციის მსხვერპლთა რიცხვი. დოკუმენტები, რომელთაც ეს შეფასება ეფუძნება, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ისტორიკოსებსა და ჟურნალისტებს არქივების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან, კვლავინდებურად დახურული რჩება ორი უაღრესად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, მთავარი არქივი: ერთი უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის, მეორე კრემლს. მათს გარეშე კი შეუძლებელია სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის ჩატარება კოლექტივიზაციასთან, დეპორტაციასთან, ან სხვა საბჭოთა კამპანიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ საბჭოთა კავშირის ხელისუფალთ.

არადა, მიზანი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, როცა საქმე ცნება “გენოციდს” ეხება. გაეროს კონვენციაში გენოციდის განსაზღვრისას, ის მოხსენიებულია ქმედებად, რომლის მიზანიცაა ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება.
სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვაობა სუფევს იმის გარშემო, ესადაგება თუ არა ცნება გენოციდი იმას, რაც საბჭოთა პერიოდში მოხდა უკრაინასა და ზოგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

ბრიტანელი მკვლევარი რიჩარდ კონკვესტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავი ავარიდოთ ცნება გენოციდს: [კონკვესტის ხმა] “არა მგონია სიტყვა “გენოციდი” ძალიან გამოსადეგი იყოს. თუ სურვილი გაქვს, შეიძლება გამოყენება, მაგრამ ის, პრინციპში, განსხვავებული მიზნით შემოიღეს. სირთულეს ვხედავ იმაში, რომ გენოციდის ცნება გულისხმობს, რომ გენოციდი ჩაიდინა ვიღაცამ, სხვა ერმა, ან მისმა დიდმა ნაწილმა: მეტ-ნაკლებად იგულისხმებიან ნაცისტები, ისინი გერმანელები იყვნენ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში არა მგონია, ასე იყოს: ეს არ არის რუსების გაკეთებული - უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესია. ამ დროს, იყო აშკარა აგრესია უკრაინელების წინააღმდეგ, დისკრიმინაცია სასიკვდილო შედეგით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ რუსი იყავი, დალხენილად ცხოვრობდი სტალინის ეპოქაში”.

ბრიტანელი რიჩარდ კონკვესტის მითითებას, რომ სტალინის ეპოქაში არც რუსები იყვნენ დალხენილი, ეთანხმება კანადაში მოღვაწე ისტორიკოსი, სტალინიზმის დანაშაულთა მკვლევარი ლინ ვაიოლა, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს რუსებსა და დანარჩენებს შორის სხვაობაზე:

[ვაიოლას ხმა] “შიმშილობის ეს მთელი თემა მთლიანად პოლიტიზებულია. რუსეთის მხარის საპასუხო რეაქცია ასეთია - “ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? ჩვენ რა, არ დავზარალდითო?” კი, რასაკვირველია, რუსები დაზარალდნენ, მაგრამ თუ მარტო სტატისტიკას შევხედავთ, ზოგი ჯგუფი სხვებზე მეტად არის დაზარალებული. და ამ ეროვნებებს მეტი პრობლემა ჰქონდათ, ვიდრე შიმშილობა იყო. ეს შესაძლოა, საშინლად ჟღერდეს, მაგრამ საქმე შესაძლოა, გენოციდზე უფრო დიდი დანაშაულთან გვქონდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე კოლონიალურ ურთიერთობას ეხება - მოსკოვსა და ბევრ ამ რესპუბლიკას შორის”.

მაშინ, როცა სამეცნიერო წრეებში გენოციდის ცნებაზე და სტალინიზმის ეპოქაში მომხდარის შეფასებაზე დავობენ, უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად ცნო - ყაზახეთში ასეთი ნაბიჯი მართალია, არ გადაუდგამთ, მაგრამ ბევრი ყაზახი “ჩვენს განოციდად” მოიხსენიებს 30-ანი წლების შიმშილობას.

და კიდევ ერთი გენოციდის შესახებ... მიმდინარე თვეში საგანგებო ტრიბუნალზე იწყება კამპუჩიაში გენოციდზე პასუხისმგებელი პირების გასამართლება. წითელი ხმერების კომუნისტურმა რეჟიმმა 1975-79 წლებში (სხვათა შორის, იძულებითი კოლექტივიზაციის მსვლელობაში) სიცოცხლეს გამოასალმა 2 მილიონამდე ადამიანი.

სამწუხაროა, მაგრამ გენოციდის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს არც 60 წელიწადში მას შემდეგ, რაც გაერომ მიიღო კონვენცია “გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯადობის შესახებ”.
[მუსიკა]

მეათე სტუდია, 12 დეკემბერი

წამყვანი:
10 დეკემბერს დასრულდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან აღინიშნება.
კამპანია, გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით, დაიწყო ქალის მიმართ ძალადობის მსოფლიო დღეს, 26 ნოემბერს, და დასრულდა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს - დასრულდა მიღებით, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა და რომელსაც ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია, დაესწრო.

გიორგი გვახარია:
26 ნოემბერს დაწყებული მარათონის დასრულება 10 დეკემბერს, ე.ი. ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, სიმბოლურია..ამით მთავარი ითქვა: ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადად, ადამიანის დაცვის იდეას უკავშირდება. ვიღაცას შეიძლება გაეღიმოს და ძველი ანეგდოტი გაახსენდეს - ”ქალიც ადამიანია?”

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ქალი საქართველოში კვლავაც ”სუსტ სქესად”, ე.ი. რაღაც მეორადად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ქალთა უფლებების დამცველები საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ასეა და კონკრეტულ მაგალითებს ასახელებენ - ქალთა ორგანიზაციებს ხომ ცოცხალ ადამიანებთან აქვთ კონტაქტი - ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, რომლებიც მათ დახმარებისთვის აკითხავენ ხოლმე.

10 დეკემბერს ”ქარვასლაში” სწორედ ქალთა უფლებების დამცველებმა მოიყარეს თავი...იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, პარლამენტარებიც... საქართველოს ხელისუფლება ამაყობს კიდეც იმით, რომ ქვეყანაში ბევრი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ქალთა უფლებების დამცველი თამარ საბედაშვილი შეგვახსენებს, რომ 2006 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელმაც ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო მუშაობა:

[თამარ საბედაშვილის ხმა] ”პატრული უფრო აქტიურად მუშაობს... მიდის და აშველებს მხარეებს... დამცავი ორდერი ნაკლებად მოქმედებს, რადგან დამცავი ორდერის არსი ისაა, რომ მსხვერპლი თავად მიმართავს სასამართლოს თხოვნით, დაიცვას.”

მაგრამ კანონის სრული ამოქმედება, თამარ საბედაშვილის თქმით, ჯერ ვერ ხერხდება:

[თამარ საბედაშვილის ხმა] ”უნდა დაფინანსებულიყო 2008 წლის პირველი იანვრიდან თავშესაფრები... შენობების, კრიზისული ცენტრების, ცხელი ხაზების დაფინანსება სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. მაგრამ არ მოხდა. ამ ეტაპზე ქალთა თავშესაფრებს ქალთა ორგანიზაციები აფინანსებენ. ისინი თბილისშია.”(სტილი დაცულია)

საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ ასეთი თავშესაფრები არსებობს. თამარ საბედაშვილის თქმით, ბევრს საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა. ორ ახლობელ ადამიანს შორის კონფლიქტი ბუნებრივია, ადამიანურია. მაგრამ ”ოჯახური ძალადობა” არაა, უბრალოდ, კონფლიქტი. მას თავისი ფაზები, თავისი სიმპტომატიკა აქვს. მოძალადე გაცნობიერებულად ცდილობს, რომ მსხვერპლი არ დაკარგოს. ძალადობას ხშირად მოჰყვება თაფლობის თვე, შერიგება. ცოტა ხანში კი ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. და გაგრძელდება მუდმივად, სანამ ორი ადამიანის ურთიერთობაში თანასწორობის იდეა არ იქნება მთავარი. თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ ქალის მიმართ ძალადობა არ განასხვავებს არც კლასებს, არც ეთნიკურ წარმომავლობას, ეკონომიკურ მდგომარეობას - ესაა ძალაუფლების გადანაწილების პატრიარქალური პრობლემა:

[თამარ საბედაშვილის ხმა] ”მაინც პატრიარქალურია, რადგან ერთს ჰგონია, რომ თავისი სექსუალურობის, გენდერული იდენტურობის გამო შეუძლია დასაჯოს მეორე..”

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევაში, ქალია, მოძალადე კი მამაკაცი, მაგრამ, თამარ საბედაშვილის თქმით, მოძალადე შეიძლება იყოს ქალი მეორე ქალის მიმართ. მით უმეტეს, ისეთ კულტურულ სივრცეში, სადაც რძალ-დედამთილის ურთიერთობა პრობლემატურია, მაგალითად, საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ბევრია ე.წ. ”გაფართოებული ოჯახი”, სადაც ახალგაზრდები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ:

[თამარ საბედაშვილის ხმა] ”მიიჩნევა, რომ კერძო პრობლემაა და ოჯახში უნდა მოგვარდეს. ამას ემსახურება ეს კამპანია სწორედ, რომ ეს უნდა გახდეს პრობლემა საზოგადოებისთვის..ეს არაა მხოლოდ ქალის და ოჯახის პრობლემა - ეს სოციალური საკითხია, იმიტომ რომ, თუ ადამიანის ცემა-ტყეპა ქუჩაში ითვლება დანაშაულად, იგივე ტიპის დანაშაულია სახლის კედლებში... მერე რა, რომ ოჯახია? ეს არ ამართლებს იმას, რომ შენ ადამიანი აწამო და ტანჯო.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ქალის მიმართ ძალადობასთან არანაირ კავშირში არაა ეკონომიური გაჭირვება. ყოველ შემთხვევაში, სოციალური პრობლემები არაა განმსაზღვრელი. არც ბიოლოგიური - მოძველდა მოსაზრება, თითქოს ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრა ლამის ბუნების კანონია (თითქოს ბუნებაშიც ასეა - ფიზიკურად ძლიერი ჩაგრავს სუსტს) და, რაც მთავარია, ქალთა უფლებების დამცველებისთვის სრულიად მიუღებელია აზრი, თითქოს უწინ ქალის მიმართ ძალადობას საქართველოში ადგილი არ ჰქონდა და დაიწყო მხოლოდ ახლა - თუნდაც ტელევიზორში ნაჩვენები ფილმების გავლენით (დიახ, ასეთი მოსაზრებაცაა გავრცელებული). ის ადამიანები, რომლებმაც ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ორკვირეულში მიიღეს მონაწილეობა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ქალის მიმართ ძალადობა, პირველ რიგში, კულტურის პრობლემაა. ამიტომ მასთან ბრძოლა ჩვენი კულტურის ახლებურ გააზრებასაც მოითხოვს.

გიორგი გვახარია, რადიო “თავისუფლება”, თბილისი

[მუსიკა]
პედაგოგთა პროფკავშირი განათლების სამინისტროს უპირისპირდება

წამყვანი:
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსს, რომელიც ჯერ შემუშავების პროცესშია და რომელსაც განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ამზადებს, პედაგოგთა და მეცნიერთა გაერთიანებული პროფკავშირი იმ მოტივით უპირისპირდება, რომ ეთიკის კოდექსს ნორმატიული აქტის ძალა ექნება და მასწავლებელთა დასჯის კიდევ ერთ იარაღად იქცევა. პროფკავშირი 30 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს და მოითხოვს ეთიკის კოდექსი არ იქცეს ნორმატიულ აქტად და ის განათლების სამინისტროს ნაცვლად მასწავლებელთა გაერთიანებებმა მოამზადონ. ეკა ქევანიშვილი მუშაობდა ამ თემაზე.

[ეკა ქევანიშვილის სიუჟეტი: იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG