Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტში, პარლამენტი - ქუთაისში?


მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მოიწონა პრეზიდენტის უკანასკნელი ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების პარლამენტში დაბრუნებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, რომლის აუცილებლობაზეც მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ილაპარაკა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა დეპუტატის მანდატები 2008 წლის 7 ივნისს - მეშვიდე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს - დაჭრა. სულ, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე განადგურდა ლეიბორისტული პარტიის მიერ მოპოვებული ექვსი და გაერთიანებული ოპოზიციის ცამეტი მანდატი. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთაგან დეპუტატობაზე უარი არ უთქვამთ გია თორთლაძეს, გია ცაგარეიშვილს, პაატა დავიათაიას და ჯონდი ბაღათურიას. მანდატების დაჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტებს პარლამენტში დაბრუნება შესთავაზა:

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ცვლილებას კანონი არ ითვალისწინებს, მათი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება კანონის შეცვლა და შარშან არჩეული დეპუტეტის პარლამენტში დაბრუნება. მათ კი დახიეს მანდატები, მაგრამ ცესკოში ოქმები ხომ არსებობს...“ - პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს. შეთავაზების ფორმას იწუნებს საპარლამენტო ოპოზიცია და, მათ შორის, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია:

„პრეზიდენტს შეეძლო უფრო კორექტული ფორმით შეეთავაზებინა. მიმაჩნია, რომ შეთავაზების ფორმა იყო დამამცირებელი, თუმცა მხარს დავუჭერ ჩემი კოლეგების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.“

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ მიიღეს, არ შეიცვლება. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, თქმით, ოპოზიციამ მანდატებზე უარი აჩქარების გარეშე, უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების პროტესტის ნიშნად განაცხადა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, რეალური ცვლილებებისა და ახალი არჩევნების გარეშე, არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნებას არ აპირებს:

„სააკაშვილს ეს ყველაფერი სჭირდება დასავლეთის დასანახად. იმისათვის, რომ აჩვენოს როგორი დემოკრატია და როგორ ცდილობს ოპოზიციის ბრძოლა ქუჩიდან გადმოიტანოს პარლამენტში, თუმცა, რასაკვირველია, სააკაშვილის შეთავაზება სულ სხვა მიზნებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვიტყვით ამ შეთავაზებაზე.“

ამასთან, არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საეჭვოა პარლამენტის წევრობაგაუქმებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების ის გზა, რომელსაც პრეზიდენტი ოპონენტებს სთავაზობს, თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მურთაზ ზოდელავას თქმით, სურვილის შემთხვევაში, პრობლემა მარტივად - კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით - გადაიჭრება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ვერც ქუთაისში პარლამენტის სხდომების ჩატარება მოხერხდება, რასაც ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანით საგრძნობლად გაიზრდება ხარჯი, ხოლო ინსტიტუციონალურად ისედაც დაკნინებული პარლამენტის გავლენა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მოქმედი კანონის მიხედვით, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს, საჯარო-სახალხო განხილვის მიზნით, ის, სულ ცოტა, ერთი თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG