Accessibility links

logo-print
კონფლიქტურ ზონებში ინციდენტების პრევენციისთვის სამუშაო ჯგუფები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით შეიქმნა და მათი შეხვედრა ამჯერად სოფელ ერგნეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა კვლავ ჩაიშალა იმის გამო, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მონაწილეობაზე უარი თქვა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას განმარტა, რომ სანამ თბილისი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ შარშან, ოქტომბერში, გატაცებული სამი ახალგაზრდის - ხუგაევის, ხაჩიროვის და პლიევის - ადგილსამყოფელს არ დაასახელებს, ოსური მხარე შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 29 მაისს სოფელ დვანში გაიმართა. მომდევნო, 11 ივნისს დაგეგმილი, შეხვედრა ჯერ 17, ხოლო შემდეგ 23 ივნისისთვის გადაიდო და, საბოლოოდ, ცხინვალის მიზეზით ჩაიშალა. ამ ფაქტის გამო იმედგაცრუება გამოხატა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ. შეხვედრის გადასარჩენად, მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის ინიციატივით, 22 ივნისს თბილისის და ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთში არაფორმალური, დახურული შეხვედრა გამართეს, თუმცა ვერც ამჯერად შეთანხმდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების პრეტენზიას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ინფორმაცია სამი გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ უკვე შემოწმებულია და არც ერთი მათგანი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ იმყოფება.

დღევანდელი შეხვედრის ჩაშლის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც, „ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის და რუსეთის საოკუპაციო ძალების ხისტი პოზიციის გამო, შეხვედრის გაურკვეველი ვადით გადადებას ბოლო თვეების დესტრუქციულ მოქმედებათა ჯაჭვის გაგრძელებად“ აფასებს. ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ჩაშლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, რომელიც, „როგორც ოკუპანტი ძალა, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.“

1 ივლისს ჟენევაში უნდა განახლდეს საერთაშორისო დისკუსია, იქამდე კი ოსური და აფხაზური მხარეები კონსულტაციებს აწარმოებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბორის ჩოჩიევმა არ გამორიცხა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ჟენევის დისკუსიაც ჩაიშლება.
XS
SM
MD
LG