Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ბერეზოვსკი: “რუსეთის მოქმედება უკიდურესად საშიშია მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის”


ბორის ბერეზოვსკი
ბორის ბერეზოვსკი
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩვენი რადიოს რუსულმა სამსახურმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა ბორის ბერეზოვსკის - ცნობილ რუს ბიზნესმენს, მულტიმილიონერს, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის წლებში, მოგვიანებით კი, ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირობებში, მას ემიგრაციაში წასვლა მოუხდა და დღემდე ბრიტანეთში ცხოვრობს.

როგორია ბერეზოვსკის დამოკიდებულება საქართველოში რუსეთის მოქმედების მიმართ?

“ერთი წლის წინ რუსეთმა ფაქტობრივად კონტროლი დაამყარა საქართველოს ორ პროვინციაზე და საქართველომ ეს ტერიტორიები დაკარგა. როგორ აფასებთ ვითარებას ახლა?” ასეთი იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ბერეზოვსკის დაუსვა ჩვენი რადიოს რუსულმა სამსახურმა და პასუხად მიიღო შეფასება, რომ რუსეთის მოქმედება მთელი მსოფლიოსთვის არის სახიფათო...

ბერეზოვსკი მისივე თქმით ფიქრობს, რომ იმ ადამიანების ამოცანა, ვისაც მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს, მდგომაროებს იმაში, რომ “ბოლო მოეღოს ამ ლაყბობას! რადგან უკვე ნათელია, რომ ისევ გამოჩნდა სერიოზული აგრესორი სერიოზული ამბიციებით. კი, შეიძლება ისინი სულელები იყვნენ, შეიძლება გაკოტრებულებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისხლი აღარ დაიღვრება და მსოფლიო აღარ აღმოჩნდება კატასტროფის წინაშე! მე მგონია, მთავარია მოქმედება ამ ლაყბობის მაგივრად”, ამბობს ბერეზოვსკი და იქვე მოჰყავს მოქმედების კონკრეტული მაგალითი, თუმცა, საქმე, მისივე განმარტებით, პასიურ მოქმედებას ეხება.

“შემთხვევითი ხომ არ არის, რომ რუსეთის აგრესიისთვის მხარდაჭერა არავის გამოუცხადებია ნიკარაგუის გარდა? ბუნებრივია, უნდა დაისვას შეკითხვა: რატომ არის, რომ უახლოესი მეზობლები და სხვადასხვა ორგანიზაციაში რუსეთის მოკავშირეებიც კი უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე? პასუხი სავსებით გასაგებია: მათ ესმით, რომ თვითონაც იგივე ბედი შეიძლება მოელოდეთ! ამგვარად, საქმე ეხება კონკრეტულ მოქმედებას - აი, ასეთ არააქტიურ, პასიურ, მაგრამ ალბათ მაინც მოქმედებას!” - ამბობს ბერეზოვსკი.

ჩვენი კოლეგის შეკითხვას, როგორი უნდა იყოს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელსაც ბერეზოვსკი (როგორც წეღან აღინიშნა) მთელი მსოფლიოსთვის საშიშ აგრესორად მიიჩნევს, ცნობილი ბიზნესმენი უპასუხებს შეფასებით, რომ დასავლეთი “ინტელექტუალურად” მოუმზადებელი აღმოჩნდა პროცესის ასე განვითარებისთვის, ხოლო “ახლა რამდენად შორს წავა რუსეთი ამ აგრესიულ პოლიტიკაში, თითქმის მთლიანად შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული”.

შეერთებული შტატების ამჟამინდელი ნაბიჯები ბერეზოვსკის არასწორად მიაჩნია: “შეერთებული შტატები აბსოლუტურად არასწორად მოქმედებს, არ ესმის ვითარება, მთლიანად, ამ რეგიონში. და ამიტომ, პირველ რიგში საქართველოსადმი და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო, ეს, არსებითად, აგრესორის წახალისებაა!”
XS
SM
MD
LG