Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელემედია არჩევნების წინ


2010 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის მიხედვით, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აირექსი“ აქვეყნებს, ქართულ ტელემედიაში ისევ პრობლემად რჩება მედიამფლობელების საკითხი. იმავე დასკვნით, უკანასკნელ სამ წელიწადში დაცემულია სიტყვის თავისუფლების და მედიაპროფესიონალიზმის ხარისხი. საქართველოში საარჩევნოდ ტელემედიის მონიტორინგს რამდენიმე კერძო კომპანიაც ახორციელებს.

მედიაპროფესიონალიზმის დონე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აირექსის“ 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, 2008 წელთან შედარებით, დაახლოებით 50 პროცენტითაა შემცირებული:

„საქართველოში ჟურნალისტები ახლოს არ არიან ჟურნალისტიკის ისეთ ფუნდამენტურ სტანდარტებთან, როგორიცაა სიმართლის გადმოცემა, ობიექტურობა და ფაქტებზე დაყრდნობილი რეპორტინგი.

„აირექსის“ ანგარიშის მიხედვით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიამფლობელების არატრანსპარანტულობაა. ანუ ხშირად, განსაკუთრებით ტელესივრცეში, არაა გარკვეული ვინაა ამა თუ იმ ტელეარხის რეალური მფლობელი და რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება იგი. ამაზე კორუფციასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსპარან ინტერნეიშენალიც“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს „აირექსის“ 2010 წლის დასკვნიდან:

„მმართველი ელიტა, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს გარე და შიდა გამოწვევებთან, ბატონობს უდიდეს მედიაკომპანიებზე, რათა ნაციონალური აზრის ფორმირებაზე გავლენა მოახდინოს. მეორე მხრივ, მეორე ჯგუფი მედიაკომპანიებისა ფეხდაფეხ მიჰყვება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მედიაბიზნესის ქონა საქართველოში არის, უბრალოდ, იარაღი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.“

„აირექსი“ საუბრობს ასევე ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს, გაძლიერებაზე, რასაც მეტი ბალანსი და მრავალფეროვნება შემოაქვს მთლიან მედიადისკურსში. „აირექსი“ ახსენებს, მაგალითად, facebook-ს და youtube-ს, როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროს, და, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ 1 მილიონამდე ადამიანი უკვე ინტერნეტიზებულია, რაც მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ამის მიუხედავად, სხვა კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ინფორმაციის მთავარ წყაროდ ისევ ტელევიზიები რჩება. კავკასიის რესურსთა კვლევის ცენტრის მიხედვით, 90 პროცენტი მოსახლეობისა ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. აქედან დიდი უმრავლესობა ტელევიზიას ახალი ამბების გასაგებად იყენებს. როგორ შუქდება ახალი ამბები ტელევიზიებში? ამის შემოწმებას არჩევნების წინ ცდილობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც სამი ქართული და ერთიც უკრაინული კომპანია დაიქირავა. დაკვეთა ტელემედიის მუშაობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასებაა. ასევე ფასდება ტელეარხებზე გასული პოლიტიკური რეკლამაც. დაქირავებული კვლევითი კომპანიები საქართველოში ლიცენზიის მქონე დაახლოებით 50-მდე ტელეარხიდან მხოლოდ შვიდი წამყვანი არხის მონიტორინგს ახორციელებენ. დასკვნებს ისინი 25 მაისისთვის დადებენ, თუმცა, როგორც ცესკოს წარმომადგენელმა ჯული გიორგაძემ გვითხრა, კომპანიებმა „ახალ ამბებში“ ტენდენციები უკვე გამოავლინეს:

„ნიუსებში მაინც ფიქსირდება დისბალანსი, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული, რომელ ნიუსებში და რომელ არხებზე. მხოლოდ იქნა გაკეთებული ზოგადი განცხადება, რომ ქართულმა არხებმა გაითვალისწინონ ის, რომ უფრო დეტალური ანგარიში დაიდება.“

საქმე ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ქართული კომპანიები მხოლოდ მშრალ ფაქტებს აგროვებენ - მაგალითად, თვლიან რომელ კანდიდატს რა დრო ეთმობა, უკრაინული კომპანია „პრო.მოვა“ კი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანალიზს აკეთებს. მცირე შეფასებით ელემენტებს ქართული კომპანიებიც მოიცავენ - მაგალითად, ფასდება მედიაპროდუქციის ტონალობა. მედიაკვლევების „აი პი ემის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ბაქრაძე ამბობს:

„ამ შემთხვევაში რაღაცა მოვლენების მიხედვით არის - თუ რაღაცა პოზიტიურს აკეთებს, ანუ, ვთქვათ, ბატონი მერი მივიდა სადღაც და რაღაც გახსნა, ეს ჩვენი მხრიდან უკვე პოზიტივში ითვლება, ანუ კრიტერიუმები გვაქვს შეფასებების მონიტორინგში ჩადებული და ამისდა მიხედვით ხდება შეფასება. თუნდაც ის კრიტიკული, პოზიტიური, ნეიტრალური. ნეიტრალური, ბუნებრივია, მშრალი ინფორმაციაა.“

როგორც უკვე ითქვა, ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის დონე დაცემულია, რაც ნიშნავს სულ უფრო ნაკლებ მშრალ ინფორმაციას და სულ უფრო მეტ პოლიტიკურ მიკერძოებას რომელიმე მხარისადმი. თუმცა, როგორც აგრეთვე ითქვა, ბალანსი მედიასივრცეში ინტერნეტს შემოაქვს, რომელზე კონტროლსაც, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ. თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ, მიუხედავად 1 მილიონი მომხმარებლისა, ინტერნეტი ინფორმაციის მიღების წყარო ჯერ მხოლოდ მცირე ჯგუფებშია.
XS
SM
MD
LG