Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლობლები დაკავებული ბავშვების ნახვას ითხოვენ


დაკავებული მოზარდები
დაკავებული მოზარდები
ცხინვალში დაკავებული არასრულწლოვანების ოჯახების წევრები ბავშვების მონახულებას ითხოვენ და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაკავებულის, ვიქტორ ბუჩუკურის მამიდა ნათია ბუჩუკური ახადებს, რომ მის ძმისშვილს სუნთქვის პრობლემა ჰქონდა და პერიოდულად მოიხმარდა მედიკამენტებს. დაკავებულის მამიდა საერთაშორისო ორგანიზაციებს ბავშვისთვის მედიკამენტების გადაცემას სთხოვს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ცხინვალში დაკავებული მოზარდების უფლებების დარღვევის შესახებ გააკეთა განცხადება. ორგანიზაციის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გულისტკივილით აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქმიანობას ვერ ახორციელებენ.

გუშინ საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაკავებულების მშობლებს შეხვდა ტირძნისში და დაჰპირდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოზარდებს ყველა საჭირო მედიკამენტს გადასცემს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ბავშვების გათავისუფლების საქმეში აქტიურად არის ჩართული ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელის თავის მხრივ მოლაპარაკებას დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აწარმოებს.

ცხინვალში დაკავებული ბავშვების ოჯახები ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან იღებენ. წითელი ჯვარი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მოზარდების მდგომარეობის შესახებ ცნობებს იღებს ცხინვალიდან. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი არასრულწლოვანები უკვე მოინახულეს და მათ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები გადასცეს. დაკავებული მოზარდებისგან საპასუხო წერილები ტირძნისში არ მოსულა.

ჟენევის შეხვედრის შემდეგ ოსურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე დროებით უარი განაცხადა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსურ სააგენტო „რესს“ განუცხადა, ოსური მხარე მოლაპარაკებაში მონაწილეობას იმ დრომდე არ მიიღებს, ვიდრე ქართული მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მისცემს. ჩოჩიევი მათ ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულად მიიჩნევს. ქართული მხარე კი დიდი ხანია უარყოფს ამ ბრალდებას და გამორიცხავს დაკარგულების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებობას.

ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება არასრულწლოვანი ტირძნისელების სასამართლო პროცესი ცხინვალში. ოთხი მოზარდის გარდა ცხინვალის ციხეში ახალგორის ტყეში დაკავებული ექვსი ლამისყანელი, ფორეს ხეობის ორი მაცხოვრებელი და პატარა ლიახვის ხეობის ერთი მკვიდრიც რჩება. ტირძნისელი მოზარდების გარდა ყველას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.
XS
SM
MD
LG