Accessibility links

logo-print

ადგილობრივი თვითმმართველობა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში


საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციის ადგილობრივი თვითმმართველობის თავის პირველადი სახის პროექტზე მუშაობა დაასრულა, თუმცა მისი ცალკეული დებულებების რეგულირების გარშემო მსჯელობა გრძელდება. სწორედ ამის გამოხატულება იყო სამუშაო ჯგუფის 28 ოქტომბრის სხდომა, რომელმაც, ცალკეული საკითხების შეუთანხმებლობის გამო, პროექტს კენჭი ვერ უყარა. საქართველოს პარლამენტში მოხვედრამდე პროექტმა სავალდებულო პროცედურები თავად კომისიის შიგნით უნდა დაასრულოს და ამის შემდეგ ინიცირებისთვის ქვეყნის პრეზიდენტს გადაეცეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში აღნიშნავენ, რომ, მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის გამო, პროცედურა დროში ძალიან არ გაიწელება.

საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს დეცენტრალიზაციის გზაზე. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების გზით რომელიმე უფლებამოსილების ცენტრალიზაცია ხდება
ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკულად უკვე დანიშნულ არჩევნებს უკავშირდება ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეშვიდე თავის პროექტი ავტონომიურად განხილვისა და მიღების საგანი ხდება. კონსტიტუციას ემატება თავი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. თვითმმართველობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის არსებობის მიუხედავად, აქამდე თვითმმართველობის ძირითადი დებულებები საკონსტიტუციო რეგულაციას მოკლებული იყო. საქართველოს კონსტიტუციის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ამ ეტაპზე, დროის გარდა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობითაც იყო ნაკარნახევი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას მიუერთდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კონსტიტუციის მეშვიდე თავის პროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. რა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის საკონსტიტუციო რეგულირებას? - ამ შეკითხვით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანს თენგიზ შარმანაშვილს მივმართეთ.

“საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს დეცენტრალიზაციის გზაზე. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების გზით რომელიმე უფლებამოსილების ცენტრალიზაცია ხდება, ან რაიმე სხვა გადაწყვეტილებით ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ძირითად უფლებამოსილებებს წაართმევენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და ჩამოვწეროთ ის ხელშეუხებელი უფლებამოსილებები, რომელსაც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ასე ადვილად, კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე, მიმდინარე კანონმდებლობით ვერ განახორციელებს. ეს არის უმთავრესი დაცვა და ძალიან სერიოზული დაცვა ადგილობრივი თვითმმართველობისა.“

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები პროექტში გამდიდრებულია ზოგიერთი ისეთი ნოვაციით, როგორიცაა, მაგალითად, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ დებულებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკონსტიტუციო რეგულირების პოტენციური ნორმებიდან ჯერჯერობით ყველაზე მწვავე განსჯის საგანი გახდა დებულება, რომელიც კანონპროექტში არც კი ჩაწერილა. საუბარია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის ინიციატივაზე, ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ხალხის უშუალო მონაწილეობის გზით, ანუ რეფერენდუმით, გადაჭრის შესახებ. ინიციატივა ოპონენტებმა სეპარატიზმის გაღვივების საშუალებად მიიჩნიეს.

ავთანდილ დემეტრაშვილი
„ადგილობრივი რეფერენდუმები ტარდება მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც მიეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას, უფლებამოსილებებს,-განმარტავს ავთანდილ დემეტრაშვილი.- ეს არ არის და არ შეიძლება იყოს ტერიტორიული ერთეულის სტატუსის საკითხი, ეს არ შეიძლება იყოს სეცესიის, ანუ გამოყოფის, თვითგამორკვევის საკითხი. რეფერენდუმის საგანი შეიძლება იყოს, ქუჩას რა სახელი დავარქვათ, როგორ უნდა აშენდეს ხიდი და ასე შემდეგ. ანუ საერთო სახალხო გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.“

ადგილობრივი რეფერენდუმის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება არც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. თუმცა ამ კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე მის საკონსტიტუციო ნორმად ქცევას არ ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებული იქნება სფერო, რომელიც სახალხო გამოკითხვის საგანი შეიძლება გახდეს. ვახტანგ ხმალაძე ამ დროისათვის ჯერ არ იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. მისი განმარტებით, თვითმმართველობას ცალკე თავი დაეთმობა საზოგადოებრივი კომისიის მიერ მომზადებულ პროექტშიც. პროექტი, ორდონიან თვითმმართველობას ითვალისწინებს, სადაც პირველი დონე სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი იქნება, გამსხვილებული ფორმით. რაც შეეხება მეორე დონეს, იგი უნდა ემთხვეოდეს საქართველოს ტრადიციულ ისტორიულ კუთხეებს, მხარეებს, ისეთებს როგორიცაა, მაგალითად, კახეთი, გურია, სამეგრელო და ასე შემდეგ.

„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პირველი დონის თვითმმართველობა საკმაოდ ახლოს იყოს ხალხთან და შეასრულოს ის ფუნქციები, რაც არის ამ თემში მცხოვრებთა ძირითადი მოთხოვნილება, ხოლო მეორე დონის თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ შეასრულოს ისეთი სახის სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ფართო ინტერესების დაკმაყოფილებას, ვიდრე არის მხოლოდ ერთი თვითმმართველი ერთეულის ინტერესი.“

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის პროექტისგან განსხვავებით, სახელმწიფო კომისია უპირატესობას ანიჭებს ერთი დონის ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მათ წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ორგანოების მეშევეობით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG