Accessibility links

logo-print
საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს არ იწყება. ის კალენდარულ ახალ წლამდე ორი კვირით ადრე იწყება და ძალიან დიდხანს გრძელდება.

შეგახსენებთ: 17 დეკემბერი - ბარბარობა, 25 - შობა (იმათი), 30 - კორპორაციული წვეულება (რა თქმა უნდა, თუ უმუშევარი არ ხარ); 1 იანვარი - ახალი წელი, 2 - ბედობა, 7 - შობა (ჩვენი), 14 - ძველი ახალი წელი, 19 - ნათლისღება, 27 - ნინაობა, 32 (ან სადღაც მის ირგვლივ) – ჩინური (ან სადღაც მაგ რეგიონიდან) ახალი წელი...

ეს ყველაფერი როგორც იშიფრება, ალბათ, კარგად იცით: ღვინო, შამპანური, კონიაკი, ლუდი (პახმელიაზე), ჭაჭა (ხაშთან), ვისკი, გოზინაყი, ჩურჩხელა, შოკოლადი, საცივი, ბაჟე, გოჭი, ხალადეცი, ხიზილალა, კუპატი, ხაში (ჭაჭა), ქონი, ცხიმი, ქოლესტერინი; ერთნაირი სადღეგრძელოები, ერთნაირი ხუმრობები, ჭორები, სიფათები; ტელევიზორში ბავშვობიდან გაზეპირებული ფილმები, ბენი ჰილი, მისტერ ბინი, ერიკ კლაპტონი, ელტონ ჯონი, ჯო კოკერი, The Rolling Stones, Jingle Bells; სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავენ, ბანკები, ფარმაცევტული ფირმები, სამშენებლო, სადაზღვევო, დეველოპერული კომპანიები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები, ორგანიზაციები, რომლებიც ტელეკამერების წინ ხეებს რგავენ და მრავალი სხვა. თანაც, ეს ყველაფერი თითქმის ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში... ხომ შეიძლება კაცმა გარეკოს?! მით უმეტეს, რომ შარშანაც ასე იყო, შარშანწინაც, იმის წინაც.... ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ყველა ჯურის ტაკიმასხარებით, და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამით და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
საქმე კი ნაახალწლევს საქართველოში საახალწლო შეხვედრების და სუფრების გარჩევა-გაზიარებით იწყება და ახლომდებარე რესტორანში პრაქტიკული მეცადინეობით გრძელდება. ამეებზე კიდევ ერთი-ორი დღე იხარჯება.

იმ ორი დღის მერე კი ნამდვილად იწყება ქართული საქმეები. ერთ რამეს ვარ დაკვირვებული: როცა ჩვენში გეუბნებიან, შენთან ერთი საქმე მაქვსო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდათ, რაღაც გთხოვონ, რაღაც გაგაკეთებინონ მუქთად, უფასოდ. ამ გამოცდილებით გამდიდრებული, უფრო მეტი სიმპათიით ვეკიდები იმ ადამიანებს, რომლებიც მომმართავენ: შენთან ერთი წინადადება მაქვსო. მაგრამ, ალბათ, უჩემოდაც კარგად იცით, რომ საქართველოში საქმიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას.
დიალოგების სახით ეს საქმეები დაახლოებით ასეთია:

- მისმინე, საქმე მაქვს შენთან. ერთ ჩემ ძმაკაცს, შენ არ იცნობ, კაფე აქვს წარმატებული და უნდა, ამ კაფეს ვებსაიტისთვის თავფურცელზე ერთი გვერდი დაუწერო. იცის, რომ გიცნობ, მაგის რაღაცეები წავიკითხე, მომწონს როგორც წერსო.

- უყურე შენ, კაფესთან ერთად გემოვნებაც ჰქონია და რო არ ვიცი მაგის ფასები, რამდენს გადამიხდის?

- მოიცა ერთი, რა უნდა გადაგიხადოს, ვორდის ერთი გვერდია, თანაც მაგარი პრესტიჟული ადგილია!

და თუ ამ საუბრის შემდეგ ამ “საქმეს” მაინც მოკიდეთ ხელი, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ “შემკვეთისგან” დაუმსახურებელი საყვედურიც კი დაიმსახუროთ:

- იცი, რაღაც არა გავს შენს ნაწერს, თითქოს მარილი აკლიაო. რახან არ გიხდიან, შენც დაიკიდე, არა?!

ცხადია, ასეთ საქმეებს მაქსიმალურად უნდა ერიდო. და არა იმიტომ, რომ ვორდის ერთი გვერდი ბევრია, ან არავის არ უნდა დაეხმარო. უბრალოდ ასეთ “შემკვეთებს” ჭკუა უნდა ასწავლო. უნდა ასწავლო გადახდა, სხვისი შრომის, სხვისი დროის დაფასება. ამით შენ საქმიანობასაც შესძენ პრესტიჟს. თუმცა, ბუნებრივია, ამასთან ერთად მეგობრობაც არ უნდა დაივიწყო.

ნათქვამის საუკეთესო ილუსტრაციად კი პოპულარული ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილის პიროვნება მიმაჩნია. მისი მრავალი ღირსებიდან უმნიშვნელოვანესად ვთვლი სწორედ იმას, რომ მან ფოტოგრაფის საქმეს საქართველოში ფასი დაადო და პრესტიჟული გახადა ეს პროფესია. მომიტევონ მისმა კოლეგებმა, მაგრამ გურამმა ერთად აღებულ ყველა ქართველ ფოტოგრაფზე მეტი გააკეთა ამ პროფესიის პოპულარიზაციისათვის საქართველოში. ნეტა თუ იციან “კოდაკში”, “ნიკონში”, “კენონში”, “ლაიკაში” და სხვაგან, რამდენად არიან დავალებულნი გურამისგან მათი პროდუქციის გასაღების გამო?!

ის სულ საქმეშია, გაჩერებულს ვერ ნახავთ: როცა არ იღებს, ახალგაზრდებს ასწავლის.

ის წარმატებული ბრენდია, ამიტომ მის ნამუშევრებს მარტო საზღვარგარეთ კი არა, საქართველოშიც ყიდულობენ.
ის პროფესიონალია, მაგრამ ფული მისთვის არასდროს არ არის გადამწყვეტი და ამიტომაც კარგად იცის, ვის უნდა გადაახდევინოს ფული და ვის უნდა აჩუქოს თავისი ნამუშევარი.

ის იმდენად უკონფლიქტო და მშვიდობიანი ადამიანია, რომ გაურბის ფოტოგრაფებისთვის ერთობ მომგებიანი თემის, ომის გადაღებას. თავის მშვიდობისმოყვარეობას კი ტანსაცმლით აბალანსებს: ძალიან უყვარს მილიტარისტული სტილი, განსაკუთრებით კი - კიტელები.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: თუ 12 თებერვალს საგამოფენო დარბაზ “კოპალაში” მიხვალთ, სადაც 5 საათზე გურამის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, იუბილარი თავის რომელიმე დიქტატორულ კიტელში დაგხვდებათ გამოწყობილი. წიბახა ხომ 50 წლის გახდა ამ დღეებში!

P.S.: ბლოგის დასაწყისში შევეცადე, საახალწლო სიტუაცია წიბახას ფოტომეთოდით აღმეწერა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG