Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას სოლიდარობა პატიმრებს


მოდერატორები: ზაქარია ქუცნაშვილი (მარცხნივ), და ეკა ბესელია (ცენტრში)
მოდერატორები: ზაქარია ქუცნაშვილი (მარცხნივ), და ეკა ბესელია (ცენტრში)
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განაგრძობს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრებისა და იმ ადამიანების მონაცემთა გამოქვეყნებას, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სულ მალე მოძრაობა დაიწყებს მართლმსაჯულების გამორჩეულად მიკერძოებული წარმომადგენლების დასახელებას.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თვეზე მეტია იმ ადამიანთა მონაცემებს აგროვებს, რომლებიც თავს ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევენ. მოძრაობის ლიდერი ეკა ბესელია საპროტესტო აქციების პარლალელურად სასამართლოშიც ჩივის და საზოგადოებას, მისი სიტყვებით, უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების ვინაობასაც აცნობს.

ეკა ბესელიას თქმით, წარმოდგენილ სიაში არიან როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მოტივით დაკავებული ადამიანები. ამასთან, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოძრაობამ რიგით მესამე სია გამოაქვეყნა:

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანთა სია, რომელიც შემდგომ კიდევ გაიზარდა იმ კომისიის დასკვნის შედეგად, რომელშიც შედიან უფლებადამცველი ორგანიზაციები. ამ სიაში უკვე 60-მდე პოლიტპატიმარია. რაც შეეხება უკანონო პატიმართა რიცხვს, უკვე მესამე, 50-კაციან, სიას წარმოვადგენთ.“

ეკა ბესელიას მოსაზრებას, რომ საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი იზიარებს, თუმცა პოლიტპატიმრების შესახებ არაფერია ნათქვამი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს ხელისუფლებაც. აი, რა განაცხადა გასული წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, როცა მას უცხოელმა ჟურნალისტებმა პოლიტპატიმრების შესახებ ჰკითხეს:

„გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი არ შეიძლება სერიოზულად განიხილებოდეს, რადგან რეალურად საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.”

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საინტერესოა, ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს პოლიტპატიმარია თუ არა ესა თუ ის მსჯავრდებული, რომელსაც, განაჩენის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ შეკითხვას ორიოდე თვის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულების დირექტორმა ჟან ლუი ლორანმა უპასუხა. მისი თქმით, ვითარებაში გასარკვევად მომჩივანმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიმართოს.

თუმცა, ვიდრე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ, წარმომადგენლები საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელისუფლებასა და მართლმსაჯულების სისტემაზე ზემოქმედების სხვა საშუალების გამოცდას აპირებენ. ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი დეპუტატი და წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „კანონი ხალხისათვის“, ამბობს, რომ სულ მალე საზოგადოების წინაშე სხვა სიით წარდგებიან:

„ჩვენ ვიწყებთ 200-ზე მეტი უკანონო პატიმრის საქმეების დამუშავების საფუძველზე იმ მოსამართლეების დასახელებას, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიგურირებენ უკანონო განაჩენების დადგომაში. შემდგომ პრესკონფერენციაზე დავასახელებთ ერთ ან ორ ასეთ მოსამართლეს. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავაწესოთ მუდმივი მონიტორინგი იმ მოსამართლეებზე, რომლებიც საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG