Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის გარშემო უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება გრძელდება


დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წარმომადგენლები გაზის გარშემო რუსეთ-უკრაინის დავაზე მოსალაპარაკებლად.

მიზეზი მარტივია: დავის შედეგად თვით ევროკავშირიც ზარალდება. მისი წევრების რიგს, რომელთაც რუსეთიდან მომარაგება შეუმცირდათ - პოლონეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და უნგრეთს - ამასობაში, კიდევ ორი დაემატა: კვიპროსი და ჩეხეთის რესპუბლიკა. ეს უკანასკნელი 1 იანვარს გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, ჩეხეთის მთავრობის წევრიც შედის ევროკავშირის დელეგაციაში, რომელმაც დღეს კიევს მიაშურა...

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას ევროკავშირის ზოგი წევრისთვის გაზის მიწოდების შემცირების გამო. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა, რომელზეც გაზის ტრანზიტი ხორციელდება, ითვისებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის განკუთვნილ გაზს. უკრაინა კი ბრალდებას უარყოფს და თავის მხრივ ირწმუნება, რომ რუსეთის კომპანია “გაზპრომი” საკმარის გაზს არ აწვდის ევროკავშირს.

გაზპრომმა 1 იანვარს შეწყვიტა უკრაინის მომარაგება, რომელსაც ვალის გადაუხდელობაში ადანაშაულებს. [კუპრიანოვის ხმა] “უკრაინას სრული მოცულობით არ გაუსტუმრებია ვალი 2008 წელს მიღებული გაზისთვის და ის, მოცემულ მომენტში, შეადგენს 614 მილიონ დოლარს”, განაცხადა გუშინ “გაზპრომის” პრეს-მდივანმა სერგეი კუპრიანოვმა. გუშინვე გაკეთდა განცხადება, რომ გაზპრომი გაძვირებულ ფასში - 1000 კუბურ მეტრში 450 დოლარად სთავაზობს გაზს უკრაინას მაშინ, როცა შარშან 179,5 დოლარად აწვდიდა...

და ინფორმაცია, რომელიც დღეს საღამოს გავრცელდა: რუსეთი ამცირებს ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობას უკრაინის გავლით 65 მილიონი კუბური მეტრით, რამდენსაც, როგორც მოსკოვი ირწმუნება, უკრაინა იპარავს ევროკავშირში რუსეთის კლიენტებისთვის განკუთვნილმოცულობიდან. შესაბამისი გეგმა “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა წარუდგინა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და მისგან მხარდაჭერა მიიღო. ალექსეი მილერის თქმით, უკრაინაზე ტრანზიტის შეკვეცის ასანაზღაურებლად, იმატებს ტრანზიტის მოცულობა ბელორუსიის გავლით, აგრეთვე შავ ზღვავზე გამავალი გაზსადენის, “ცისფერი ნაკადის” მეშვეობით.

რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, დღეს დადასტურდა, რომ ის უარს ამბობს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში შუამავლობაზე. ევროკომისიის პრეს-მდივანმა ენერგეტიკის საკითხებში ფერან ტარადეიასმა დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას “ორმხრივი ურთიერთობის საკითხად” მოიხსენია უკრაინა-რუსეთის დავა: [ტარადეიასის ხმა] “ეს არის უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი. ამიტომ ევროკომისია გამოდის მოწოდებით, ორ ქვეყანას შორის სასწრაფოდ მოგვარდეს ეს სავაჭრო უთანხმოება და სასწრაფოდ განახლდეს რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროკავშირის მომარაგება”.

ევროკომისიის პრეს-მდივანს არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი მოსკოვისა და კიევის ურთიერთბრალდებებზე - შესაბამისად, არ გამოუთქვამს ბრალდება არც მომმარაგებლის, ანუ რუსეთის და არც სატრანზიტო ქვეყნის, ანუ უკრაინის მისამართით: [ტარადეიასის ხმა] “ჩვენი დასკვნა, ჩვეულებრივ, ემყარება მონაცემებს, რომლებსაც უკრაინის მილსადენების ბოლოს გაზის წნევის გაზომვით ვიღებთ. და ის, თუ რატომ მოდის ან არ მოდის გაზი - რუსებისა და უკრაინელების გადასაწყვეტია”.

ამასთან, ევროკომისიის პრესმდივანმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გაზით ევროკავშირის მომარაგებაზე უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, გავლენას ახდენს პრობლემები რუსეთსა და სატრანზიტო ქვეყნებს შორის და ევროკავშირი აპირებს განახორციელოს გეგმა, რომელიც ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს: [ტარადეიასის ხმა] “მომარაგების მარშრუტების, მომარაგების წყაროებისა და ჩვენი მომმარაგებელი ქვეყნების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია არის ევროპის კომისიის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზანი”.

უკრაინა-რუსეთის დავასთან დაკავშირებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საჭიროებაზე ამ დღეებში მიუთითა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ვიცე-პრემიერმაც - ალექსანდრ ვონდრამ, რომელიც შაბათს პრაღაში შეხვდა “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ალექსანდრ მედვედევს. ვონდრას განცხადებით, [ვონდრას ხმა] “ევროპის კავშირს - ჩეხეთის რესპუბლიკის ჩათვლით - აქვს ბერკეტები, უზრუნველყოს გაზით ევროპის გრძელვადიანი მომარაგება, თუ რუსეთი და უკრაინა ვერ შეძლებენ შეთანხმების მალე მიღწევას, ან თუ მათი უთანხმოებების მოწმე მომავალშიც გავხდებიათ. უკრაინის შემთხვევაში, ეს ნიშნავს მარშრუტების დივერსიფიკაციას: (დაგეგმილი გაზსადენების) ჩრდილოეთში - “ჩრდილოეთის ნაკადის”, სამხრეთში კი - “სამხრეთის ნაკადის” მეშვეობით. ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს ნიშნავს მომმარაგებლების დივერფისიკაციას - ევროპის ან თხევადი ბუნებრივი აირით მომარაგებით, ან კიდევ მომავალში სამხრეთის დერეფნის მეშვეობით შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან”, - განაცხადა ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა შაბათს პრაღაში, გაზპრომის წარმომადგენელთან, ალექსანდრ მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ. დღეს კი ალექსანდრ მედვედევი პარიზში გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირმა უფრო მკაცრ ზომებს მიმართოს კიევის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის შეუფერხებელი ტრანზიტი.

მოკლედ, დავა გრძელდება. განსხვავებით ორი წლის წინანდელი ასეთივე კრიზისისაგან, ამჯერად ევროკავშირის სახელმწიფოებსაც და უკრაინასაც, ექსპერტების შეფასებით, გაზის საკმარისი რეზერვები აქვთ რუსეთიდან მომარაგების გარეშე რამდენიმე კვირის გასაძლებად.

სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის დავა გაზის გარშემო სახელდება ერთ-ერთ მიზეზად, რომელიც ნავთობის გაძვირებას იწვევს. ერთი ბარელი ნავთობი დღეს 47 დოლარი ღირდა, რის კიდევ ერთ მიზეზადაც - ღაზის კრიზისს მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG