Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ კობერიძე - მსახიობი


1 იანვარი, პარასკევი
ცოტა გვიან ავდექი, ვინაიდან წუხელ ახალ წელს ჩემს შვილთან და შვილიშვილთან ერთად შევხვდი. რაც მთავარია, ჩემი ლიას სული ჩვენთან იყო. შესანიშნავად გავატარეთ დრო, ბევრი რამ მოვიგონეთ ჩემი ლიას ირგვლივ. შემდეგ იყო რეკვა. ბევრმა დამირეკა ბათუმიდან, თელავიდან. ბევრს ვახსოვარ თურმე. არასოდეს ვითვლებოდი მდიდრად და ახლა, როცა არ ვმუშაობ, მით უმეტეს. მაგრამ მაინც მდიდარი ვარ, მილიონერი, მილიარდერი ვარ. მყავს მაყურებელი, რომელსაც ვუყვარვარ!

2 იანვარი, შაბათი
დღესაც ცოტა მოგვიანებით გავიღვიძე, ჩემი ბავშვები ცოტა გვიან მოვიდნენ. ბედობის დღეა და ვლოცულობდი, რომ ჩემი ერი სამუდამოდ დაწყნარდეს, შეწყდეს ეს ბილწსიტყვაობა, ეს ღალატი რომელიც, სამწუხაროდ, თან გვდევს. აურა არის დაზიანებული. წუხელ სიზმარში ვნახე, როგორ გამოვედი სადღაც მთაზე და ხელებს ვიქნევდი, თითქოს ჰაერს ვწმენდდი. აი, ამაზე ვლოცულობდი. ჩემს ერს დღეგრძელობა ვუსურვე.

3 იანვარი, კვირა
კვირაა და ვისვენებ. ვცდილობ, კარგად დავიმახსოვრო, რაც ამ დღეებში გადამხდა; ვიხსენებ ძველ ამბებსაც - ლიასთან ერთად გატარებულ წუთებს, დღეებს, თვეებს, წლებს. საღამოს მეგობრები შევხვდით ერთმანეთს. ძალიან მიყვარს „ნიკალაში“ ჯდომა, სანაპიროზე. ათასი რამ გავიხსენეთ.

4 იანვარი, ორშაბათი
ტელევეზიის ამბებზე ვფიქრობ. სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ. თუმცა, მხოლოდ ხელოვნების საკითხები მეხება. ჩემი აზრით, პოლიტიკა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, არა ჩასაფრებული, არა ღვარძლიანი, არამედ კეთილი. მწამს, რომ თუ პრეზიდენტი აირჩიე, უნდა გჯეროდეს კიდეც მისი. უნდა აიძულო თავი, რომ დაიჯერო.
დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომა გვქონდა. ძალიან კარგად შემხვდნენ ბიჭები. 17 დეკემბერს 85 წელი შემისრულდა. ბიჭებმა მოიტანეს შამპანური, თვლიან, რომ უკვე სიბრძნე დამეუფლა. ნეტავ, ნუ მივაღწევ კულმინაციას, მაგრამ მოვესწრო სუფთა ჰაერს, განწმენდილ საქართველოს!..
ამ ხნის კაცი არ ვკარგავ იმედს, რომ ამას მოვესწრები. ბევრი რამ არ მომწონს, უფრო მეტი მომწონს. რატომ არის მშენებლობა? რატომ აგებენ გზებს? გზებს იმიტომ აგებენ, რომ შემდეგ ფული შემოვიდეს. ასე რომ, სწორად აზროვნებს ჩვენი ახალგაზრდა მთავრობა.

5 იანვარი, სამშაბათი

ამ დღეებში უფრო ინტენსიურად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზე, სახელმწიფოზე. ძალიან მიხარია, რომ შეიქმნა ძლიერი ჯარი, ვინაიდან თუ თავისუფლება გინდა, ძლიერი ჯარი უნდა გყავდეს. იმიტომ კი არა, რომ სხვა დაიპყრო, არამედ იმიტომ, რომ თავი დაიცვა. მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ამ ჯარს, ჩამოიარეს კუნთმაგარმა ბიჭებმა. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და ვიცი, რა არის ვარჯიში. ვარჯიში არის გონების სისუფთავე. ახალგაზრდობაში ვერიდებოდი ჩხუბს, მეშინოდა, ვინმეს რომ გავარტყა, რამე არ დავუშავო-მეთქი.

6 იანვარი, ოთხშაბათი
ეს დღეები ჩემს ლიაზე ვფიქრობ. ძალიან მაკლია. გასული საუკუნის 70-იან წლებში როგორ ვიფიქრებდი, რომ 2010 წელს მივაღწევდი.
ჩემს ცხოვრებაში ერთი საოცარი რამ მოხდა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და ბუქარესტში ვიდექით, ბრძოლის შემდეგ ორი დღე დაგვასვენეს. მოლდაველი ბიჭი იყო ჩემს ოცეულში, მან ქალაქის ერთ ეგზოტიკურ კუთხეში, ბოშების უბანში წამიყვანა. დარბოდნენ ბოშის გოგოები, ბიჭები. გაგვღლიტეს! შემდეგ ამ ბიჭმა მითხრა, აქ ერთი მარჩიელი ცხოვრობსო და მასთან შევედით. მითხრა: გაუფრთხილდი იმ ადგილს, სადაც მამაშენი დაიღუპაო და დიდხანს იცხოვრებო. გამოვედი გაოცებული.
გავიდა ხანი, თითქმის ოცი წელი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. 1964 წელს ბათუმში ვიყავით გადაღებაზე. წვიმიანი ამინდია და სასტუმროში ვზივარ. ჩემი ლია თბილისშია წამოსული. ქვემოდან მესმის ხმა, დოდო აბაშიძეს ეძახიან. დოდოც თბილისში იყო წასული. მთხოვა, რუსი მეგობარი ჩამოვა და იქნებ მიხედოო. ჩავედი, ვისაუზმეთ. მერე გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით თუ არა, წამოვიდა წვიმა. ჩავუარეთ მწვანე კონცხის რესტორანს. უცებ მოსახვევიდან შემხვედრი მანქანა გამოხტა და მკვეთრად მომანათა სინათლე. დავიბენი, საჭე გამექცა და ხეს დავეჯახე. გონება დავკარგე. დაღუპული ვეგონეთ. ჩამიყვანეს მორგში. ჩემს ბედზე იცვლებოდა ექიმი. ახალმა მოსულმა ჩამოიარა და შენიშნა, რომ რაღაც მიფეთქავდა. საოპერაციო არაფერი მქონდა, უბრალოდ მკერდი მქონდა დაზიანებული. მოვარდა მამაჩემის მეგობარი. მამა 1927 წელს დამეღუპა, მწვანე კონცხთან დაიხრჩო. წყლიდან ცოცხალი ამოუყვანიათ, მაგრამ ვეღარაფერი უშველიათ. როგორც მამას მეგობარმა მითხრა, თურმე ავარია იმ ადგილიდან 50 მეტრში შემემთხვა, სადაც მამა დაიღუპა. საოცრებაა!
მას შემდეგ ნათლად დავინახე ჩემი ცხოვრების გზა. ბარბარობის დღეს ვარ დაბადებული, რწმენა და სიყვარული მუდამ თან მდევდა. ბებია მუხრან-ბატონის ქალი იყო. პირველად 5 წლისა წამიყვანა ეკლესიაში და მასწავლა ლოცვა, პირჯვრის გადაწერა. კომუნისტები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდნენ...
დღეს სამების ეკლესიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ფეხზე დიდხანს ვეღარ ვჩერდები, დასაჯდომი კი, ვიცოდი, არ იქნებოდა. ამიტომ შობას შევხვდი სახლში, ჩემს პატარებთან ერთად. ცოტა დავლიე და, როგორც ბავშვს, ისე ჩამეძინა.

7 იანვარი, ხუთშაბათი
ქართველი კაცის მართვა ძალიან ძნელია. ვინაიდან ისტორიულად ნათქვამია, კაცი ქართველი რომელიც გამდიდრდეს ღალატს მისცეს მერე თავი. ეს არის იმათზე, ვინც ურჯულოა. არადა, რამდენმა სისხლი აირია ერთმანეთში?! ვინ ვინ არის, ვერ გაიგებ. ერთი რამ ვიცი: ძალიან დიდი გვარის წარმომადგენელი ვარ. ბერიძეები ვართ ყველანი: კობერიძეებიც, თუთბერიძეებიც და თვით ბერიძეებიც. ჩემი წინაპრები აზნაურები იყვნენ - კარგი მეომრები და მეფის ერთგულები.
ბიძაჩემის - დედაჩემის ძმის - ხმალზე წერია: «Жизнь моя принадлежит родине, сердце – женщине, честь – мне.» ჩემი ცხოვრება ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული ჩემი - ლიას, ღირსება - მე. და არავინ გაბედოს, ღირსება შემიქოს და მედალი ჩამომკიდოს. ერთხელ უკვე ვუთხარი უარი შევარდნაძეს. 1989 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტობაზე ვიყავი წარდგენილი. როგორც კი 9 აპრილი მოხდა, უარი შევუთვალე: ვერ გავაკეთებ ამას, ჩემი რჯული არ გამიშვებს-მეთქი.

8 იანვარი, პარასკევი

პირველი ჩემი გადაღება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში, „შავ მთებში“ იყო. ვითამაშე პარტიზანის როლი. როდესაც დავამთავრე, გასაოცარი რამ მოხდა. მაშინ თბილისში იყო კინოსკოლა. რეჟისორმა მე და ჩემი მეგობარი ვატა ფირცხალავა ესპანურ ცეკვაში აგვიყვანეს. თვალში მომხვდა პატარა ბაფთიანი გოგონა, ყვავილებით ხელში. ვიცეკვეთ. ატყდა ტაში, ეს გოგონა კი მოვიდა და ფეხებთან დამიყარა ყვავილები. გავიდა დრო და ჩემმა ლიამ მითხრა: მე შენ ძალიან დიდი ხანია გიცნობ. შენ რომ ესპანურს ცეკვავდი და პატარა გოგომ ყვავილები მოგართვა, ის გოგო მე ვიყავიო. მაშინ 6-7 წლის იქნებოდა და ეს ყველაფერი ჩემს გონებაში აღვიდგინე. ჩავიკარი გულში. უფალმა ინება, რომ ერთმანეთს შეგვახვედრა და, მართლაც, იმ ღამეს, როდესაც პირველად გავიცანი, მთელი ჩემი ცხოვრების განცდები მოვუყევი. საოცრად კარგი მოსმენა იცოდა! მე კი ვფიქრობდი, რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო. ისიც ფიქრობდა: ეს ის არის, ვისთანაც მე მყუდრო ადგილი მექნება ცხოვრებაშიო.

9 იანვარი, შაბათი
დილით - სუნთქვის ვარჯიშები, მკლავების ვარჯიშები, მუხლების ვარჯიშები. გახდა 2 საათი. ვიცი, რომ გვიან მოვლენ ჩემი გოგოები, ლოდინი მომიწევს. ერთხელ, როდესაც გაიგეს, რომ სამეურვეო საბჭოში ვარ, გაზეთში დამიწერეს: ბატონო ოთარ, ქალბატონი ლია არ მოგიწონებდათ ამ საქციელსო. მე საჯაროდ არაფერი ვუპასუხე, მაგრამ ხმა მივაწვდინე: როცა რამე გადაწყვეტილებას ვიღებ, რჩევას ყოველთვის ლიას ვეკითხები-მეთქი; ახლაც ვკითხე და მან მიპასუხა, სწორად იქცევიო. გაჩუმდნენ.
მე არც ოპოზიციონერი ვარ და არც ხელისუფლების მომხრე, უბრალოდ, ვარ ქართველი. მომწონს მიშა და ბევრ რამეში ვამართლებ, მაგრამ ბევრში - არა. მაგალითად, არ იყო საჭირო, რომ საღრღნელად მისცა ბერძენიშვილის მონუმენტი. მაგრამ ძირითადად ქვეყანა, ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდის.
XS
SM
MD
LG