Accessibility links

მოსკოვიდან დაბრუნებული ქართული დელეგაცია რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო სივრცის გახსნაზე საუბრობს


კავკასიის კონფლიქტის შედეგების დაძლევის მიზნით შექმნილი ერთობლივი საზოგადოებრივი კომისია რუსეთის

საზოგადოებრივ პალატასთან შეხვედრის შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვიზიტი პატრიარქის გაკვალული გზის გაგრძელება და აგვისტოს ომის შემდგომ ქართულ-რუსული დიალოგის დასაწყისია.
რა შედეგებით დაბრუნდა საქართველოში ქართული საზოგადოების ეს ნაწილი?
მოსკოვში მიმავალმა ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ვიზები სომხეთში აიღო და ბელორუსიის დედაქალაქის, მინსკის, გავლით ჩაფრინდა რუსეთში. კავკასიის კონფლიქტის შედეგების დაძლევის მიზნით შექმნილი ერთობლივი საზოგადოებრივი კომისიის ხელმძღვანელი, მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” მფლობელი მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ 15-19 დეკემბრის ვიზიტის შედეგი ორ ქვეყანას შორის, სულ ცოტა, საჰაერო სივრცის გახსნა იქნება.
ქართულ დელეგაციაში, მალხაზ გულაშვილის გარდა, შედიოდნენ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლინი, ”სვაბოდნაია გრუზიას” გამომცემელი და რედაქტორი ტატო ლასხიშვილი, ქართული აკადემიის წევრი, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელძღვანელი, მეუფე პეტრე ჭყონდიდელი.

შეხვედრა მოსკოვში რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ერთ-ერთი წევრის - მაქსიმ შევჩენკოს - ინიციატივით შედგა. შეხვედრები გაიმართა კავკასიის ხალხთა კონგრესშიც, სადაც ქართული დელეგაცია აფხაზებსა და ოსებს შეხვდა.
მალხაზ გულაშვილი ვიზიტის ძირითად მიზნებს ასახელებს:
[მალხაზ გულაშვილი] ”პირველი ის იყო, რომ რუსეთის საზოგადოებისთვის განგვემარტა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რუსეთის საზოგადოებასთან დიალოგი სურთ, რათა მათ უკეთესად გაათვითცნობიერონ, თუ როგორ აფასებს ქართული საზოგადოება აგვისტოს მოვლენებს.
ჩვენ ასევე გვსურს შეიქმნას სპეციალური კომისიები სხვადასხვა მიმართულებით: კულტურის, საინფორმაციო სფეროში, ეკონომიკური, საზოგადოებრივი პროექტების კომისიები.”(სტილი დაცულია)

გულაშვილის თქმით, დიალოგის სურვილი რუსებისგანაც აშკარა იყო.
მაინც რა ჩამოიტანა ქართულმა დელეგაციამ, კეთილგანწყობის გარდა, სამშობლოში? კომისიის კიდევ ერთი წევრი, მამუკა არეშიძე, გვეუბნება:

[მამუკა არეშიძე] ”ჯერჯერობით შედეგი ასეთი ფორმის არის: პირველი ის, რომ საკმაოდ მყარი გარანტიები მივიღეთ, რომ საჰაერო მიმოსვლა იანვრის მეორე ნახევარში აღდგება. ასეთივე მყარი გარანტია მივიღეთ უგზ-უკვლოდ დაკარგულების მოძიების დახმარების საქმეში. საუბარია საპოლიციო მანქანა ”კობრის” ეკიპაჟზე - ექვს ადამიანზე, რომლებიც ვიცით, რომ არ დაღუპულან ბრძოლაში და ტყვეობაში იყვნენ 10-12 აგვისტომდე. ჩვენ შევხვდით როგორც სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილეს, ისე გენშტაბის წარმომადგენლობასაც, რომლებიც ამ საქმით უშუალოდ დაკავდნენ. გაიგზავნა კონკრეტული პიროვნება როსტოვში, იქიდან ის გაემგზავრა ვლადიკავკაზში და მიცემული აქვს ერთკვირიანი ვადა, რომ ზუსტი პასუხი შეგვატყობინოს.” (სტილი დაცულია)
არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს შედეგები ორივე ქვეყნის ხელისუფლებებისათვის, რომელთაც დღეს დიპლომატიური ურთიერთობა პრაქტიკულად არა აქვთ, შესაძლოა, კულუარული მუშაობის საგანი მაინც გახდეს. გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა: რამდენად რეალური შეიძლება იყოს ზემოთ ნახსენები შედეგები მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებში საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და არა ხელისუფლება. არეშიძის პასუხი ამ კითხვაზე ასეთია:

[მამუკა არეშიძე] ”რუსეთის საზოგადოებრივი პალატა თავის მთავრობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია და ამ შეხვედრების დროსაც, რასაკვირველია, მის უკან მთავრობა იდგა, შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ, მიღების დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასე იყო.”

გოგი ქავთარაძე ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთ დაკვირვებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[გოგი ქავთარაძე] ”ეტყობა, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია ჩვენზე და ყველაფერი უფრო მუქ ფერებში აქვთ წარმოდგენილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია.”

ახლად შექმნილი კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ რუსულ საზოგადოებაში აგრესიის გაჩენა არასწორმა საინფორმაციო პოლიტიკამაც გამოიწვია. ტატო ლასხიშვილი ამბობს:

[ტატო ლასხიშვილი] ”ამ კრიტიკულ სიტუაციამდე რომ მივედით, ამის მიზეზი დიალოგის არარსებობა იყო. დიალოგის აღდგენა კი საინფორმაციო პოლიტიკის გარეშე არის წარმოუდგენელი და მოსკოვშიც ყველანი დაგვეთანხმნენ, რომ საზოგადოებრივმა აზრმა უნდა შეძლოს ჩინოვნიკების მოქმედებების კორექტირება.”

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ დიალოგისკენ ნაბიჯები გადადგა - ახლა საჭიროა პოლიტიკური ნება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. უახლოესი სამოქმედო გეგმა კი, გულაშვილის თქმით, ასეთია:

[მალხაზ გულაშვილი] ”შემდეგი ნაბიჯი არის რუსული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. 23-ში ჩამოდიან ნიკოლაი სვანიძე, რომელიც ჩვენი კომისიის წევრია, და შვიდკოი, ხოლო შემდეგ, იანვრის მეორე ნახევარში, იგეგმება, შევჩენკოს ხელმძღვანელობით, კომისიის ფართომასშტაბიანი შემადგენლობის ჩამოსვლა.

ეს შეხვედრები გაარკვევს, თბილისიდან მოსკოვში მიმავალ ადამიანებს კვლავ მოუწევთ თუ არა იმ გრძელი გზის გავლა, რომელიც ქართულმა დელეგაციამ გაიარა და გახდება თუ არა შესაძლებელი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარს დაუბრუნდეს.







XS
SM
MD
LG