Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ პროექტს შორის დაუნდობელი კონკურენცია გაჩაღდა


გაზსადენის კვანძი
გაზსადენის კვანძი
ერთი თვის მანძილზე თურქეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან მთავრობათშორის შეთანხმებას „ნაბუკოს“ გაზსადენის შესახებ და ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთანაც „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის თაობაზე. ეს ორი მილსადენის პროექტი ერთმანეთის კონკურენტია არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ალტერნატიულ პროექტებს შორის გაჩაღებული კონკურენცია ერთ-ერთისთვის შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს.

რუსეთი წლების მანძილზე სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა „ნაბუკოს“ პროექტის დაკნინებას, რადგან ეს პროექტი მიზნად ისახავს კასპიისა და შუა აზიის ბუნებრივი აირი ევროპას რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდოს. ევროკავშირის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა „ნაბუკოს“ შესახებ. მაგრამ წინააღმდეგობების დაძლევა მოხერხდა და ივლისის თვეში ხელი მოეწერა მთავრობათშორის შეთანხმებას გაზსადენის მშენებლობის შესახებ, რომელიც ერთმანეთთთან დააკავშირებს თურქეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს. როგორც ცნობილია, „ნაბუკოს“ გაზსადენი იმ მილსადენის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოზე გადის.

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
საზეიმო განწყობა მინელებულიც არ იყო, რომ ანკარას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ესტუმრა და თავის თურქ კოლეგასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, „ნაბუკოს“ კონკურენტი მილსადენის, „სამხრეთის ნაკადის“, ხელშეკრულება გააფორმა. პუტინმა განაცხადა, რომ „სამხრეთის ნაკადი“ არ ნიშნავს „ნაბუკოს“ დასამარებას:

„არსებითად, „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა არ ხურავს „ნაბუკოს“ და, საერთოდ, თუ ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნილება იქნება,მომავალში შესაძლებელია მისი რეალიზებაც.“

პუტინ–ერდოანის შეხვედრის შემდეგ ანალიტიკოსები სხვადასხვა აზრს გამოთქვამენ „ნაბუკოსა“ და „სამხრეთის ნაკადის“ უპირატესობების შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „სამხრეთის ნაკადმა“ უპირატესობა მოიპოვა, რადგან მას, „ნაბუკოსგან“ განსხვავებით, გაზის მარაგი აქვს. როგორც ცნობილია, რუსეთმა წინასწარ შეისყიდა შუა აზიის ბუნებრივი აირის მარაგების დიდი ნაწილი.

„სამხრეთ ნაკადზე“ ხელის მოწერის შემდეგ „ნაბუკოს“ ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება სუსტდება, თუმცა ამ საკითხს აქვს თავისი პოლიტიკური განზომილება და ეს ტოვებს იმის სერიოზულ შანსებს, რომ „ნაბუკო“ განხორციელდება.“

მილსადენების პროექტების პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ევროპის ქვეყნებს უნდათ „ნაბუკოს“ მეშვეობით რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ. რუსეთი კი ცდილობს არ დაუშვას ალტერნატიული მარშრუტები. თავის მხრივ, თურქეთი ცდილობს ევროკავშირს აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს ევროპისგან. ამას რადიო „პრაღისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს სანკტ–პეტერბურგში ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი კონსული, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ვლადიმერ ვოტაპეკი. მისი აზრით, მოსკოვმა „ნაბუკოსთან“ შეჯიბრში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რა საფრთხის მატარებელია ამ შეჯიბრში რუსეთის გამარჯვება:

„სამწუხაროდ, თუ „სამხრეთის ნაკადი“გაიმარჯვებს, უნდა ველოდეთ რუსეთის პოზიციის გაძლიერებას, როგორც გაზის, ფაქტობრივად, მონოპოლისტი მომწოდებლისას ევროპაში. ასეთ შემთხვევაში, მოსკოვზე მზარდი დამოკიდებულების პირობებში, ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა სხვა - არამარტო ეკონომიკურ ან სავაჭრო - მოთხოვნებთან კრემლის მხრიდან.“

”ნაბუკოს” პროექტისადმი მიძღვნილი ევროკავშირის სამიტი ბუდაპეშტში
ჩეხეთის რესპუბლიკამ 2009 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დროს, ძალისხმევა არ დაიშურა „ნაბუკოს“ რეალიზების დასაწყებად. ამის შემდეგ „ნაბუკოს“ პროექტთან დაკავშირებული ეჭვები თითქოს წარსულს ჩაბარდა. მაგრამ მოსკოვის მიერ უკანასკნელ დროს გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ალტერნატიული გაზსადენის მომავალი ისევ ოფიციალური ბრიუსელის სამომავლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე აღმოჩნდა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG