Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს გემების დაკავებით იმუქრება


რუსეთის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" სოხუმის ნავსადგურში

რუსეთის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" სოხუმის ნავსადგურში

რუსი მესაზღვრეები აფხაზეთის უსაფრთხოებას ზღვაშიც დაიცავენ, მაგრამ რუსეთის სასაზღვრო სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, ქართულ გემებს კი არ გაანადგურებს, არამედ დააკავებს - ასეთი განცხადება გააკეთა ახლახან რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ტრუფანოვმა. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში მოქმედების უფლებას რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურს რუსეთის ფედერაციასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის საზღვრების ერთობლივად დაცვის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება აძლევს. რუსეთის არგუმენტაციით, ასევე მასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ჩარჩოებში ხდება სამხედრო თანამშრომლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობა.

რუსეთი საერთაშორისო სამართალზე მაღლა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტულ ხელისუფლებებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს აყენებს - პირველ რიგში, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც დაეფუძნა ცნობილი საზღვრების ერთობლივ დაცვასთან დაკავშირებით შეთანხმება... სწორედ საზღვრების ერთობლივი დაცვის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე იწყებს რუსეთის სანაპირო დაცვა საქართველოს (აფხაზეთის) წყლების გაკონტროლებას. მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებზე აპელირებით აძლიერებს რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აშენებს სამხედრო ბაზებს.

რუსეთმა უკვე გააფორმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება, რაც ითვალისწინებს ოკუპირებულ ზონებში ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოაწერა ხელი, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან - დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ, ცხინვალის რეჟიმის მხრიდან - იური ტანაევმა. ”ეს პირველი ნაბიჯია. ახლო მომავალში გაფორმდება რიგი შეთანხმებები სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვისო”, - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთის საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ცნობას, რომ, ახალი შეთანხმების თანახმად, რუსეთის სამხედრო ბაზები განთავსდება გუდაუთასა და ცხინვალში და თითოეულ რეგიონში რუსეთის პირადი სამხედრო შემადგენლობა 1700 სამხედროთი განისაზღვრება. არადა, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცილებით ფართო სამხედრო წარმომადგენლობას გეგმავდა.

”შესაძლებლობები - ფიზიკური, მორალური, ეკონომიკური - შეზღუდულია. თქვენ ხედავთ საერთაშორისო მიდგომებს. მსოფლიო რუსეთს ეუბნება, რომ ამ რეგიონში მოხდა ეთნოწმენდა და იქ სახელმწიფოს დაფუძნების საშუალებას არავის მისცემენ, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს”,- ამბობს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. ჩვენ მას ვკითხეთ, რა რეაგირება შეუძლია მოახდინოს საქართველომ და მასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ქმედებებზე საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში. ვიმეორებ, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიქტორ ტრუფანოვმა დადო პირობა, რომ რუსეთის სანაპირო დაცვა დაიცავს საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში მოძრავ გემებს და დააკავებს ქართულ გემებს, თუკი ისინი შევლენ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის წყლებში...

მუქარა პირველი არ არის. საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ აფხაზეთის დახურული პორტისკენ მოძრავი პანამის დროშით მცურავი ტანკერის დაკავებისთანავე რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთის სანაპირო კატარღები დაიცავდნენ აფხაზეთისკენ მოძრავ გემებს. ამ განცხადებას მოჰყვა ბაღაფშის მუქარა, რომ განადგურდებოდა ნებისმიერი ქართული გემი, რომელიც აფხაზეთის წყლებში შევიდოდა. ბაღაფშმა თავის მუქარაში განმარტა, რომ ამას აფხაზეთის საზღვაო ფლოტი გააკეთებდა. სეპარატისტულ რეჟიმს ფლოტი არ ჰყავსო, აღნიშნეს თბილისში და, აი, რუსეთის სასაზღვრო სამსახურში დაადასტურეს, რომ საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში კონტროლს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიმართულების სანაპირო დაცვის გემები და კატარღები განახორციელებენ. ”თუ იქნება დარღვეული საზღვარი, ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, დავაკავებთ და განვახორციელებთ სამართლებრივ ზომებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რუსეთის უსაფრთხოების დასაცავად და აფხაზეთის უსაფრთხოების დასაცავად”, - თქვა ვიქტორ ტრუფანოვმა.

რადიო თავისუფლებას წყარომ ხელისუფლებიდან განუმარტა, რომ ქართული გემები არ შედიოდნენ და არც აპირებენ შესვლას საქართველოს წყლების იმ ნაწილში, რასაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთის წყლებად მოიხსენიებენ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვას აფხაზეთის დახურული პორტებისკენ მოძრავი გემები საქართველოს საზღვრების გადმოკვეთის წესების დარღვევისთვის ამ წყლებში არ დაუკავებიათ. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლება ამუშავებს პოზიციას იმისათვის, რომ საქართველოს ხმელეთზე და წყლებში რუსეთის თვითნებობაზე რეაგირება კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსთხოვოს. ეს პროცესი დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის რკინიგზისთვის უკანონოდ გადაცემაზე რეაგირების მოთხოვნაზე მუშაობით... შოთა მალაშხია ამბობს:

„პარასკევს გვქონდა სხდომა. ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. გაიცა კონკრეტული დავალება, ორი კვირის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ამ კუთხით ვინც მუშაობს, მიეწოდოს ინფორმაცია, რომ აქ მოხდა ეთნოწმენდა და აქ რკინიგზის, ასე ვთქვათ, პრივატიზაცია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა და ამ ეთნოწმენდას 93-ში აღიარებდა თვითონ რუსეთიც.”

შოთა მალაშხიას განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება იმ ორგანიზაციებთანაც, რომლებსაც ევალებათ რეაგირება საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო წესებისა და სამართლის დარღვევაზე.

რუსეთი იმუქრება, საქართველოს სანაპირო დაცვა კი მუშაობს ზუსტად ისე, როგორც აქამდე მუშაობდა. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზაზა გოგავამ გვითხრა.
XS
SM
MD
LG