Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”7 ნოემბერი” საპროტესტო აქციისთვის ემზადება


ჯაბა ჯიშკარიანი, 7 ნოემბრის აქციის ლიდერი
ჯაბა ჯიშკარიანი, 7 ნოემბრის აქციის ლიდერი
2007 წლის 7 ნოემბრის ორი წლის თავზე სამოქალაქო საზოგადოება ამ დღის აღნიშვნას კვლავ გეგმავს. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება, სადაც შეკრებილი საზოგადოება ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას წარუდგენს. აქციის ორგანიზატორები ამ მოთხოვნების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ.

ცნობილია 7 ნოემბრის აქციის ადგილი და დრო: შაბათს ორი წლის წინანდელ 7 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული აქციით აღნიშნავენ და შემდეგ მშვიდობიანი სვლით პარლამენტის შენობისაკენ დაეშვებიან, სადაც აქციის სამი მთავარი გზავნილი გახდება ცნობილი. ეს განცხადება აქციის ორგანიზატორებმა 2 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთეს, რომელიც ორი წლის წინ სამართალდამცველებმა დაარბიეს.

”აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამ საათზე დაიწყება. ყველა იმ ქართველს ველოდებით, ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის უფლებები ირღვევა და მათი ღირსება შელახულია, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „7 ნოემბრის” წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა.

როგორც ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია, განმარტავს, აქცია ერდღიანი იქნება, თუმცა ეს იქნება პირველი ნაბიჯი ერთობისა იმ მოთხოვნებში, რომლებიც 7 ნოემბერს გაჟღერდება და რომელთაგან ერთი მედიის თავისუფლების მოთხოვნა იქნება.

2 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედთან” რამდენიმე ორგანიზაცია მივიდა, მათ შორის: მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, „ქართული აკადემია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“...

„დაიცავი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თაზო გამცემლიძე ამბობს, რომ მათი გზავნილი ამჯერადაც იგივე იქნება, რაც იყო ორი წლის წინ: „მაქსიმუმი უნდა გავაკეტოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია, გამოვასწოროთ და ჩაჩეხილი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ”.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია თუნდაც ბოლო დროს კანონმდებლობაში შეტანილ ანტიდემოკრატიულ ცვლილებებზე გამოხმაურება, რომ აღარაფერი ითქვას სხვა შეცდომებზე, რაც, მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებამ მაინც დაუშვა: ”თუნდაც შეკრებებისა და გამოხატვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები რომ დავასახელოთ, მაგალითად ესეც კმარა. ამ კანონმა აზრი დაუკარგა გამოხატვის თავისუფლებას და ისედაც ბევრი რამ იქნება სათქმელი ამ დღეს.”

„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი გია ბურჯანაძე კი ფიქრობს, რომ 7 ნოემბრის გახსენება, შესაძლოა, ყოველ წელს გახდეს საჭირო - თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას ახსოვდეს, რა მოხდა იმ დღეს: ”იმ დღეებში სულ 9 აპრილის დღეები მიტრიალებდა თავში, მაგრამ მაშინ რუსის ჯარი არბევდა აქციას, ხოლო შარშანწინ ამას ქართველები აკეთებდნენ... ამის დავიწყება არ შეიძლება.”

2 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ გამოჩენილან, თუმცა, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური გვეუბნება, 7 ნოემბრის აქციას არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა შეუერთდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG