Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა შეწყალება და ვადამდე პირობით გათავისუფლება


საქართველოს კონსტიტუციისა და პატიმრობის შესახებ კანონის მიხედვით, მსჯავრდებული ვადაზე ადრე პრეზიდენტის შეწყალებით ანდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს. შესაბამისად, პრეზიდენტიც და კომისიაც წლის განმავლობაში პატიმრობიდან რამდენიმე ასეულ მსჯავრდებულს ათავისუფლებს. რა პრინციპებს ეფუძნება პატიმართა როგორც შეწყალება, ასევე ვადამდე პირობით გათავისუფლება და რას შეცვლის ამ კუთხით ხელისუფლების ახალი ინიციატივა?

შეწყალების მექანიზმის ეფექტიანობაში ეჭვი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორიოდე დღის წინ, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, შეიტანა. ახალგაზრდა, რომელმაც ერთი პოლიციელი მოკლა და ორი მძიმედ დაჭრა, პატიმრობიდან ერთი წლის წინ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტით გათავისუფლდა.

„მომხდარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შეწყალების მოქმედი სისტემა უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეწყალების პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრებიც. დეპუტატ გია ცაგარეიშვილის თქმით, პირველ რიგში, უნდა გაუქმდეს ეგრეთ წოდებული პროკურატურისა და სხვა უწყებების სიები, რომლებიც პრეზიდენტამდე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით აღწევენ:

„აქ საქმეში ერევა და ხელებს აფათურებს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი. შსს აკონტროლებს მთლიანად სიის შედგენას და შესაწყალებელი პატიმრების მთელ ნაკადს.“

გია ცაგარეიშვილის კოლეგა და შეწყალების კომისიის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კი მიიჩნევს,რომ შეწყალება არ უნდა ატარებდეს მასობრივ ხასიათს. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა მიმდინარე წელს 400-მდე პატიმარი შეიწყალა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ასკვნის:

„ფართო მასშტაბის შეწყალება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა უნდა დარჩეს ეს მექანიზმი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება შეიწყალოს
კონკრეტული პირები განსაკუთრებული გარემოებების დროს, მაგრამ ეს უნდა იყოს მართლა განსაკუთრებული გარემოება.“
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, პატიმართა საქმეების საფუძვლიანი შესწავლა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შეწყალების აქტის გამოცემა გამონაკლისის და არა ძირითადი წესის სახით მოხდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პატიმრების ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას. 2009 წლის 11 ივლისს პარლამენტმა, პატიმრობის შესახებ კანონში შეტანილი შესწორებით, შეცვალა ვადამდე პირობით გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის დაკომპლექტების წესი. კომისიას ეყოლება 9 წევრი. ამათგან ექვსი სამინისტროს, ერთი მესამე სექტორის და ორიც პარლამენტის წარმომადგენელი იქნება. კანონის მიხედვით, ორიდან ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იყოს. რაც შეეხება კომისიის მეცხრე წევრს, მის შესარჩევად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

კომისიის წევრის შერჩევაში მონაწილეობას იღებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი, ამბობს, რომ დასახელდება ხუთი კანდიდატი, რომელთა რიგებიდან მინისტრის მრჩეველთა საბჭო სამს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მინისტრი მიიღებს. ამასთან, კანონის მიხედვით, კომისიაში მესამე სექტორის წარმომადგენელი სამ თვეში ერთხელ შეიცვლება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იმედოვნებენ, რომ, ცვლილების შედეგად, ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისია უფრო ეფექტიანად იმუშავებს.

„რა თქმა უნდა, კომისია იყო არაეფექტური. მინახავს გადაწყვეტილებები, რომლებსაც აკლდათ ყოველგვარი დასაბუთება. გადაწყვეტილებები მიიღებოდა სუბიექტურად, კანონიერი საფუძვლების გარეშე და, თანაც, კომისია იყო მაქსიმალურად დახურული. ამ ცვლილებით კი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და შაშკინმა შემოგვთავაზა, სამოქალაქო სექტორს გვექნება შესაძლებლობა გვყავდეს ჩვენი ელჩი, ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც, როგორც მინიმუმ, დანარჩენ საზოგადოებას შეგვატყობინებს, რა ხდება კომისიაში და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თამარ ხიდაშელმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG