Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიზისი ირანში და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები


ბარაკ ობამა თეთრ სახლში ირანთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე
ბარაკ ობამა თეთრ სახლში ირანთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე
ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი რამდენჯერმე გამოეხმაურა ირანში მიმდინარე მოვლენებს. ობამამ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ირანელი ხალხის უფლებას, გამოხატოს თავისი პოზიცია და მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გარდა ამისა, ობამამ გამოხატა ეჭვი ირანში 12 ივნისის არჩევნების სამართლიანობასთან მიმართებით. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი არ გამოსულა ირანში არჩევნების განმეორებით ჩატარების მოწოდებით და უკან არ წაუღია თავისივე შეთავაზება ირანის ხელისუფლებისადმი, მასთან ურთიერთობის დამყარების შესახებ. შედეგად, ზოგს ვაშინგტონში შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბარაკ ობამა განზე დგომას ამჯობინებს და მეტისმეტად რბილ კურსს მისდევს ირანის საკითხში. ასეთ კრიტიკას, პირველ რიგში, რესპუბლიკური პარტიის წევრები გამოთქვამენ. ვაშინგტონში ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია, რამდენად გაითვალისწინა კრიტიკული შეფასებები პრეზიდენტმა ობამამ, რომლის ბოლო (გუშინდელი) განცხადებაც ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაუკეთებია ირანთან მიმართებით საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით ირანის საკითხში ერთდროულად ორი განსხვავებული კრიტიკული შეფასება გამოითქმის: შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი საკმარისად მკაცრად არ რეაგირებს თეირანის სისასტიკეზე დემონსტრანტების მიმართ; თეირანი კი ვაშინგტონს ირანის საშინაო საქმეებში ჩარევასა და არეულობის წაქეზებაში ადანაშაულებს. ამდენად, ირანზე განცხადებების გაკეთებისას, ობამას ამოცანა იოლი არ არის - ასე იყო გუშინაც.

ობამამ მკაცრ რეაგირებაზე შეაჩერა არჩევანი: “შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა შეძრწუნებული და აღშფოთებულია მუქარით, ცემით და დაპატირებებით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე. გადაჭრით ვგმობ ამ უსამართლო ქმედებებს და ვუერთდები ამერიკელ ხალხს თითოეული უდანაშაულო, მოსპობილი სიცოცხლის გამო გლოვაში”, განაცხადა პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

იქვე აშშ-ის პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა დემონსტრანტების მიმართ, შეაქო მათი სიმამაცე, ხოლო ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საკუთარ მომავალსა და სხვა ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობას განსაზღვრავენ იმით, თუ როგორ ეპყრობიან ოპონენტებს თვით ირანში. და თუ გავითვალისწინებთ, როგორ ეპყრობიან, საერთაშორისო ურთიერთობების პერსპექტივა ირანისთვის სახარბიელო არ უნდა იყოს: ობამამ “გულისმომკვლელი” უწოდა ვიდეოკადრებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიარა და რომლებზეც ასახულია ახალგაზრდა ირანელი ქალის, ნედა აღა სოლტანის სიკვდილი თეირანის ქუჩაში საპროტესტო აქციის დროს.

ჟურნალისტის შეკითხვას, აქამდე რატომ არ რეაგირებდა ასე მკაცრად ირანის რეჟიმის მოქმედებაზე, ობამამ უპასუხა ძველ განცხადებებზე მითითებით, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციამ უშუალოდ, არჩევნების შემდეგ გამოთქვა შეშფოთება კენჭისყრასთან დაკავშირებული გარემოებების გამო, მოგვიანებით კი დაგმო ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ობამას სავსებით თანამიმდევრულად მიაჩნია ვაშინგტონის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებას არ იზიარებს ჯონა გოლდბერგი, პუბლიცისტი, გამოცემა “ნეშენალ რევიუ ონლაინის” რედაქტორი. ის მიესალმება ბარაკ ობამას მკაცრ განცხადებას, მაგრამ ფიქრობს რომ მკაცრი შეფასება კარგა ხნის წინ უნდა გამოთქმულიყო - მანამდე, სანამ მძაფრი კრიტიკით გამოვიდოდნენ ევროპის სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერი, და კონგრესის ორივე პალატა. (შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა გასულ პარასკევს მიიღეს რეზოლუციები, რომლებშიც გმობენ ძალადობას ირანში და მხარდაჭერას უცხადებენ დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებს).
გოლდბერგი ფიქრობს, რომ კრიზისის დღეებში ობამა ჯიუტად და გაუმართლებლად ებღაუჭებოდა ირანთან დიპლომატიური დაახლოების კურსს, რომლის მართებულობაზეც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. არადა, დადგა დრო, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გოლდბერგის აზრით, უარი უნდა თქვას ამ კურსზე. პრეზიდენტ ობამას კვლავინდებურ მზადყოფნას ირანთან საუბრისთვის, გოლდბერგი მიიჩნევს “დიალოგისა და დიპლომატიის იდეოლოგიურ აკვიატებად”. სისხლისღვრის შემდეგ, რომელიც ირანში მოხდა, ამ ქვეყნის მმართველ რეჟიმთან მოლაპარაკების გამართვა გოლდბერგს პოლიტიკურად გაუმართლებლად მიაჩნია. ის აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, ირანი აღიქვეს იმად, რაც არის: “რეჟიმად, რომელიც არ რეაგირებს დიპლომატიურ მიდგომაზე.”

გოლდბერგისაგან განსხვავებული, უფრო ზუსტად, საწინააღმდეგო მიდგომა აქვს ჟურნალისტ სტივენ კინზერს, “ნიუ-იორკ ტაიმსის” სტაჟიან კორესპონდენტს. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერვენციების ისტორია პრეზიდენტ ობამას არ აძლევს “დემოკრატიაზე ლექციების კითხვის” მორალურ უფლებას. კინზერს ინტერვენციების მაგალითებად მოჰყავს ირანის დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებული პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ მოსადეღის დამხობა 1953 წელს - ამერიკელებისა და ბრიტანელების ხელშეწყობით; მოგვიანებით, ამერიკელების მიერ ერაყის მხარდაჭერა ირან-ერაყის ომში, რომელმაც ასიათასობით ირანელის სიცოცხლე შეიწირა. ირანელებს ეს არ დავიწყებიათ, ამიტომ აშშ-ს სიფრთხილე მართებთ და ამას ობამა, “ნიუ-ორკ ტაიმსის” კორესპონდენტის შეფასებით, აშკარად აცნობიერებს. ირანთან დიალოგი კი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოღებასა და ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტაზე.

კინზერის აზრით, თუ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების სათავეში მაინც პრეზიდენტი აჰმადინეჟადი რჩება, აშშ-მა მაინც უნდა გადადგას ნაბიჯები დაახლოების მიმართულებით: ირანისთვის მმართველობის ფორმის კარნახს კი არ შეეცადოს, არამედ სცადოს მუშაობა შეთანხმებაზე, რომელიც ირანს დააძლევინებდა იზოლაციას და განმუხტავდა დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში. ეს, შეგვახსენებს ამერიკელი ჟურნალისტი სტივენ კინზერი, კარგი იქნებოდა ყველა მხარისათვის.

თვით პრეზიდენტ ობამას, სამშაბათს ბრიფინგზე გამოსვლისას, არ უთქვამს, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს, თუ ირანში კრიზისი გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG