Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმეორებითი ჩვენება: სნობი 2 (კაცი, რომელსაც ვითომ ლიტერატურა უყვარდა)


ორი კვირით უინტერნეტო ადგილას მივდივარ და, რადგან კომენტარებს ვერ წავიკითხავ და პასუხსაც ვერ გავცემ, სამსჯელო საკითხებისგან თავი შევიკავე. ასე, რომ „პლეიბოის“ ამბებზე, რომ ჩამოვალ, მერე დავწერ. მანამდე კი აჰა, თქვენ „ანაბეჭდში“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული სტატია. „მუსიკალური სნობის“ ერთგვარი გაგრძელებაა.

ზოგისათვის კითხვა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება. რაღა გასაკვირია, რომ ხალხი, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, ხშირად ლაპარაკობს წიგნებზე, არჩევენ სხვადასხვა, ძველ და ახალ მწერლებს და მათ ავ-კარგს. ამ დროს შენც იქ დგახარ, ბუზებს ყლაპავ და ფიქრობ, სად ასწრებს ეს ხალხი ამდენის წაკითხვასო. არადა ლიტერატურაზე გამართულად ლაპარაკს, მუსიკისა არ იყოს, ცოდნა სულ არ სჭირდება. ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარება, მხოლოდ მონაწილეობა კი არ მიიღო ამ საუბრებში, არამედ თავი ისე აჩვენო, თითქოს წიგნით ხელში დაიბადე. ეს ყველაფერი წიგნის ერთი ფურცლის გადაშლის გარეშეც შესაძლებელია.


პირველი სემესტრი: ბავშვობა

ვიდრე ლიტერატურაზე საუბრის სიღრმეებში გადაეშვებოდე, საჭიროა, ჯერ თავის დაჭერა ისწავლო, თავად დაიჯერო, რომ იცი, რაზეც ლაპარაკობ. გაიღიმე მცოდნე სახით და ელაპარაკე მოსაუბრეს, როგორც თანასწორს. დასაწყისისთვის საკმარისია, საუბარი დაიწყო იმით, თუ როგორ მოგწონს რამე წიგნი. გამოდგება ნებისმიერი ნაწარმოები, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, სიტყვა ნაწარმოები არ იხმარო. აგრეთვე დაივიწყე სიტყვები რომანი, ნოველა, ლექსი, რეცეპტი, ნარკვევი, ანეკდოტი, სარჩევი. ყველაფერი არის ტექსტი. შეცდომაა: “მკვდარი სულები” შესანიშნავი რომანია ან “მკვდარი სულები” შესანიშნავი პოემაა. სწორია: ”მკვდარი სულები” მაგარი ტექსტია. შეგიძლია მოიწონო ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, “შაგრენის ტყავი” თუ “მე, მარგარიტა”. ამაზე ვერავინ გაგიხურებს, მოგწონს და მორჩა. ტაბუ დადებულია მხოლოდ სამ წიგნზე, რომელთა ხსენებაც მყისვე გამოააშკარავებს, რომ კითხვა ახალი დაწყებული გაქვს. ეს სამი წიგნია, “ოსტატი და მარგარიტა,” “მარტოობის 100 წელი” და, რაც მთავარია, “სამოსელი პირველი.”

ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ რომელიმე ამ წიგნს რამე აქვს დასაწუნი. პირიქით. არაერთი კარგი საღამო შეიძლება გაატარო მეგობრებთან ერთად ჩაის სმაში და ბულგაკოვის ან დოჩანაშვილის გმირებზე საუბარში. მაგრამ ეს მეგობრებთან. ხოლო, როდესაც გინდა ახალგაცნობილ ადამიანზე მოახდინო შთაბეჭდილება, არ უნდა დაიწყო ლაპარაკი იმით, რაც თავისთავად ცხადია. თუ ლიტერატურის ცოდნის პრეტენზია გაქვს, მაშინ სამივე წიგნი კარგა ხნის წინ წაკითხული და განხილული უნდა გქონდეს. ასე რომ, ბუენდიების ოჯახზე საუბრით თავს ვერავის მოაწონებ. მოსაუბრე იფიქრებს, რომ წიგნი ახლახან წაიკითხე, რაც ნიშნავს, რომ “სალაგა” ხარ ან, იქნებ სხვა არც წაგიკითხავს არაფერი და შენთან ლაპარაკიც კი არ ღირს, ამ ეტაპზე დიდხანს არ უნდა გაჩერდე. ჭეშმარიტი სნობი ვერასოდეს გახდები, თუ მხოლოდ ქებით შემოიფარგლე, ნამდვილი სნობი არასოდესაა ბოლომდე კმაყოფილი. თავიდან ეს შეიძლება რთული მოგეჩვენოს, ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, დაიწუნო ის, რაც წაგიკითხავს კი არა, არც კი გაგიგონია. ნუ ღელავ, თავიდანაა რთული, თორემ მერე, მუღამში რომ შეხვალ, გაჩერება აღარ მოგინდება.


მეორე სემესტრი: ყრმობა


შეიძლება თავიდან გაგიჩნდეს ცდუნება, რომ კლასიკოსებს დაერიო. ყველას ჰყავს ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც მეხუთე კლასში “ვეფხისტყაოსანს” იწუნებდა, ისეთი მაგარი არ არის, როგორც გვეუბნებიანო, მესამე კურსზე კი შექსპირსაც გადასწვდებოდა, მოძველდა და აღარ არის აქტუალურიო. ამით მხოლოდ მეორეკურსელ ფილოლოგ სტუდენტს თუ დააბოლებ, ისიც, განსაკუთრებით სულელს.

აგრეთვე, არასოდეს გალანძღო პირველმა ქართველი მწერალი. თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას ნათესავია და ყველა ყველას ძმაკაცია. აცალე მოსაუბრეს, თვითონ გამოხატოს აზრი და შემდეგ ნახევრად დაეთანხმე. თუ იტყვის, ნიცა ნასრაძე კარგი მწერალიაო, დაეთანხმე და დაამატე, მისგან მაინც მეტს ველი, ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ მაგრამ სხვებს ნამდვილად ჯობიაო. თუ იტყვის, ეს ნიცა ნასრაძე ვინაა, საიდან მოვიდაო, არც ამაზე გაუტეხო გული, კვერი დაუკარი, მაგრამ აუცილებლად აღნიშნე, კია ნაგავი, მაგრამ მაგისგან კიდევ შეიძლება რამე დადგესო. მოკლედ, მთავარია მიხვდეს, რომ პრინციპული ადამიანი ხარ და საკუთარი აზრი გაქვს.

ბევრი სნობი ამ ეტაპზე იყინება. სჯერდება იმას, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და წინსვლაზე აღარ ფიქრობს. ბევრს ეშინია კიდევაც. ისევე, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, რაც უფრო ვითარდები, მით უფრო რთული ამოცანები გესახება. იზრდება შანსი, რომ რომელიმე წიგნის ჭია ტყუილში გამოგიჭერს და მერე დაემშვიდობე სისხლითა და ოფლით მოპოვებულ რეპუტაციას. მაგრამ რჩეულნი მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. რჩეულნი წვრთნიან სხეულსა და სულს, რათა უმაღლესი დონის ლიტერატურულ სნობებად ჩამოყალიბდნენ.


მესამე სემესტრი: ახალგაზრდა სნობის პორტრეტი


თუმცა, სანამ მაღალი დონის ლიტერატურულ ორდენში მიგიღებდნენ, აუცილებელია, სულიერადაც სათანადო დონეზე იყო. აიღე მაგალითი ფრენკ დიუქსისგან, რომელიც, მოგეხსენებათ, ჟან კლოდ ვან დამის პერსონაჟია ფილმში “სისხლიანი სპორტი”. მას ბრძენი ტანაკა ასწავლის საბრძოლო ხელოვნებას, სხვადასხვა ილეთთან და ხრიკთან ერთად აღმოსავლურ ფილოსოფიასაც აცნობს. ეს იმიტომ, რომ, როგორც ერთი დიდი ადამიანი იტყოდა, დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. “სისხლიანი სპორტი” ტიპური ფილმია, სადაც მთავარ გმირს ბრძენი დამრიგებელი აფრთხილებს, რომ მან თავისი ძალა ჭკვიანურად გამოიყენოს. ლიტერატურულ სნობსაც კომპლექტში უნდა მოჰყვებოდეს ასეთი ბრძენი დამრიგებელი. სათანადო სულიერი მომზადების გარეშე, სნობები, ისევე, როგორც ჩონგ ლი, ვან დამის მოწინააღმდეგე “სისხლიან სპორტში”, სასტიკნი ხდებიან, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, და მოსაუბრის ჩაგვრაზე გადადიან. ეს ერთხანს გასდით, მაგრამ ბოლოს “ბოროტსა სძლია კეთილმან” ხდება და გაკადნიერებულ სნობს ვინმე ვან დამისებრი მიწასთან ასწორებს.

ჭეშმარიტი სნობი ვიკინგივით არ მიეჭრება მოსაუბრეს და უცხო სიტყვებითა და გვარებით ჯიქურ არ გამოათაყვანებს. ჭეშმარიტი სნობი ნინძა უფროა, მსხვერპლს უღიმის, ხელს ართმევს და სიტყვებით აბრუებს. მოსაუბრე ასეთი სნობით ყოველთვის აღტაცებული რჩება - რამდენი იცის და მაინც არა აქვს თავში ავარდნილიო – ფიქრობს.


მეოთხე სემესტრი: სიჭაბუკე


დასრულებულ, სრულყოფილ ლიტერატურულ სნობს სხვებისაგან გამოარჩევს შესაძლებლობა, ძალდუტანებლად მოახდინოს კულტურული სინთეზი, დააკავშიროს ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული ხელოვანები და ახლებურად დაანახვოს მოსაუბრეს სამყარო. ან მაგრად გაერთოს მაინც.

კულტურული სინთეზის შეთხზვა არის სნობის ყველაზე ძლიერი, და ამავე დროს, ყველაზე უსაფრთხო ილეთი. თუ მოსაუბრე კარგად ერკვევა ლიტერატურაში, მას სავარაუდოდ მეტი არაფრისათვის არ რჩება დრო. ამიტომაც სულელური მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ჰგავს ბეროუზის შემოქმედება „რეინქოუთსის“ მუსიკას ჭკვიანურად აღიქმება. ძალიან მცირე შანსია, რომ მოსაუბრემ ბეროუზიც იცოდეს და „რეინქოუთსიც“. რომც იცოდეს, მერე რა. გამოვა, რომ შენ უხილავი კავშირი აღმოაჩინე, რომელიც მას აზრადაც არ მოუვიდა დაენახა.

აი, როგორ ხდება ეს. უნდა აირჩიო საკულტო, მაგრამ ბევრისათვის უცნობი მწერალი და მასზე მცირე ინფორმაცია მოიძიო. ბიბლიოთეკაში წასვლა ამისათვის საჭირო არ არის, საკმარისია 10 წუთი იქექო ინტერნეტში. ნახე ვინ მოახდინა გავლენა მწერალზე, რა აქვს დაწერილი და ვისი მეგობარი იყო. ლიტერატურაზე საუბარი რომ ჩამოვარდება, დაიწყე მასზე ლაპარაკი და დააკვირდი ეფექტს. მაგალითად შეიძლება ამ შაბლონის გამოყენება: „არა, რა, კეიტი ეკერი მაინც ძალიან მაგარია. იცი, რაზე ვგიჟდები, როგორ ახერხებს თან ბეროუზის გზა გააგრძელოს, თან რემბოს მიჰყვეს და ამავე დროს ასეთი ორიგინალური იყოს. ვიცი, პოსტ-პანკი „ნა ლიუბიტელია“ არის, მაგრამ საჩემოა რა. იცი, ეკერი „პერე უბუს“ მუსიკას მაგონებს ძალიან. ამას წინათ ვკითხულობდი ეკერის ბოლო სტატიას, სადაც ლაპარაკობს, თუ როგორ დაკარგა რწმენა ტრადიციულ მედიცინაში. მეც ეგრე ვარ, არ ვენდობი ექიმებს, მით უმეტეს საქართველოში. ყოფილხარ საავადმყოფოში ამ ბოლო დროს? იცი რა ხდება იქ?“

ეს უკანასკნელი წინადადება უკანდახევის საშუალებას გაძლევს. მივედით, მივაყენეთ დარტყმა და ბოლოს საუბარი ნეიტრალურ თემაზე, თანამედროვე ქართული ჯანდაცვის სისტემაზე გადავიტანეთ. ნაკლებად სავარაუდოა მოსაუბრე ეკერს დაუბრუნდეს და საავადმყოფოებზე საუბრისას სულ იმას იფიქრებს, რამდენი სცოდნია ამ კაცსო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსაუბრეს არ ჰკითხო, გაუგია თუ არა მას ესა თუ ის გვარი. უნდა აგრძნობინო, რომ პატივს სცემ მას და იცი, რომ ყველაფერი წაკითხული აქვს. ეს მოსაუბრეს საშუალებას აძლევს, რომ ღირსება შეინარჩუნოს და ამავე დროს, თუ მას გვარი არ გაუგია, საკუთარ უპირატესობასაც აჩვენებ, აი შენ ასე მარტივად ლაპარაკობ მწერალზე, შენთვის ეს ჩვეული ამბავია და გგონია, რომ სხვებიც ასე არიან.

მთავარია გახსოვდეს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა წაგიკითხავს, არც იმასა აქვს მნიშვნელობა რას ამბობ, მთავარია როგორ შთაბეჭდილებას ახდენ სხვაზე. ჭკვიანი სახის მოკერვა წიგნების კითხვაზე ადვილია. ამ სტატიის ავტორს შაბლონში მოყვნილი არც ერთი ავტორი წაუკითხავს, არც „მსოფლიოს ერთადერთი ექსპრესიონისტული როკენროლ ჯგუფი“ „პერე უბუ“ მოუსმენია, არც საავადმყოფოში ყოფილა ამ ბოლო დროს და წარმოდგენა არა აქვს იქ რა ხდება. მიუხედავად ამისა, შაბლონში მოყვანილი ყველა სიტყვა სიმართლეა. შეამოწმე, თუ არ გჯერა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG