Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტ-მეკობრის ჩანაწერები - 4. “მახასიათებელი ნაკლი”, თომას პინჩონი (2009)


დრო – 1960-იანების ბოლო, ჰიპების ეპოქის დაისი. ადგილი – კალიფორნია. მთავარი გმირი – კერძო დეტექტივი დოკ სპორტელო, ზანტი, სულ მუდამ დაბოლილი ტიპი. იგი ნაღდი ჰიპია, თუკი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰიპი-გამომძიებელი. თმებიც აფრო ყაიდაზე აქვს დაყენებული, ჯიმი ჰენდრიქსივით. ეს ზანტი დეტექტივი კარდაკარ დადის, დაკითხვებს აწარმოებს, დაკითხავს სტრიპტიზიორებს, სერფერებს, ნათელმხილველებს, გაქექილ ფსიქიატრებს და ლას ვეგასიდან ჩამოხეტებულ ყომარისტებს. საქმე ისაა, რომ სპორტელოს ყოფილი გოგონა შასტა ფეი თავის ახალ კაცთან, ვიღაც მაყუთიან ტიპთან ერთად სადღაც გადაიკარგება, შემდეგ კი დოკი აღმოაჩენს, რომ ეს გაუჩინარება საეჭვოდ არის დაკავშირებული სხვა საქმეებთან, რომელსაც იგი იძიებს.

ბევრის აზრით, “მახასიათებელი ნაკლი” ე.წ. hard-boiled დეტექტივის ჟანრის (ეს ჟანრი თავის დროზე რაიმონდ ჩენდლერისა და დეშილ ჰემეტის ხელში ჩამოყალიბდა) პოსტმოდერნული ვარიანტია, გნებავთ მიძღვნა, პაროდია, გადააზრება. დოკ სპორტელო გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ფილიპ მარლოუს, ჩენდლერის რომანების მთავარ გმირს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ მარლოუ დიდი რაოდენობით ბურბონს ურახუნებს, სპორტელო იმით განსხვავდება, რომ აუარება მარიხუანას ეწევა.

ესაა მარიხუანის კვამლით გაჯერებული წიგნი, სადაც მაღალი და დაბალი კულტურული ალუზიების ნაზავს ერთვის ლიტერატურული ანცობები + გნომური ისტორიული მინიშნებები + კალამბურები + სიურეალისტური ზმანებები + აბსურდი, თუმცა იგი მაინც სუფთაა თანამედროვე ლექისგან, რადგან XXI საუკუნეში დაწერილ და იმავდროულად პრე-შიდსურ, პრე-ფემინისტურ და ათას სხვა რაღაცამდელ წიგნად ითვლება. ესაა shaggy-dog დეტექტივი, ჩახლართული, უკბილო ამბავი უაზრო ფინალით, “მალტის შევარდენი”, რომელშიც 60-იანი წლების რომელიმე ამერიკული კომიქსის გმირები მონაწილეობენ.

წიგნის სათაური საზღვაო სამართლიდანაა აღებული და ეს სადაზღვევო ტერმინი გულისხმობს მალფუჭებადი პროდუქტის გამორიცხვას სადაზღვევო პოლისიდან (მაგალითად, როგორ უნდა დააზღვიო კვერცხი, რომელიც ყოველ წამს განწირულია გატყდეს). ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სათაურს საკმაოდ ფართო განმარტება შეიძლება მიეცეს. ამიტომ ვარაუდებს არ მოვყვები, გავაგრძელებ ამბავს და გეტყვით, რომ “მახასიათებელი ნაკლი” არაა პინჩონის საუკეთესო ნაწარმოები, იგია ე.წ. Pynchon Minor, მწერლის შედარებით უმნიშვნელო ნაწარმოები, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ სამომავლოდ შეიძლება სწორედ ეს ნაწარმოები გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში, რადგან მის სხვა რომანებთან შედარებით მკითხველისთვის მარტივი, ნათელი და ადვილი დასაძლევი წიგნი, კარგი სატყუარა იქნება.

მისი ნაწარმოებების დაძლევას ევერესტზე ასვლასაც ადარებენ კრიტიკოსები, სადაც არა მხოლოდ წერაყინი, წრიაპები და თოკებია საჭირო, არამედ ჟანგბადიც. პინჩონი თანამედროვე მწერლობის ფარული ღვთაებაა, მწერალი, რომელსაც უფრო თაყვანს სცემენ, ვიდრე უყვართ. თუ არ ვცდები, კოლეგებიდან იგი მხოლოდ სალმან რუშდის ჰყავს ცოცხლად ნანახი, როცა მის ერთ-ერთ წიგნზე წერდა რეცენზიას „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ და ამის გამო ისადილა კიდეც მასთან. რუშდი მაშინ პოპულარობის მწვერვალზე იყო.

პინჩონი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოებები რთულია მოსანელებლად და ისინი ბოლომდე ძალიან ცოტა ვინმეს თუ აქვს წაკითხული, მთლიანად პოპულარულ კულტურას უტრიალებს. იგი მთელი თავისი არსებით, მთელი თავისი შემოქმედებით ამტკიცებს, რომ ერთი მხრივ ნიჭსა და მეორე მხრივ, გემოვნებას არაფერი აქვს საერთო. არაერთხელ გამოუთქვამთ აზრი იმის შესახებ, რომ არ არსებობს მასავით საშინელი გემოვნების მქონე მწერალი და ვერავინ ისე ოსტატურად ვერ თამაშობს ამერიკულ პოპ-კულტურასთან, როგორც პინჩონი.

“მახასიათებელ ნაკლს” პინჩონური სიგიჟის ყველა საფირმო ნიშანი ახასიათებს: პერსონაჟების არანორმალური სახელები, კიჩური სიმღერები, ნუმეროლოგიური ფოკუსები და პერსონაჟების გადმოყვანა და გადამუშავება ძველი რომანებიდან (ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით Vineland-დან), თუმცა, მთელი ამ გართობის, თამაშის, მინიშნებებისა და გარეკვების მიუხედავად, წიგნს მაინც დაყვება ერთი დიდი სევდა, წუხილი იმის გამო, თუ როგორ ცხვირწინ აწაპნეს ვიღაც „გალსტუკიანებმა“ მთელს ამერიკას 60-იანი წლების სამოთხე. სწორედ ამიტომაც, პინჩონის ბოლო რომანი ბევრი კრიტიკოსისთვის Vineland-ის წინაისტორიად უფრო მოჩანს, რომანისა, სადაც პინჩონი მწარედ “ღადაობდა” რეიგანის ფაშისტურ მთავრობაზე და აჩვენებდა, თუ როგორ შეიძლებოდა 60-იანების თავისუფლებიდან ფაშისტურ 80-იანებზე გადასვლა, ეპოქაზე, როცა მემარჯვენე ფედერალები 60-იანებიდან შემორჩენილ ჰიპებს დევნიდნენ.

სხვათა შორის, თავისი ბოლო წიგნისთვის პინჩონი ბევრ დათმობაზე წავიდა. ინტერნეტ-მაღაზია amazon.com-ზე ჯერ სარეკლამო ვიდეო დააგდებინა, სადაც კალიფორნიის ხედებს თავად ავტორის ხმა ადევს, შემდეგ კი აგვისტოშივე გამოაქვეყნა რომანის შესაფერისი სიმღერების პლეილისტი, რომელსაც თომას პინჩონი სთავაზობდა თავის მკითხველს. სიმღერები მთლიანად, რა თქმა უნდა, 60-იანი წლების მუსიკისგან შედგება. ცნობილებიდან შეხვდებით „ბიტლზის“ Can't Buy Me Love-ს, გეცის და ჟილბერტოს Desafinado-ს, სულ ადრეული „პინკ ფლოიდის“ Interstellar Overdrive-ს (უფრო „ველვეტ ანდერგრაუნდს“ რომ ჰგავს), „სერფერისის“ Wipeout-ს და მრავალ სხვა კომპოზიციას. ნახეთ და შეადარეთ თქვენი გემოვნება პინჩონისას.

რომანის აუდიოვერსიის ლინკები იხილეთ აქ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG