Accessibility links

logo-print

ნატო უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებას აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში


ნატო გმობს და უკანონოდ მიიჩნევს 17 თებერვალს გაფორმებულ შეთანხმებას, რაც რუსეთის სამხედრო ბაზის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განთავსებას გულისხმობს. ამ შინაარსის ინფორმაციას უცხოეთის მედია ალიანსის წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. კონკრეტულად რა მიდგომა აქვს ნატოს რუსეთის სამხედრო გადაწყვეტილებასთან და რა შეიძლება მოჰყვეს ალიანსის შეფასებებს მაშინ, როდესაც კრემლი დე ფაქტო აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისს უწოდებს?

”რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ჩვენ იურიდიული ძალის მქონედ არ განვიხილავთ”, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა კარმენ რომერომ 17 თებერვალს ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, ითქვა, რომ ალიანსი კვლავაც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულება, გაიყვანოს თავისი არმია ომამდე არსებულ პოზიციებზე და შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კარმენ რომეროს კომენტარის შინაარსი ცნობილია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლისთვის ნატოში, გრიგოლ მგალობლიშვილისთვის, რომელსაც ხშირად უწევს საჯაროდ თუ არასაჯაროდ გაკეთებული მსგავსი განცხადებების მოსმენა ალიანსის იერარქიის სხვადასხვა დონეზე. გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ შინაარსის იყო განცხადებები, რომლებიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა მოსკოვში ვიზიტისას, გასული წლის 16-17 დეკემბერს.

კარმენ რომეროს მიერ 17 თებერვალს ბრიუსელში გაკეთებულ კომენტარში გრიგოლ მგალობლიშვილი იმ ”მტკიცე პოზიციის” კიდევ ერთ დადასტურებას ხედავს, რომ ალიანსი რუსეთთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს საქართველოს ინტერესების ხარჯზე:

”მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი და რუსეთი თანამშრომლობენ და განაახლეს თანამშრომლობა, პრინციპული საკითხები მუდმივად იქნება დღის წესრიგში და ეს თანამშრომლობის ფორმატი მუდმივად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთს მოუწოდონ, შეასრულოს თავის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.”

ვიდრე ნატო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს და მას დახვეწილი დიპლომატიის ენაზე ელაპარაკება, ექსპერტები თვალნათლივ ხედავენ, როგორ მიზანმიმართულად მიიწევს წინ კრემლი და როგორ აქტიურად ცდილობს აგვისტოს აგრესიის შედეგების დაკანონებას. ამის ნათელი დასტურია 17 თებერვალს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც სამხედრო ბაზის ამოქმედებასაც გულისხმობს. ხელშეკრულებას მოსკოვში ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ. შეთანხმება დაიდო 49 წლით და მისი მოქმედება შესაძლოა, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ავტომატურად კიდევ 15 წლით გაგრძელდეს. რუსეთის ძირითადი სამხედრო ბაზა და შტაბი ამოქმედდება გუდაუთაში.

აშკარაა, რომ რუსეთი არ აპირებს შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის მითითებები და, მით უმეტეს, იმ ალიანსისგან წამოსული მითითებები, რომელიც ახალ სამხედრო დოქტრინაში მისკენ მიმართულ განსაკუთრებულ საფრთხედ შეაფასა. არაერთი ექსპერტი ხედავს იმასაც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო ბაზის ამოქმედებით, კრემლი პირდაპირ უპირისპირდება ნატოს გაფართოების გეგმებს. თუმცა, როგორც, მაგალითად, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, ალიანსს ამ ეტაპზე, განცხადებების გარდა, მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია:

”ნატოს არ უნდა, რომ ზედმეტ კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთან, რადგანაც ხვდება, რომ კონფრონტაცია (არ ხელმძღვანელობს რა რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებით) უფრო გაართულებს შემდგომში ვითარების გამოსწორებას. ნატო ცდილობს, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის დათბობის გზით მოაქციოს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში.”

ირაკლი სესიაშვილი გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ”დასავლეთს რუსეთი სჭირდება როგორც ენერგორესურსების მიმწოდებელი და არ უღირს საქართველოს პრობლემა აქციოს თავის ნომერ პირველ პრობლემად.” ამ კონტექსტში უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ახსენებს ”წაყრუების პოლიტიკასაც”, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსეთთან კავშირში მიმართავენ ხოლმე. ”ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ აძლევს უფლებას, გადადგან უფრო აქტიური ნაბიჯი, როგორსაც, მაგალითად, ჩვენ ვინატრებდით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი სესიაშვილმა.

სწორედ ე.წ. წაყრუების პოლიტიკას მიაწერს ბევრი ექსპერტი რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფო საფრანგეთს შორის მიღწეულ პრინციპულ შეთანხმებას, კრემლისთვის სამხედრო ვერტმფრენმზიდის, „მისტრალის“, გადაცემასთან დაკავშირებით. ექსპერტთა ნაწილი მოელოდა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები საფრანგეთის ამ ნაბიჯს მკაცრად გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ხსენებულ სამხედრო გარიგებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ნატოს გენერალური მდივანი. „ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ ნატო ვერ ჩაერევა ვაჭრობის პროცესში. რესპონდენტი გამოთქვამს იმედს, რომ პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში წარიმართება და რომ გამოსავალი არა აკრძალვაში, არამედ რუსეთთან მეტი საერთოს გამონახვაშია:

”წინსვლის გზა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა, იმაში დარწმუნება, რომ ჩვენ ერთმანეთს მტრებად არ ვთვლით. ნატო-რუსეთის საბჭო ჩვენ დაახლოებით 8 წლის წინ დავაფუძნეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე აქვს პარტნიორის სტატუსი. ნატოელ მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა რუსეთთან. თუკი ჩვენ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას შევძლებდით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ასეთი სადავო აღარ იქნებოდა.”

„ნიუსვიკში“ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველო არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ესმის იმ წუხილისაც: ”მე ასევე მესმის წუხილი, რომელიც ალიანსის ზოგიერთმა მოკავშირემ გამოხატა რუსეთთან ”მისტრალით” ვაჭრობის თემაზე.“

იმის მიზეზად, რომ ნატო სათანადოდ არ აღაშფოთა რუსეთ-საფრანგეთის სავარაუდო სამხედრო გარიგებამ, ექსპერტთა ნაწილი თვით ”მისტრალის” არასახიფათო პარამეტრებს თვლის. ამ ვერსიის მიხედვით, ალიანსი ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ ვერტმფრენმზიდით შეიარაღებული რუსეთი მეტ საფრთხეს შეუქმნის ალიანსის წევრ რომელიმე სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG