Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საქობოელები სკოლის შეკეთებას ითხოვენ


საქობოს სკოლის შენობა
საქობოს სკოლის შენობა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ საქობოში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები კვლავაც ჩამონგრეული სკოლის შენობაში შეხვდნენ. შენობას ჩარჩოებიც კი არ გააჩნია, სადაც მინების ჩასმა იქნებოდა შესაძლებელი. კედლებიდან იატაკზე მუდმივად ცვივა ჩამონაშალი,რის გამოც საკლასო ოთახებში მცირე მოძრაობის დროსაც კი საშინელი მტვერი დგება. როგორც მშობლები ამბობენ, ავარიული სკოლის შენობა

ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ საქობოს სკოლაში მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლა ადმინისტრაციულად ვარდისუბნის საჯარო სკოლას დაექვემდებარა. საქობოს მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ თანხები მხოლოდ ვარდისუბნის საჯარო სკოლას ხმარდება და საქობოს სკოლა უყურადღებოდაა დარჩენილი. ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მანანა ბახტურის განცხადებით კი, სკოლას მცირე ბიუჯეტი აქვს და კაპიტალურ ხარჯებს ვერ გასწვდება.

საქობოელების უკმაყოფილების მიზეზი კიდევ ერთი სიახლე გახდა. საქმე საქობოს სკოლის მესამე საფეხურს ეხება. 14 სექტემბრიდან საქობოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას ვარდისუბნის სკოლაში აგრძელებენ. საქობოს მცხოვრებლები ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საქობოდან ვარდისუბნამდე მანძილი დიდია და, მშობლების თქმით, ბავშვებს სიარული გაუჭირდებათ.

რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი განათლების სამინისტროში, სანდრო ჟურული, რომელიც საქობოს სკოლაში არსებულ მდგომარეობას სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაეცნო, აცხადებს, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე წელს განათლების სამინისტრო იზრუნებს:

“საშუალო საფეხურის ბავშვებს ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ, რომ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში იარონ და მიიღონ განათლება. ხარჯებს განათლების სამინისტრო გაიღებს პირველ ეტაპზე, შემდეგ, როგორც ადგილობრივი გამგეობა გვპირდება, დაფინანსებას ისინი გააგრძელებენ”, _ აცხადებს სანდრო ჟურული და დასძენს, რომ ოპტიმიზაცია საქობოს სკოლისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო:

“ჩვენ უფრო ადვილად მოვახერხებთ ვარდისუბანში შევქმნათ მოსწავლეებისთვის საჭირო გარემო, ვიდრე ორ შენობაში, ვარდისუბანში და საქობოში, ერთად. ”

თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვარდისუბნის თემიდან გურამ ტურაშვილი აღნიშნავს, რომ საქობოს სკოლა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული რომ ყოფილიყო, მისი დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იქნებოდა შესაძლებელი:

“იყო პრეცედენტი, მოხდა დელეგირება უფლებამოსილებების განათლების სამინისტროდან. 240 ათასი ჩვენ მივმართეთ თელისა და ჭიარის სკოლაზე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ადგილობრივი შემოსავლებიდან ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, კანონი არ გვაძლევს ამის უფლებას, მაგრამ მოხდა დელეგირება და გადმოგვეცა თანხები და თუ მომავალ წელსაც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დავაფინანსოთ საქობოს სკოლა. ამ სკოლაზე არ მოხდა თანხების გამოყოფა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ საქობოს სკოლა არ იყო დამოუკიდებელი, მას არ გააჩნია საკუთარი ანგარიში და არ ჰყავს თავისი დირექცია.”

საქობოს მცხოვრებლები კატეგორიულად ითხოვენ საქობოს სკოლა ვარდისუბნის სკოლას გამოეყოს; ასევე ითხოვენ დახმარებას სკოლის შენობის რეაბილიტაციიისათვის თანხების მოძიებაში, რათა სოფელმა სკოლა შეინარჩუნოს.
XS
SM
MD
LG