Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მედია გაფიცვით იმუქრება - რა მოჰყვება საინფორმაციო ვაკუუმს?


მამუკა ღლონტი და დავით აქუბარდია "კავკასიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე
მამუკა ღლონტი და დავით აქუბარდია "კავკასიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე
ტელეკომპანიები ”კავკასია” და ”მაესტრო”, რომლებმაც 15 ივნისს, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დარბევის შემდეგ, პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტეს, კვლავ ეთერში არიან. ”მაესტროს” ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 16 ივნისს საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს ის ვიდეომასალა გადასცა, რაც ”მაესტროს” ჩამორთმეულ კამერაზე შემთხვევით გადარჩა და რომელიც მისი ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს. 16 ივნისის ქართულ პრესაში მედიის გარკვეული ნაწილის მიმართვა დაიბეჭდა, რომლითაც ისინი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ.

რა მოხდა 15 ივნისის საღამოს პოლიციის სამმართველოსთან, როგორ სცემა პოლიციამ ჟურნალისტებს და წაართვა კამერები ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, ეს მხოლოდ იქ მყოფმა ადამიანებმა ნახეს. ტელევიზიებით მხოლოდ რამდენიმეწამიანი მასალა გადაიცა. ჟურნალისტებს წართმეული აპარატურა მალევე დაუბრუნეს, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ მათი შეურაცხყოფისთვის ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ გადაღებული მასალა აღარავის უნახავს. მხოლოდ რამდენიმე ფოტოგრაფმა შეძლო მათი ნაწილის აღდგენა. პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიებს ”კავკასიასა” და ”მაესტროს” მაუწყებლობა 16 ივნისის შუადღემდე ჰქონდათ გათიშული.

”როდესაც შენ ხარ ტელევიზია და არა რადიო და ვერ აჩვენებ იმას, რაც გადაიღე, რა გავუშვათ ეთერში? სხვა რა გზა გვრჩება, თუ არა ტელეკომპანიის გათიშვა?”

ეს განცხადება ”მაესტროს” ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჟურნალისტების ცემის ფაქტი თავად ელჩმაც დაგმო:

”15 ივნისის ინციდენტი სამწუხარო იყო ჟურნალისტებისთვის: დაახლოებით ათი ჟურნალისტი დაშავდა, მათი კამერები დაიმტვრა და დაზიანდა. ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ ჟურნალისტები იქნენ დაცული, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება.”

ეკრიკ ფურნიემ დაგმო ჟურნალისტების ცემა
ამ შეხვედრის შემდეგ ”კავკასიისა” და ”მაესტროს” მაუწყებლობა მალევე აღდგა პირდაპირ ეთერში გადაცემული პრესკონფერენციით, სადაც ამ ორი ტელეკომპანიიის ხელმძღვანელებმა 15 ივნისს მომხდარი ფაქტი შეაფასეს. ”კავკასიის” ხელმძღვანელი დავით აქუბარდია მომხდარს ორგანიზებულ დანაშაულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს არა მხოლოდ სცემეს, არამედ მუშაობის საშუალება არ მისცეს:

”ეს იყო კვალის წაშლის მცდელობა. კასეტიდან ამოკრიფეს, რაც არ აწყობდათ, ის მასალა, და ისე დაგვიბრუნეს. თუ ჩვენ შეტაკების კადრი არ გავუშვით ეთერში, ეს უკვე აღარაა ტელევიზია. ამას გარდა, ჩვენ თუ ყველა შეტაკებაზე ერთი კამერა დავკარგეთ, - და უკვე დავკარგეთ ერთი კამერა გუშინ, - მაშინ ჩვენ შეიძლება მაქსიმუმ ცხრა ასეთ შეტაკებას გავუძლოთ კიდევ.”

მამუკა ღლონტი ამბობს, რომ სასამართლოში წავა, მით უმეტეს, რომ კამერების ჩამორთმევის ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა გადარჩა. 15 ივნისის მოულოდნელი დარბევის შედეგი მედიისთვის კი ასეთი იყო:

”ნაცემი და დარბეულია რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, ჩვენ ორი კამერა წაგვართვეს და წაშალეს მასალა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ ერთ კასეტაზე მასალა, როგორ ართმევს ჩვენს ოპერატორს პოლიციელი კამერას და როგორ დადის სამმართველოში, და ჩვენ გვაქვს უტყუარი საბუთი, რომ ვუჩივლოთ შსს-ს.”

დაშავებულთა შორის იყო ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურძიკიძე, რომელსაც რამდენიმე სამართალდამცავი ურტყამდა. ფოტორეპორტიორი მომხდარს ასე იხსენებს:

”ვიდექი, ვიღებდი, უცებ მომვარდნენ, კამერას მართმევდნენ, დამაგდეს და ფეხებით შემდგნენ. მე ვყვიროდი,ვაჩვენებდი ჩემს პრესბარათს, მაგრამ არაფერმა გაჭრა.”

ჟურნალისტებს კი მიყენებული შეურაცხყოფისთვის ეკა ზღულაძის შემდეგ ბოდიში უკვე 16 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც მოუხადა.

თუმცა პასუხად მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ფიზიკურად შეხებას ქართველი ჟურნალისტები კარგა ხანია შეეჩვივნენ, ბოდიში ვიდეომასალის განადგურებისთვის უნდა მოიხადონ და შესაბამისმა პირებმა ამისათვის პასუხიც აგონ. იქვე ”მაესტროს” ხელმძღვანელი შს მინისტრს კიდევ ერთ წინადადებას სთავაზობს:

”ყველა მედიასაშუალება მზადაა გაიფიცოს და შევქმნათ ისეთი საინფორმაციო ვაკუუმი, რომ ხალხი ამბის გასაგებად ქუჩაში გამოვიდეს. ჩვენ ვეუბნებით ვანო მერაბიშვილს: ამჯერად არ გავიფიცებით, მაგრამ რომელიმე მიყრუებულ სოფელშიც კი თუ მოხდება თავდასხმა ჟურნალისტზე ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ მაშინვე განვახორციელებთ ამ გეგმას.”

ამ ვითარების გამო შეშფოთება პრესის საშუალებით არაერთმა მედიასაშუალებამ გამოხატა. ჟურნალისტები იმ საგანგაშო მომენტებზე საუბრობენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას რომ ადასტურებს. ზვიად ქორიძე კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

”ხელისუფლებამ სცადა შერჩევით დაეხარისხებინა ჟურნალისტები და გაუსწორდა იმათ, რომელთა საქმიანობა მათთვის იყო მიუღებელი და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არ დაზარალდნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც იმ ტელეკომპანიების წარმომადგენლები არიან, რომელზეც ხელისუფლების კონტროლი საკმაოდ მძლავრია.”

ქორიძე ფიქრობს, რომ, გარდა სამართლებრივი ბერკეტებისა, რაც, მისი აზრით, ჟურნალისტებმა უფლებების დასაცავად უნდა გამოიყენონ, საჭიროა საზოგადოების პროტესტი იყოს რაც შეიძლება მძაფრი. ყველაზე საშიში პროგნოზი, რომელიც ქართული მედიის მომავალთან დაკავშირებით კეთდება, სწორედ ისაა, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას 15 ივნისს მომხდარი ფაქტი ჩვევად ექცეს და ჟურნალისტების ცემაში საგანგაშო ვეღარაფერი დაინახოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG