Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა


დევიდ კამერონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

დევიდ კამერონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ დევიდ კამერონს პირველი სამუშაო დღე იმ მხრივაც დაამახსოვრდება, რომ ამ ქვეყანას, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე, პირველად მართავს კოალიცია. კამერონის ცენტრისტულ-მემარჯვენე კონსერვატორული პოლიტიკური ჯგუფი მცირე ცენტრისტულ ლიბერალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუკავშირდა. კამერონი პრემიერი ლეიბორისტ გორდონ ბრაუნის გადადგომის შემდეგ გახდა. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, 11 მაისს, კონსერვატორებმა შეძლეს შეთანხმება მემარცხენე-ცენტრისტულ ძალასთან, ლიბერალ-დემოკრატებთან, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ არჩევნებში. კამერონის მთავრობის სათავეში მოსვლით ბრიტანეთში დასრულდა ლეიბორისტების 13 წლიანი მმართველობა. დევიდ კამერონი 43 წლისაა, ის ბოლო 200 წელიწადში ამ უძველესი დემოკრატიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. კამერონმა პრემიერის რანგში წარმოთქმულ თავის პირველ სიტყვაში აღიარა, რომ სირთულეები იქნება:

„მძიმე და რთული სამუშაო გველის წინ. კოალიცია ყველანაირი გამოწვევის წინაშე დგას. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მტკიცე და სტაბილური მთავრობა გვქონდეს, ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას, ისეთი რომელიც დაეფუძნება ამ ფასეულობებს - ოჯახის, საზოგადოების აღდგენას, ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი პასუხისმგებლობის აღდგენას.“

გავიხსენოთ კამერონის პოზიცია საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ. მაშინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თბილისს ესტუმრა და მას ბრიტანეთის მაუწყებლის, „BBC-ის“, კორესპონდენტი ესაუბრა. კამერონი იმ ინტერვიუში ამბობს, რომ ბრიტანეთი, უძველესი დემოკრატია, უჭერს მხარს საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის, ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი მისი ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. კამერონი 2008 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ ყველა დასავლელმა პოლიტიკოსმა, მთავრობაში მყოფმა და ოპოზიციონერმა, უნდა შეისმინოს პრობლემა, რომ აქედან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის ჯარია და განაგრძობს ზიანის მიყენებას. მისი აზრით, მათ ძალიან ცხადი მესიჯი უნდა გაავრცელონ, რომ რასაც რუსეთი ანადგურებს, მის აღდგენაში საქართველოს ევროკავშირი და ნატო დაეხმარებიან. ასე თვლიდა მაშინ დევიდ კამერონი, რომელიც იქვე დასძენდა, პრემიერი სრულიად მართალი, იყო, როცა დაგმო რუსეთის აგრესიაო. კამერონი ამბობს ამ ინტერვიუში, რუსეთს ეკისრება პასუხისგებლობა მის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული პირების მოქმედებისთვისო. მისი აზრით, რუსეთზე ზემოქმედებაა საჭირო. კამერონი დასძენს:

„დიახ, ყველას სურს რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის, სახელმწიფოთა ოჯახის ნაწილი იყოს, მაგრამ დაუშვებელია სხვა ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს ქუჩებში შენი ტანკები დაქროდნენ.“

კამერონი ამ ინტერვიუში ამბობს, მართალია, საქართველომ შეიძლება არასწორად გათვალა სამხრეთ ოსეთში ვითარება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მისი ტერიტორიაა და რუსეთის ტანკების აქ შემოჭრა სულ სხვა თემაა - სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დაკავება მიუღებელია და რუსეთის ჯარი უნდა გავიდესო. ასეთი იყო ბრიტანეთის ახალი პრემიერის შეხედულება 2008 წლის აგვისტოში.

დავუბრუნდეთ მის ახლანდელ საქმეს. კამერონის გუნდის მთავარი წევრების ვინაობა ცობილია. საგარეო საქმეთა სფეროს ჩაიბარებს უილიამ ჰეიგი, ხოლო პარტიის საფინანსო მრჩეველი ჯორჯ ოსბორნი ფინანსთა მინისტრი გახდება. ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი პრემიერის მოადგილე იქნება, ერთ-ერთი, სხვა მის ხუთ თანაპარტიელთან ერთად კაბინეტში. ამგვარი კოალიციის შექმნა კომპრომისებსა და დათმობებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, კონსერვატორებმა თანხმობა გამოუცხადეს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, რაც ლიბერალ-დემოკრატების მოთხოვნა იყო. ეს სისტემა ორ დიდ პარტიას - ლეიბორისტებს და კონსერვატორებს - ანიჭებდა უპირატესობას. ისინივე შეურიგდნენ ცვლილებას, პარლამენტი გარკვეული ვადით იყოს არჩეული, რაც სიახლეა ბრიტანეთისთვის: აქამდე პრემიერი განსაზღვრავდა არჩევნების ვადას. თავის მხრივ, ლიბერალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს კონსერვატორების წინადადებას, ხელი მოუჭირონ იმიგრაციას ევროპის კავშირის გარედან. ლიბერალ- დემოკრატიული მოძრაობა, ლოგიკურად, უფრო ახლოსაა ლეიბორისტულ იდეოლოგიასთან. კლეგმა აღიარა ეს და თქვა, ჩემი პარტიის ზოგიერთ წევრს კონსერვატორებთან კავშირის მიმართ არა მხოლოდ შეკითხვები, ეჭვებიც კი აქვსო.

მაგრამ მან მომხრეებს განუმარტა:

„დამიჯერეთ, ამ შეთანხმებას არ შევუერთდებოდი, მართლა დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ის იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას, თქვენთვის და ჩემთვის სასურველ ცვლილებებს მივაღწიოთ.“
XS
SM
MD
LG