Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხის ალგორითმი


მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მრავალნაირად შეიძლება დახასიათდეს: ზოგისთვის იგი წარუმატებელია, ზოგისთვის – წარმატებული, ზოგისთვის – ზედაპირული,

ზოგისთვის – ეფექტიანი, ზოგისთვის – დეფექტური.

გასული წლის ბოლოს „ნიუ–იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა ელენ ბარის სტატია მიხეილ სააკაშვილზე. სტატიის მომზადების პროცესში პრეზიდენტს ჟურნალისტისთვის უთქვამს, მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავანგრევდიო. კითხვაზე – „როგორ?“ – სააკაშვილს უპასუხია: „ვიცი, როგორც, მაგრამ არ მინდა, მათ ეს ვასწავლო“.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენს სახელმწიფოში არც ერთხელ ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეცვლილა. იმავდროულად, არც ერთ ომს თუ რევოლუციას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რაც მთავარია, არ მოუტანია შანსი, ერთხელ მაინც ჩატარებულიყო სამართლიანი და კეთილსინდისიერი არჩევნები, რომ ქვეყნის განვითარება ნორმალურ კალაპოტში მოქცეულიყო.

როგორც წესი, საქართველოში არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლება უკონტროლოა, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში იწყება მოსახლეობის გადაბირების კამპანია, რომელშიც ჩართულია უზარმაზარი რესურსი და რომელიც, ამის გამო, ყოველთვის ხელისუფლების წარმატებით მთავრდება. საბოლოოდ, ჩნდება განცდა, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და იწყება ფიქრი მორიგ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე.

ამ ფიქრს განსაკუთრებულ ძალას ჰმატებს ზნეობის ნორმების ხშირი აბუჩად აგდება ხელისუფლების მხრიდან, რასაც სხვაგვარად ცინიზმი ჰქვია. ცინიზმი ბევრ ფაქტსა და მოვლენაში გამოსჭვივის, პირველ რიგში – ხელისუფლების მიერვე კონტროლირებადი მედიის მიმართ პრეტენზიებში: თქვენ რა ჟურნალისტები ხართ, სტანდარტს არ იცავთო; ცინიზმი ჟონავს, თუნდაც, იუმორისტული შოუებიდან, რომლებიც - განსაკუთრებით, „რუსთავი 2“–ის ეთერის მეშვეობით - ამკვიდრებენ აზრს, რომ, მაგალითდ, ვანო მერაბიშვილი ძალიან წარმატებული მინისტრია, რადგან თითოეულ ჩვენგანს უსმენს და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ.

განსაკუთრებით ცინიკური და ქედმაღლურია დამოკიდებულება თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ბედის მიმართ. 31 დეკემბერს ბათუმის „25–ე არხმა“ გადასცა სიუჟეტი, რომელიც შინაარსით შექსპირის ტრაგედიებს წააგავს. 18 წლის ირინა შარაძე 9 დეკემბერს ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს. საქმე ის იყო, რომ იგი 17 წლის ზურაბ ფუტკარაძეს ცოლად მშობლების ნებართვის გარეშე გაჰყვა. გათხოვებიდან მეორე დღეს დედამ გოგონა შინ წამოიყვანა და ფუტკარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. თუმცა ირინა შარაძე ორ დღეში მეუღლეს დაუბრუნდა, მასთან სამოქალაქო ქორწინება გააფორმა და თავდაპირველი ჩვენება შეცვალა. ამის გამო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო პროკურატურამ საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა. ამჟამად გოგონა ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება და მასთან რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან, სავარაუდოდ, ფეხმძიმედაა. 31 დეკემბერს მისმა მეუღლემ, ზურაბ ფუტკარაძემ, შიმშილობა დაიწყო. ირინას ოჯახმა სასამართლოში საპატრიარქოს მიერ გაცემული რეკომენდაციაც წარადგინა, მაგრამ გოგონას გირაოთი გათავისუფლებას მაინც ვერ მიაღწია.

ეს სამაგალითო შემთხვევა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმის შესახებ, რომ იუპიტერს ყველაფერი ეპატიება, ჩვეულებრივი მოქალაქეები კი მცირე შეცდომისთვისაც კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან. ერთ ღამეში წაგებული ომის, დაღუპული ადამიანების, დაკარგული ტერიტორიების, განადგურებული ინფრასტრუქტურის ფონზე პრეზიდენტს და მის გუნდს პასუხს ვერავინ სთხოვს, სამაგიეროდ, სახელმწიფო სთხოვს პასუხს ირინა შარაძეს ჩვენების შეცვლისთვის.

ცინიკურია პარლამენტის დამოკიდებულება სახალხო დამცველის მიმართ, როდესაც უარს ეუბნება მას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. თუმცა, წესით, ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს, მართავენ თუ არა ქვეყანას კრიმინალები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ, როგორ უნდა სცემონ უდანაშაულო მომიტინგეებს მუცლის და თირკმლის არეში. და კიდევ უფრო ცინიკურია, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უცხოეთში მიჰყავთ სამკურნალოდ, რადგან თირკმელი აქვს დაზიანებული.

ცინიზმის მწვერვალი მაინც ისაა, რომ ზემოთ აღწერილი ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნის მოგებით საუბრობს, როგორ დაამხობდა იგი თავისსავე ხელისუფლებას სამ თვეში, თუკი მოინდომებდა.

როდესაც ადამიანის უფლებებისა და ზნეობრივი ნორმების აბუჩად აგდება მართვის სტილი ხდება, საზოგადოების თუნდაც ერთ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის ბუნებრივად ჩნდება უფსკრული. საფრთხის ალგორითმიც ისაა, რომ სწორედ ეს უფსკრული ემუქრება სახელმწიფოს მორიგ ჩიხში შეყვანით.
XS
SM
MD
LG