Accessibility links

logo-print
ერთ ღამეში გორში „ნაციონალური მოძრაობის“ და ქრისტიან-დემოკრატების ყველა საარჩევნო პლაკატი ჩამოხიეს. როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განადგურება ისჯება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღამღამობით პლაკატების ჩამოხევა მაინც გრძელდება.

ქრისტიან-დემოკრატებმა სააგიტაციო მასალა ქალაქში გვიან ჩამოიტანეს, მათი პლაკატები კედლებზე სამი დღის წინ გამოჩნდა, მაგრამ დილას აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა პლაკატი ან ნაწილობრივ, ან მთლიანად განადგურებულია. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი რეაგირებისთვის განცხადებით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს.

ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებიც ჩამოხეულია. მმართველ პარტიას კონკრეტული ეჭვმიტანილები არ ჰყავს. პარტიის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი თათია ცხადაძე როგორც მოქალაქეებს, ისე კონკურენტებს თავშეკავებისკენ მოუწოებს, რათა ეს ფაქტი პარტიებს შორის დაპირისპირების საგნად არ იქცეს.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სააგიტაციო მასალის განადგურების შესახებ ჯერ განცხადება არ შესულა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი ხორბალაძის განცხადებით, თუ ასეთი მიმართვა მათთან შევა, კომისია მოკვლევას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატარებს და რეაგირებისთვის სამართალდამცავებსაც მიმართავს.

მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში სამართალდამცავები პატრულირებენ, მაგრამ პლაკატების მხევლები ჯერ ვერ გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ „ალიანსს“ გორში არც ერთი პლაკატი არა აქვს. პარტიის ხელმძღვანელების განცხადებით, ფინანსების დაზოგვის გარდა, მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებაზეც უარი თქვეს. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ღამღამობით პლაკატებს ხევენ? მართალია, პარტიების წარმომადგენლები საკუთარ ეჭვებზე არ საუბრობენ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მათ პლაკატებს ან კონკურენტები, ან მათზე განაწყენებული მოქალაქეები ანადგურებენ.
XS
SM
MD
LG