Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


„ვაშინგტონ ტაიმსი“ პოლ საუნდერის წერილს ბეჭდავს საქართველოს სამხედროთა ავღანეთში გაგზავნის შესახებ. სტატიის ავტორი, ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ადრე ბუშის ადმინისტრაციაში მსახურობდა, აცხადებს, რომ როცა შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გასაგზავნად ემზადება, ობამას ადმინისტრაცია იმეორებს თავისი წინამორბედის შეცდომას და აშშ-ის ოპერაციისათვის მხარდაჭერას კვლავ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსგან იღებს, საქართველოსგან, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა არ არის. ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, ობამას გუნდი ზედმეტად კონცენტრირებულია თავის სამხედრო პრიორიტეტებზე იმისათვის, რომ შეაფასოს ამ გადაწყვეტილების შესაძლო გაუთვალისწინებელი შედეგები, საქართველოს, რუსეთისა და შეერთებული შტატების ისედაც მყიფე ურთიერთობის თვალსაზრისით. „ვაშინგტონ ტაიმსი“ განაგრძობს: აშშ-საქართველოს უფრო ახლო სამხედრო ურთიერთობისთვის პრობლემას ქმნის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს შეერთებული შტატები მოკავშირედ იმისთვის სჭირდება, მის ინტერესებს და, შესაძლოა, საქართველოს ინტერესებსაც, ამერიკის ინტერესების ხარჯზე მოემსახუროსო. საუნდერსი წერს: „საქართველოს მხარდაჭერის მიღებით ისეთ სფეროებში,რომლებიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, ადმინისტრაცია შესაძლო შემხვედრი ნაბიჯების გამართლებულ მოლოდინს აჩენს, არადა ამგვარი ნაბიჯების გადადგმა აშშ-ის მხრიდან ძალიან საეჭვოა. სამწუხაროდ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კიდევ უფრო ამღვრევენ წყალს, როდესაც მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ნაბიჯს ასეთი განცხადებით მიესალმა: ‘ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით’ “. პოლ საუნდერსი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, უკვე არასწორად დაასკვნა, რომ მისი პატარა ქვეყანა შეერთებული შტატებისგან იმაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე მიიღო მაშინ, როდესაც თავის არმიას სამხრეთ ოსეთში რუს „მშვიდობის დამცველებზე“ თავდასხმა უბრძანა. ამ გაუთვლელ ნაბიჯს ტრაგიკული და დამანგრეველი კონფლიქტი მოჰყვაო, ამცნობს თავის აზრს მკითხველს გაზეთი „ვაშინგტონ ტაიმსი“. პოლ საუნდერსს სააკაშვილის გამოსვლებიდან მოჰყავს ციტატა და ამ გზით ადასტურებს საკუთარ თეზებს. გაგაცნობთ კიდევ ერთ ნაწყვეტს მისი სტატიიდან:

„სხვები ჩათვლიან, რომ საქართველოს ჯარის გაგზავნა მნიშვნელოვანია საქართველოს არმიის გაწვრთნისთვის, რათა მან ნატოს ჯარებთან თანაქმედების უნარები კიდევ უფრო განავითაროს და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა გააღრმავოს. ეს სახიფათოა“, აცხადებს სტატიის ავტორი და ისევ სააკაშვილის ნათქვამი მოჰყავს: „სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენს კონტინგენტს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თავალსაზრისით შეზღუდვები არა აქვს… ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის რეალური საბრძოლო ნათლობა მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება არმია მხოლოდ აღლუმებისთვის“. ეს განცხადება სწორედ მაშინ კეთდება, ამბობს საუნდერსი, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი იმაში დაარწმუნოს, რომ საქართველოს არმიის მომზადების ამერიკული პროგრამები არ გაზრდის რუს ჯარისკაცებთან მის ბრძოლისუნარიანობას.

დაბოლოს, კიდევ ერთი მცირე ნაწყვეტი „ვაშინტონ ტაიმსიდან“: „თუმცა სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ არანაირი ტიპის სამხედრო ვალდებულება არ გააჩნია და, მით უფრო, არანაირი ვალდებულება არა აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხედრო ძალით მისი კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.“ წერილს პოლ საუნდერსი ასე ამთავრებს: „გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს ლიდერს ამერიკის ამგვარ ვალდებულებას ვერც ანდობ, რადგან ის ძალიან მონდომებული ჩანს, როგორმე მოიპოვოს ის. ამ პირობებში საქართველოს სამხედრო მონაწილეობას ავღანეთში უსარგებლო და სახიფათო არეულობა შეაქვს ამერიკულ–ქართულ ურთიერთობაში. ობამას ადმინისტრაცია ორჯერ უნდა დაფიქრდეს, ვიდრე იმოქმედებს.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიც იყო თემა ამ კვირის უცხოეთის გაზეთებში.

ჯერ იყო და დე ფაქტო პრეზიდენტი აფხაზეთში კიდევ ერთხელ იქნა არჩეული ამ რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის მიერ, შემდეგ კი წყნარი ოკეანის კუნძულ-სახელმწიფომ ფულის სანაცვლოდ დე ფაქტო რეგიონის აღიარება გამოაცხადა.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატია, რომელიც სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევას ეხება, ასეა დასათაურებული: „ აფხაზეთის პრეზიდენტი კვლავ დამაჯერებლად აირჩიეს“. მკითხველისთვის კენჭისყრის დეტალების გაცნობის შემდეგ, ავტორი წერს, რომ რუსეთი რჩება ერთადერთ დიდ ქვეყნად, რომელმაც აღიარა აფხაზეთი, ისვეა სამხედრო სფეროში დამხმარე და საფინანსო მხარდაჭერის წყარო და, ამდენად, ხუთივე საპრეზიდენტო კანდიდატს ერთნაირი პრორუსული პოზიცია ჰქონდა. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავს სერგეი ბაღაფშის სიტყვები, რომ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, აღიარებს თუ არა არჩევნებს დასავლეთი. „ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ. მოსწონთ თუ არა ევროკავშირს და აშშ-ს ეს, აფხაზეთი აღარასოდეს გახდება საქართველოს ნაწილი“, უთქვამს ბაღაფშს. გაზეთის მიერ მოხმობილი სტატისტიკის თანახმად, 93 ათასმა აფხაზმა, რეგიონის მოსახლეობამ, დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა, 200 ათასამდე ქართველს კი დღემდე არა აქვს შესაძლებლობა უკან, საკუთარ სახლში, დაბრუნდეს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიაში საქართველოს მთავრობის პოზიციაცაა მოყვანილი.

„რუსეთი პატარა მოკავშირეს ყიდულობს, ნაურუს“ - ასე ჰქვია „ლოს ანჯელეს ტაიმსის“ სტატიას, რომელიც წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ-სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ეხება. ნაურუს, წერს გაზეთი, რომელსაც ერთადერთი რესურსი - ფოსფატი - ჰქონდა, ახლა მხოლოდ საკუთარი საერთაშორისო რეპუტაცია დარჩა გასაყიდი. თუ ნიკარაგუასა და ვენესუელას, - წერს გაზეთი, - როცა მათ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს, რუსეთი ირიბად ეხმარებოდა, ნაურუს შემთხვევაში ეს პირდაპირ მოხდა. და კიდევ ერთი წინადადება ამ სტატიიდან: „ეს არ არის პრაქტიკა, რომელსაც არ მიმართავენ. რუსეთმა, ფაქტობრივად, ეს მეთოდი აშშ-ისგან ისწავლა“. სტატიაში მოთხრობილია ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების მოპოვების გზები, როცა ის, მართალია, ნაურუზე უფრო დიდ, მაგრამ მაინც უმნიშვნელო სახელმწიფოებს გადაიბირებდა ხოლმე.

ბრიტანეთის გაზეთი „ინდიპენდენტი“ ცნობილი დასავლური ანიმაციური სერიალის - „სიმპსონების“ - ქართულ ადაპტაციაზე წერს და მკითხველს აუწყებს, იქ, საქართველოში, მათ „სამსონაძეები“ ჰქვიათო. ბრიტანელ მკითხველს აუწყებენ, სამსონაძეებს სახელებიც ქართული აქვთო და იმოწმებენ სერიალის ავტორის სიტყვებს, რომ ეს არ არის „სიმპსონების“ ასლი, რომ რაღაც მსგავსება არსებობს, მაგრამ უფრო მეტია განსხვავება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG