Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ აქტიურობს ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით


ოპოზიციის მომხრეთა აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. 2009 წლის მაისი
ოპოზიციის მომხრეთა აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. 2009 წლის მაისი
არასამთავრობო სექტორი და მედია-ექსპერტები საქართველოში აშკარად ხედავენ პასიურობას, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით იჩენს. არადა, ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც 2007 წლის საპროტესტო მღელვარების დროს ოპოზიცია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. რატომ დაკარგა ოპოზიციამ ინტერესი ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ და რით არიან პოლიტიკური ძალები ამჟამად დაკავებული?

ნინია კაკაბაძე
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია-ექსპერტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობა 16 კანდიდატიდან ერთ-ერთმა მაქსიმალური გამჭვირვალობის თანხლებით დაიკავოს - გაიმართოს სატელევიზიო დებატები და კანდიდატებმა საჯაროდ უპასუხონ შეკითხვას, როგორ ხედავენ ისინი ხალხის ფულით დაფინანსებული მაუწყებლობის განვითარების პერსპექტივას. ამასთან, მე-3 სექტორი და მედია-ექსპერტები მოითხოვენ, რომ არჩეული დირექტორი ჩაითვალოს არალეგიტიმურად და სექტემბერში, როდესაც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა გაიზრდება, ახალ ბორდთან ერთად ახალი გენერალური დირექტორის არჩევა გახდეს შესაძლებელი.

ამგვარი მოთხოვნების ავტორთა შორისაა ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომლისთვისაც აშკარაა, რომ გამჭვირვალობისთვის ბრძოლის საქმეში მეტად პასიურობს ოპოზიციური ფლანგი. ”სრულიად არ მონაწილეობენ ამ პროცესში და აბსოლუტურად იგნორირებულია ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა.” ჟურნალისტი ამბობს, რომ გული სწყდება, ეს რომ ასეა. ”ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონკრეტული საკითხებისათვის ბრძოლა - არა ერთი მიუწვდომელი საკითხისათვის, როგორიც, ვთქვათ, გასული 3 თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტის გადადგომა”, - მიაჩნია ნინია კაკაბაძეს.

ეროსი კიწმარიშვილი
დრო, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ოპოზიცია საკმაოდ ხმაურიანად აქტიურობდა და საქმე არცთუ იშვიათად ჩხუბამდეც კი მიდიოდა, ეროსი კიწმარიშვილსაც ახსოვს. სკანდალური ფიგურა, რომლის გვარსაც ამჯერად უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებს შორის ვხვდებით, ოპოზიციის დუმილთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს: ”ამჯერად, მე მგონი, დაავიწყდათ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით - ოპოზიციურ პარტიებს, რომ ასეთი ინსტიტუტი, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთოდ არსებობს.”

მართლაც, ხომ არ დაავიწყდა არასაპარლამენტო ოპოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებელი? ანდა სხვა რით შეიძლება აიხსნას თავშეკავება? სხვა საკითხია, რამდენად მისაღებია ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის თემის პოლიტიკურ საბურველში გახვევა, მაგრამ მაინც საინტერესოა, მაგალითად, რატომ აღარ ხმაურობს ამ საკითხთან მიმართებით ძველებურად ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა. ”...ჩვენ ერთი ცდა გავაკეთეთ, უბრალოდ, ეს ჩვენი ვალი იყო, რომ რაღაცნაირად დაგვებრუნებინა საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი... მაგრამ შედეგად მივიღეთ მუქარა, მოსყიდვა, გადაბირება, საკუთარი კადრების ლობირება, - ამბობს ხაინდრავა და იქვე დასკვნაც გამოაქვს, - ნუ, ამ პირობებში რომელ თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი? სააკაშვილი ხელს არ გაუშვებს ტელევიზიას.”

მანანა ნაჭყებია
პოზიციას, რომ ბრძოლას ამ ეტაპზე და ამ მიმართულებით აზრი არ აქვს, მემარჯვენე მანანა ნაჭყებიაც იზიარებს, თუმცა გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის მიერ დასახელებულ ორ კონკრეტულ მიზეზში ზოგიერთი ოპოზიციური ძალის კრიტიკაც შეიმჩნევა: ”პირველი - ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეულ ეტაპზე შეცდომა იყო, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებასთან გარიგდნენ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესზე... და მეორე, დღეს არსებული მექანიზმი და კანონმდებლობა თავიდანვე ქმნის არაკონკურენტულ გარემოს. იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ გენერალური დირექტორი არჩეულ იქნეს მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების შესაბამისად.”

ასეა თუ ისე, ოპოზიციური ძალები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედით დაინტერესებას ამ ეტაპზე აღარ აპირებენ. მათი ძალისხმევა მიმართულია ახალი გეგმების ჩამოყალიბებისკენ და იმისკენ, რამაც რეალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. მაგალითად, ”ალიანსი საქართველოსთვის” შეხვედრებს რეგიონებში მართავს და არაფორმალურ საუბრებს ადგილობრივ მედიასთან აწარმოებს; მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობასათან მიმართებით. ამასთან, რეგიონალური სტრუქტურების ჩამოყალიბებით არის დაკავებული ირაკლი ალასანიას ახალი პარტია ”თავისუფალი დემოკრატები.”

ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანამოაზრეები აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება. განცხადებების მიხედვით, ასევე შემოდგომის გეგმებზე მუშაობენ სხვა ოპოზიციური ძალებიც მას შემდეგ, რაც 24 ივლისს გაერთიანებული ოპოზიციის ბოლო საინფორმაციო მიტინგი გაიმართა და თბილისის ქუჩებიდან საკნები გაქრა. ოპოზიციური ძალები ირწმუნებიან, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის ტაქტიკას და სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით კოორდინაციის რეჟიმს ინარჩუნებენ. დანარჩენი შემოდგომაზე გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG