Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას აკრიტიკებს


დავით ონოფრიშვილი (მარცხნივ), დავით საგანელიძე, ვახტანგ ხმალაძე
დავით ონოფრიშვილი (მარცხნივ), დავით საგანელიძე, ვახტანგ ხმალაძე
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილი ინიციატივა – „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ - გააკრიტიკა როგორც მემარცხენე ოპოზიციამ, ასევე მემარჯვენემ. ოპოზიციას გადასახადების გაზრდის მექანიზმის ცვლილებაც აშინებს და ბიუჯეტის შემცირების პერსპექტივაც.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის მეტი დამაჯერებლობისათვის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას მოიშველია ილია ჭავჭავაძე, რომლის იდეებსაც ეხმიანება თანამედროვე ეკონომიკური ცვლილებები:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
„ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტალიანელი. ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმს იგი “ფრიტრეიდერობას” ეძახდა და განმარტავდა როგორც აღებმიცემობის თავისუფლებას.“

საქართველოს პოლიტიკურ ოპოზიციაში ბევრი საკუთარ თავს ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებს, მათ შორის არიან ახალი მემარჯვენეები. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ, პოლიტიკური ორგანიზაცია „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ერთად, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ იდეები გააკრიტიკა და მათ ქვეყნისთვის საშიში უწოდა:

„ის ინიციატივები, რაც ბიზნესის გათავისუფლებას, გადასახადების შემცირებას და მათი კორექციის თითქმის შეუძლებლობას გულისხმობს, უმძიმეს ფონს შექმნის ქვეყანაში.“

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებამ თუნდაც გაანულოს გადასახადები, ის არჩევნებს წააგებს. მაგრამ რა მოხდება? - მოვა ახალი ხელისუფლება, რომელსაც გადასახადების აწევა გაუჭირდება
საგანელიძის მოსაზრებები სამართლებრივად დაასაბუთა „ალიანსში“ შემავალი კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის, „რესპუბლიკური პარტიის“, წევრმა, ცნობილმა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ. მან განაცხადა, რომ არსად, არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ისეთი რამ არ ამოუკითხავს, რასაც სააკაშვილი „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“ უწოდებს. ხმალაძის აზრით, გადასახადების რეფერენდუმის გზით მომატების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პარლამენტის როლს აკნინებს:

„თუ მაგალითისთვის დღევანდელ ხელისუფლებას ავიღებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებამ თუნდაც გაანულოს გადასახადები, ის არჩევნებს წააგებს. მაგრამ რა მოხდება? - მოვა ახალი ხელისუფლება, რომელსაც გადასახადების აწევა გაუჭირდება.“

მთავრობის ახალი ეკონომიკური ინიციატივები გააკრიტიკა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ახლა კი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ მიმართულია ეკონომიკური თავისუფლების წინააღმდეგ.

კრიტიკული იყო საპარლამენტო ოპოზიციის მემარჯვენე ფლანგიც, ქრისტიან–დემოკრატების სახით. ამ პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას საკუთრების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შეუქმნელობის გამო უსაყვედურა.

შალვა ნათელაშვილი
არასაპარლამენტო მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაციების მსგავსად, პრეზიდენტის ლიბერალურ ინიციატივებში პოლიტიკური ინტერესები დაინახეს მემარცხენე ოპოზიციურ ფლანგშიც. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს სოციალური გარანტიების შესაქმნელად.

პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას ეკონომიკური თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიების შესახებ პოლიტიკური ძალებიდან მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა.

რაც შეეხება ბიზნეს და არასამთავრობო სტრუქტურებს, მათ შორის ახალი ინიციატივების მხარდამჭერი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიტიკურ სპექტრში.
XS
SM
MD
LG