Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაბუკოს“ მილსადენი და მისი მომავალი


”ნაბუკოს” შესახებ მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერა
”ნაბუკოს” შესახებ მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერა
ორშაბათს ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ცაზე ღრუბლებიდან თითქოს მზემ გამოანათა. ანკარაში ხუთმა ქვეყანამ, რომლებზეც ის გაივლის, ხელი მოაწერა გარიგებას „ნაბუკოს“ მილსადენის შესახებ. მაგრამ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშეა. „ნაბუკოს“ შესახებ საბოლოო გარიგება ჯერ შორსაა. არ არის გარკვეული, საიდან მოვა გაზი. ეს სიტყვები “ფაინენშელ ტაიმსს” ეკუთვნის.

როცა გარიგება გაფორმდა, გაისმა ხმები, ეს პროექტი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო. „ნაბუკოს“ მთავარი მონაწილე თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიფ ერდოანმაც ყველას გასაგონად გამოთქვა იმედი, რომ მასში შეიძლება რუსეთიც და ირანიც ჩაერთონ. ამ გაზსადენის მუშაობაში გაზით მდიდარი ყველა ქვეყნის ჩართვა ნიშვნელოვანი იქნება, რადგან, როგორც ზემოთაც ითქვა, გაზის წყარო გარანტირებული არ არის. ძალიან რისკიანი წყაროებია ირანი, თურქმენეთი და ერაყი, წერს იგივე “ფაინენშელ ტაიმსი”. აზერბაიჯანს შეეძლო თავისი როლი ეთამაშა ევროპის სასარგებლოდ რუსეთის “სამხრეთის ნაკადის” წინააღმდეგ. ოპტიმისტები იმედის ამარა არიან - ამბობენ, ავაშენოთ გაზსადენი და გაზიც მოვაო. სხვებს ინვესტორების სიფრთხილე აფიქრებთ, რადგან პოტენციური წყაროები რისკის შემცველია. „ნაბუკოს“ გამოცდად მიაჩნია “ფაინენშელ ტაიმსს”, ექნება თუ არა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა. მისი ერთ-ერთი ლიდერი მეტ პრაგმატიზმს და ნაკლებ გეოპოლიტიკას მოითხოვდა, მაგრამ ენერგეტიკაში გეოპოლიტიკის იგნორირება არ შეიძლება. ამ ფაქტორის იგნორირებას ვერც საქართველო ახდენს. იქ ზოგს „ნაბუკო“, როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი - ჯეიჰანი, ბევრი სიკეთის წყაროდ მიაჩნია; სხვები სიფხიზლისა და ვითარების რეალურად შეფასებისკენ მოწოდებას გამოთქვამენ. რადიო თავისუფლებას სამშაბათს,დილის გადაცემაში, „ნაბუკოზე“ სასაუბროდ ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ჰყავდა მიწვეული.

მისი აზრით, „ნაბუკოზე“ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები არსებობს. ის იწყება თურქეთში და იქიდან შეგროვილი აირის დისტრიბუცია მოხდება ევროპისკენ.

გია ხუხაშვილმა თქვა, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, „ნაბუკოს“ საქართველოსთვის ამ ეტაპზე, სანამ ახალ პროექტებზე არ იქნება საუბარი, მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, მისივე შეფასებით, საქართველოზე გაზის ნაწილის გავლის შემთხვევაში, რისი იმედიც არსებობს, პოლიტიკური მნივნელობა დიდია. ასეთი პროექტები ანიჭებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, ასე შეიძლება გახდეს საქართველო საინტერესო.

ხუხაშვილის თქმით, რუსეთი ცდილობს მისი გვერდის ავლით არ მოხდეს ევროპაში გაზის გატანა და მონოპოლიას ესწრაფვის. და რაც მეტი გაზი გაივლის საქართველოზე რუსეთის გვერდის ავლით, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება საქართველო. მაგრამ ექსპერტმა განმარტა, რომ საქართველოს, ამ მნიშვნელობის მიუხედავად, პასიური ფუნქცია აქვს და ამიტომ ხმაურს, რომელიც საქართველოში ატყდება ხოლმე, არასერიოზულად მიიჩნევს..

სულ ახლახან მილსადენის მესვეურებმა პროექტის სათავეში ევროპული პოლიტიკური სპექტრის გავლენიანი ფიგურა დანიშნეს.
„ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტს ახალი წარმომადგენელი ეყოლება - იოშკა ფიშერი, გერმანიის მწვანეთა პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი და 1998-2005 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ენერგეტიკის იტალიელი ექსპერტის ფედერიკო ბორდონაროს თქმით, „ნაბუკოს“ პროექტში ფიშერის ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა,თუმცა,იმავდროულად, საკმაოდ ირონიული ნაბიჯია:

”რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საკმაოდ ირონიული თვალსაზრისით: იოშკა ფიშერი დიდი ხნის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ბატონ შრიოდერის მთავრობაში - შრიოდერის კანცლერობის პერიოდში ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შრიოდერი რუსებმა „გაზპრომში“ ლობისტად დანიშნეს და, ამდენად, იოშკა ფიშერის „ნაბუკოში“ ჩართვით, გერმანიის ერთი ნაწილი თითქოს ევრაზიაში ენერგეტიკის საკითხებთან მიმართებით ევროატლანტიკური ხედვის მხარეს გადავიდა. მეორე - შრიოდერის - მხარე კი პრორუსულია, თუკი ამგვარ კლასიფიკაციას მივმართავთ.”

ბორდონაროს განმარტებით, ფიშერის წინაშე მდგარი რთული ამოცანა იქნება ამ და სხვა ქვეყნების დარწმუნება, რომ „სამხრეთის ნაკადის“ ნაცვლად „ნაბუკოში“ ჩაერთონ - „ნაბუკოში“, რომელმაც ყოველწლიურად 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს და, დიდწილად, იმავე მარშრუტზე უნდა გაიაროს:

”იოშკა ფიშერი ევროპას ფედერალურ ერთეულად აღიქვამს. მისი მიზანი ყოველთვის იყო შექმნა ძლიერი, ერთიანი ევროპისა, რომელიც ფედერალიზმის საფუძვლებზე იქნებოდა დამყარებული. ამავე დროს, იოშკა ფიშერი გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია - „ნაბუკოს“ პროექტისთვის კი თურქეთი შეუცვლელია. ვფიქრობ, ბატონ ფიშერის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ მას უკვე აქვს ძლიერი დიპლომატიური კავშირები როგორც თურქეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში - მაგალითად, ბულგარეთსა და რუმინეთში.”

„ნაბუკოსთან“ შედარებით, ”სამხრეთის ნაკადით” ევროპას ორჯერ მეტი გაზი უნდა მიეწოდოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ნაბუკო“ ევროპისთვის მაინც მიმზიდველ პერსპექტივად რჩება - პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ პროექტით შემცირდება ბუნებრივი აირის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განმარტა ასევე თურქეთის პრემიერის ორშაბათის ნათქვამი რუსეთის ამ პროექტში ჩართვის თაობაზე.

მისი დაკვირვებით, ყველა ცდილობს, თუმცა იციან მისი ბუნება და ამბიცია, რუსეთი ამ პროექტებში, ასე ვთქვათ, ჩაითრიონ, პარტნიორად აქციონ.

„ნაბუკოს“ პროექტის პირველი ეტაპის გაფორმება, გითხარით, ევროპის ენერგოპოლიტიკის ღრუბლიან ცაზე ერთი მზის სხივი იყო. ახლა მომავალი ეტაპებია გასავლელი, უთხრა რადიო თავისუფლებას დილის ეთერში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. ახლა მხოლოდ თურქეთის იქით, ევროპისკენ პროექტზეა ხელი მოწერილი მომხმარებელი ქვეყნების მიერ, აქეთ ჯერ ყველაფერი წინაა. ვნახოთ, რას იზამენ მიმწოდებელი ქვეყნები. ეს ეტაპი გასავლელიაო, გვითხრა ეკონომიკის ექსპერტმა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG