Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროკურორს პატიმართა სიკვდილში ადანაშაულებენ


თეირანის ყოფილი მთავარი პროკურორი საედ მორთაზავი (მარჯვნიდან მეორე)
თეირანის ყოფილი მთავარი პროკურორი საედ მორთაზავი (მარჯვნიდან მეორე)
ირანელმა პარლამენტარებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც თეირანის ყოფილი პროკურორი, სულ მცირე, სამი პატიმრის სიკვდილშია დადანაშაულებული. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტებზე, რომლებიც საპატიმროში სასტიკი მოპყრობის გამო დაიღუპნენ.

10 იანვარს გამოქვეყნებულ ირანის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ თეირანის ყოფილ მთავარ პროკურორს, საედ მორთაზავის, პატიმრების სიკვდილში ედება ბრალი. ლაპარაკია სამ პატიმარზე, რომლებიც საპატიმროში 2009 წლის ივლისში დაიღუპნენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, პროკურორ მორთაზავის ბრძანებით, ანტისამთავრობო გამოსვლებისათვის დაპატიმრებული 147 აქტივისტი ქაჰრიზაყის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ისინი განიცდიდნენ საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების უკმარობას. გარდა ამისა, პატიმრები ოთხი დღის განმავლობაში 70 კვადრატული მეტრის მოცულობის ოთახში ცხოვრობდნენ.

ირანის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უსაფუძვლოდ ცნო პროკურორ მორთაზავის მტკიცება, თითქოს პატიმრები ციხეში მენინგიტით გარდაიცვალნენ.

ირანელი აქტივისტების დაღუპვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ირანის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარი, მოჰსენ რუჰოლამინი, ირანის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ოჯახის წარმომადგენელი იყო, ისევე როგორც მუჰამედ ქამრანი და ამირ ჯავადიფარი.

ისინი იმ 147 კაცს შორის იყვნენ, რომლებიც ირანის ხელისუფლებამ 2009 წლის ცხრა ივლისს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და თეირანში მდებარე ევინის საპყრობილეში მოათავსეს. ჩვენებაში, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცა, ევინის ციხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საპატიმროში საკმარისი ადგილები იყო პატიმრების შესანახად, მაგრამ პროკურორმა მორთაზავიმ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ირანის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ქაჰრიზაყის ციხეში გადაეყვანათ, სადაც, ყველაფერთან ერთად, დაპატიმრებულებზე ფიზიკური ზემოქმედება ხორციელდებოდა.

ქაზემ ჯალალის, ირანის საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლის, თქმით, ქაჰრიზაყის ციხე არის წინასწარი პატიმრობის სტატუსის მქონე დაწესებულება, - თანაც, ნარკოტრაფიკიორებისათვის, - სადაც არ იყო იგივე ნორმები, რაც ოფიციალურ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია; ასევე, პატიმრებს არ ეძლეოდათ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება.

თუმცა ირანის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მკაცრად არის უარყოფილი გაუპატიურების ბრალდებები და ნათქვამია, რომ “კომისია არ ადასტურებს სექსუალური ძალადობის რაიმე შემთხვევას”.

როგორც ცნობილია, მეჰდი ქარუბი, რეფორმისტი ოპოზიციონერი ლიდერი და ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, აცხადებდა, რომ რამდენიმე დემონსტრანტი ქაჰრიზაყის ციხეში გააუპატიურეს. თუმცა ადვოკატმა ნაშრინ სოთოუდეყმა, რომელიც რამდენიმე დაპატიმრებული დემონსტრანტის უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაუპატიურების თაობაზე არსებული საჩივარი საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული და არა საპარლამენტო კომისიის, არამედ პროფესიონალი გამომძიებლების მიერ.

ირანის პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფში როგორც კონსერვატიული, ისე ზომიერი ფრთის წარმომადგენელი 6 დეპუტატი შედის. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნების შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის შედეგად, 80 აქტივისტი დაიღუპა, ირანის მთავრობა კი მხოლოდ 40-მდე კაცის დაღუპვას აღიარებს. ირანის ხელისუფლებამ ასევე დიდი ხნის დაგვიანებით აღიარა ქაჰრიზაყის ციხის პატიმრების დაღუპვის ფაქტი. ნიშანდობლივია, რომ ირანის პოლიციის ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში განაცხადა, რომ ქაჰრიზაყის ციხეში მყოფი პატიმრები დამცირებას განიცდიდნენ, თუმცა ირანის ხელისუფლებამ მხოლოდ დეკემბერში აღიარა, რომ სამი პატიმარი საპყრობილეში ცუდი მოპყრობის შედეგად დაიღუპა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG