Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულარული მუსიკის ჯადოქარი პოლ მორია


პოლ მორია
პოლ მორია
გადის დრო და, სამწუხაროდ, ნელ-ნელა მიდიან ამ ქვეყნიდან მე-20 საუკუნის მუსიკის კერპები. მსმენელის მიერ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება დანაკლისი პოპულარული მუსიკის ჟანრში – სიტყვა "პოპულარული" ხომ "პოპულისგან", "ხალხისგან" წარმოიშვა.

სამი წლის წინ, 2006 წლის 3 ნოემბერს, გვიან ღამით, სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში, საკუთარ სახლში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლ მორია. შესანიშნავი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელი დაგვამახსოვრდა სიმღერით "მანჩესტერი-ლივერპული". საბჭოთა პერიოდში მოსკოვის მთავარ ტელეარხზე ეს მელოდია ამინდის პროგნოზის გამოცხადების დროს ფონური მუსიკის სახით ჟღერდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ავტორობა პოლ მორიას არ ეკუთვნოდა, მელოდიას მისი ორკესტრი მაესტროს არანჟირებით ისე შესანიშნავად ასრულებდა, რომ "მანჩესტერი-ლივერპული", როგორც ახლა ამბობენ, მორიას "ლეიბლი" გახდა. სიმღერის ავტორის, კომპოზიტორ ანდრე პოპის სახელს მსმენელი არც კი იცნობდა. ასეთივე პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის ტელევიზიის კიდევ ერთი გადაცემის, "ცხოველთა სამყაროს", მუსიკალური ტიხარი _ კომპოზიცია "ტოროლა".

პოლ მორიას კომპოზიციებმა - "Chariot" (ინგლისურ ვარიანტში "I will follow him"), "Love is blue", "El condor pasa" - მას მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი. აღარაფერს ვამბობ ცნობილი კინომელოდიების შესანიშნავი არანჟირების შესახებ. შემთხვევითი როდია, რომ მორიას ხშირად “მსუბუქი ჯაზის” ან “მსუბუქი (“იზი ლისნინგ”) მუსიკის” გენიოსს უწოდებდნენ. ამ ტერმინებში უბრალო მელოდიური კომპოზიციები იგულისხმება.

თავის დროზე მსუბუქი ჯაზის ტრადიციები საქართველოშიც არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლები ხშირად სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს მიეკუთვნებოდნენ, მათი ხელოვნება მასობრივ მსმენელს ძალიან უყვარდა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ ნუსხაში ერთმანეთისგან ფრიად განსხვავებულ მუსიკოსებს დავასახელებ: მესაყვირე გიორგი გაბისკირია, მევიოლინე მიშა შმუკლერი, პიანისტები ნანა დიმიტრიადი და მედეა გონგლიაშვილი - ყველა გვარის ჩამოთვლას ჩემი გადაცემის ფორმატის გამო, უბრალოდ, ვერ მოვახერხებ. რაც მთავარია, ისინი, როგორც წესი, მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართულ ესტრადაზე (ნუ გვეშინია ამ ტერმინისა და წამდაუწუმ ნუ ვხმარობთ სიტყვას “შოუბიზნესი”) ცუდი ტენდენცია განვითარდა - მსუბუქ მუსიკაში, პროფესიონალიზმის ნაცვლად, დილეტანტობა და პროვინციალიზმი იმკვიდრებს ადგილს. როცა ფრიდრიხ ნიცშემ თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა - "ცხოვრება მუსიკის გარეშე შეცდომა იქნებოდაო", ის არა დილეტანტურ სუროგატს, არამედ ნამდვილ მუსიკას გულისხმობდა - იმ მუსიკას, რომელსაც ჩვენი სიუჟეტის გმირი, პოლ მორია, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასრულებდა.

პოლ მორია საფრანგეთში, მარსელში, მუსიკოსთა ოჯახში, 1925 წელს დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა მან უკვე ოთხი წლის ასაკში დაიწყო. საკუთარ მამასთან ექვსწლიანი მეცადინეობის შემდეგ, პოლი მარსელის კონსერვატორიაში შევიდა. სწორედ იქ დაიწყო მისი გატაცება ჯაზით. ჩვიდმეტი წლის ჭაბუკმა უკვე საკუთარი ორკესტრი დააარსა. ჟანრის თვალსაზრისით, კოლექტივის შემოქმედება ფართო დიაპაზონით გამოირჩეოდა: ჯაზს საესტრადო მელოდიები ენაცვლებოდა, თვითონ პოლი კი, გარდა პოპულარული მელოდიების არანჟირებისა, საკუთარ კომპოზიციებსაც წერდა.

პარიზში, სადაც მოგვიანებით ორკესტრმა გადაინაცვლა და ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობას შეუდგა, მას ფართო აღიარება ელოდა. კოლექტივთან დაიწყეს თანამშრომლობა მორის შევალიემ, დალიდამ, კატარინა ვალენტემ, შარლ აზნავურმა, მირეი მატიემ. მაგალითად, აზნავურთან ერთობლივი მუშაობის ექვსი წლის მანძილზე მორიამ შანსონიესთვის ას ოცი მელოდიის არანჟირება შეასრულა. 1965 წელს კომპოზიტორმა ახალი "დიდი სიმებიანი ორკესტრი" შექმნა. სწორედ ამ ორკესტრთან ერთად მოიარა მაესტრომ მთელი მსოფლიო. 1962 წელს მორიას კომპოზიციამ "ჩჰარიოტ" ევროვიზიის კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა. იმხანად მუსიკოსის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ 1977 წელს, მოსკოვში ორკესტრის გასტროლების დროს, ლეონიდ ბრეჟნევმა მორიას კრემლში პირადი მიღებაც კი მოუწყო. მსგავსი რამ საბჭოთა იმპერიაში მანამდე არასდროს მომხდარა. სხვათა შორის, მორია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, გაგიჟებით უყვარდათ იაპონელებს. სწორედ იაპონიის ქალაქ ოსაკაში დადგა მუსიკოსი უკანასკნელად სადირიჟორო პულტთან 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორკესტრს ჟილ გამბიუ დირიჟორობდა, მორიას ხელოვნების პეწი ორკესტრის ჟღერადობას არ დაჰკლებია: ჭეშმარიტი ხელოვნება ხომ უკვდავია!
XS
SM
MD
LG