Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთიდან ირანში გაზის გატანა ორივე ქვეყანას ახეირებს


თურქმენეთისა და ირანის პრეზიდენტები გურბანგული ბერდიმუხამედოვი (მარცხნივ) და მაჰმუდ აჰმადინეჟადი 5 იანვარს, აშხაბადში გამართული შეხვედრისას
თურქმენეთისა და ირანის პრეზიდენტები გურბანგული ბერდიმუხამედოვი (მარცხნივ) და მაჰმუდ აჰმადინეჟადი 5 იანვარს, აშხაბადში გამართული შეხვედრისას
6 იანვარს გაიხსნა თურქმენეთიდან ირანისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი. ორივე ქვეყნისათვის სასარგებლოა ეს მოვლენა - ის ამცირებს ამ სფეროში რუსეთზე აშხაბადის დამოკიდებულებას, თეირანისთვის კი, დამატებითი ბუნებრივი აირის გარდა, სხვა მხრივ სარგებელსაც ნიშნავს.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და მასპინძელმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა შედარებით მცირე გამტარობის მილსადენი გახსნეს, მაგრამ დიდია პოლიტიკური მნიშვნელობა ამ ფაქტისა. გაზსადენი, რომელიც, დოვლეთაბადიდან სარახსის გავლით, ხანგირანში გადატუმბავს თურქმენეთის ამ სიმდიდრეს, სრული ამოქმედებისას წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. აჰმადინეჟადმა ჟურნალისტებს უთხრა, ენერგეტიკის სფეროში ჩვენ და თურქმენეთს ერთი შეხედულებები გვაქვს და ასევე საერთაშორისო პოლიტიკაშიო. მანვე ასე შეაფასა მილსადენი:

„ეს გაზსადენი ირანში თურქმენეთის გაზის ექსპორტს წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ეს რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია.“

182-კილომეტრიანი გაზსადენი თურქმენეთისთვის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, ირანისთვის კი ნიშნავს, რომ მას რეგიონში, როგორც პარტნიორს, საერთაშორისო რეპუტაციის შერყევის მიუხედავად, აფასებენ. ირანს თვითონ საკმარისი რაოდენობა აქვს გაზისა, ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა საბადოთა მხრივ, მაგრამ ამ ქვეყნის მოსახლეობა და მრეწველობა დიდ ენერგიას ხარჯავს და გაზი მხოლოდ მის ნახევარს ფარავს. ირანსა და თურქმენეთს შორის არის სხვა მილსადენიც, რომლის მოცულობა ნახევარჯერ ნაკლებია ამ ახალ გაზსადენისაზე.

სტამბულის ვაჭრობის უნივერსიტეტში საერთაშორისო საკითხების მკვლევარი პროფესორი ნადარ დევლეთი ამბობს:

„ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა თურქმენეთისთვის, გამოენახა საკუთარი გაზის ექსპორტის ახალი გზა, რუსეთთან გაუგებრობის პირობებში.“

რუსეთთან ამ გაუგებრობას და უთანხმოებას კი ის მოჰყვა, რომ თურქმენეთს ბაზარი შეეზღუდა. ახლა, ირანთან ამ ახალი შეთანხმებით, დანაკარგის კომპენსაცია მოხდება.

თეირანს, საშინაო დაძაბული ვითარების ფონზე, საერთაშორისო არენაზეც სირთულეები აქვს თავისი ბირთვული პროგრამის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობა მის მიმართ ახალ სანქციებზე ლაპარაკობს. ამ დროს თურქმენეთთან დიდი გარიგების განხორციელება იმის ნიშანია, რომ თეირანს ძალუძს რეგიონში ურთიერობის განვითარება. როგორც პროფესორი დევლეთი შენიშნავს, „ამ შეთანხმებით, ირანს სურს თავის მეზობლებთან ურთიერთობები გააფართოოს.“

ამ გაზსადენის საკითხში შეთანხმებას გავლენა ექნება რეგიონს გარეთაც. ირანის მედია იუწყებოდა, რომ ირანი შემდგომ 35 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს თურქეთში გაიტანს, თუმცა, იმავე ცნობებით, იქ შემაკავშირებელი ასეთი მოცულობის მილსადენი არ არსებობს. თურქმენეთი კი არ ემხრობა თავისი გაზის რეექსპორტს. „ნაბუქოს“ სახელით ცნობილი სამომავლო გაზსადენების მესვეურებმა - შეგახსენებთ, ამ პროექტს ევროკავშირი უჭერს მხარს - ოთხშაბათს გახსნილი მილსადენის მიმართ დაუყოვნებლივ გამოხატეს ყურადღება, რადგან თურქმენეთი „ნაბუკოს“ მონაწილედ მიიჩნეოდა. ირანის პოლიტიკური ვითარება არ აძლევს „ნაბუკოს“ მფლობელებს და ევროკავშირს უფლებას, თეირანთან ილაპარაკონ ირანის ტერიტორიაზე „ნაბუკოს“ გავლის შესახებ, რაც ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა. სხვათა შორს,“ ნაბუქოს“ ვებგვერდზე საპროექტო მიმართულება ორივე მარშრუტზე გადის - ერთი გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრის, მეორე კი ირან-თურქეთის საზღვრისკენ. „ნაბუკოს“ მიზანი ევროპის უზრუნველყოფა უნდა იყოს გაზით, არადა, ირანის გავლით მისი აგება, როგორც ითქვა, ამ ეტაპზე ძნელდება, ანუ საქართველოზე უნდა გაიაროს. ეს ნიშნავს, რომ მილსადენმა უნდა გაიაროს კასპიის ზღვაზე. ამ იდეას კი რუსეთიც ეწინააღმდეგება და ირანიც, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ეს ეკოლოგიურად უარყოფით გავლენას იქონიებდა ბუნებაზე.

სხვა სფერო, რომელშიც თურქმენეთი და ირანი ითანამშრომლებენ, ტრანსპორტია. მათ სურთ აამოქმედონ შემაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, რაზეც ასევე მოელაპარაკება აჰმადინეჟადი თავის მასპინძლებს თურქმენეთში. ამ სარკინიგზო ხაზით ყაზახეთი დაუკავშირდება ირანის კასპიისპირა ნავსადგურებს, რაც ირანისთვის ნიშნავს რუსეთსა და ჩინეთთან - ასევე სხვა ქვეყნებთან - ვაჭრობის შესაძებლობების გაზრდას. იმ დროს, როცა დასავლეთი სანქციების დაწესებას უპირებს ირანს, მას ურთიერთობა აქვს გაეროს უშიშროების საბჭოს ორ წევრთან. რკინიგზა ასეთი სანქციების ეფექტიანობას შეასუსტებდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG