Accessibility links

ქალაქების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში


კონფერენციის გახსნაზე

კონფერენციის გახსნაზე

თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ქალაქების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში“, რომელშიც ევროპის 40 ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის“ ქალაქებს შორის თბილისი პირველია, სადაც სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთთან პარტნიორობის აქტუალური საკითხები განიხილება. ამავე ფორუმზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ, მერის პირდაპირი წესით არჩევის მიზნით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თვითმმართველობის არჩევნებისა და თბილისის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის ინიციატივით
მიმართა.

თბილისს სჭირდება მეტი დემოკრატია და მეტი თავისუფლება - ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც გიგი უგულავამ კონფერენციის მონაწილეებთან მიმართვაში თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის მიზანშეწონილობის დასაბუთება სცადა. “თბილისში ბევრად მეტი მოთხოვნაა პირდაპირ პოლიტიკაზე, პირდაპირ მმართველობაზე, უფრო მეტ ჩართულობაზე საზოგადოების მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში“ , - აღნიშნა გიგი უგულავამ, რომელმაც, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრები გამართა. საჯარო გამოსვლისას კი, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის მხარდაჭერის გარდა, ისაუბრა აგრეთვე იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში 4 წლის განმავლობაში განხორციელდა ქალაქის იერსახისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მანვე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ამოქმედდება პროექტი „თბილისი - ცოდნის ქალაქი“, რომელიც განათლების სფეროში მილიარდის ოდენობის ინვესტიციასა და 20 000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

დასაქმება, განათლება, ტურიზმი, თვითმმართველობების პოლიტიკური დეცენტრალიზაცია და სხვა - ის ზოგადი და კონკრეტული თემებია, რომელთა გარშემოც კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ. „ევროპის მთავარი ქალაქების ქსელის“ და თბილისი მერიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ საერთო ინტერესების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებაა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის განვითარების პროექტზე. დაფინანსებას პოლონეთის მთავრობისგან - კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან - ველით, შევეცდებით სხვა ფონდებიც ჩავრთოთ. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს და ვასწავლოთ მათ, როგორ მოამზადონ პროექტები და როგორ გამოიყენონ ევროპული ფონდები მომავალში.“

გვითხრა ევროკავშირის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელმა ანია ვონსოვიჩმა, რომლის მოხსენების თემა კონფერენციაზე ევროკავშირიდან ფინანსების მიღების გზები და საშუალებები იყო. ადგილობრივ თვითთმმართველობებს შესწევთ უნარი, ხელი შუწყონ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქალაქებისა და რეგიონების დაახლოებას, - ამბობს, თავის მხრივ, „ევროპის მთავარი ქალაქების ქსელის“ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბერნარდო როდრიგესი, რომლის განმარტებითაც, ევროქალაქების ქსლის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ქვეყნების დედაქალაქების წარმომადგენელთა მოსაზრებები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

„ჩვენ ვცდილობთ ევროპის დედაქალაქთა ინტერესებისა და პოლიტიკის დაცვას და ასევე ვეხმარებით რეგიონებს“, – თქვა მან.
საქართველოს რეგიონებიდან კონფერენციას რამდენიმე თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტი ესწრებოდა - მათ შორის, მცხეთის, დედოფლისწყაროს, რუსთავის. რუსთავის პარტნიორი, მაგალითად, პოლონეთის ქალაქი გდინიაა, რომელთან თანამშრომლობის გეგმებსა და მიზნებზე რუსთავის ვიცე-მერი გიორგი დაუშვილი გვესაუბრა. ბიზნესინკუბატორის მშენებლობა, უმუშევართა ბირჟის შექმნა, პროფესიული გადამზადება, რუსთაველი მეწარმეების პოლონელ მეწარმეებთან დამეგობრება - მისი განმარტებით, ძირითადად, ესაა ჩამონათვალი იმ ერთობლივი პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც უახლოეს ხანში დაიწყება.

პოლონეთის ქალაქ გდინიას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რუსთავი 28 ივნისს უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG