Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგეთ პონტში...


ამას წინათ მუშაობა დავიწყე ფილოსოფიურ ტრაქტატზე, რომლის სახელწოდებაცაა: „კახა ბენდუქიძე - დიდი მოაზროვნე თუ უდიდესი მოაზროვნე?“ მასალების მოძიებისას გადავაწყდი ბენდუქიძის ბლოგს და მისი ერთი პოსტით შთაგონებულმა, გადავწყვიტე სია ჩამომეწერა, თუ რა მომწონს და რა არ მომწონს ცხოვრებაში.

მე მომწონს:

• მხატვრული ფილმი „დიდი ლებოვსკი“.
• გაზაფხულის საღამოს საამური სიო.
• პიცა.
• ინტერნეტი მობილურში. სვამ მეგობრებთან ერთად და ამ დროს ვიღაცა იკითხავს, აბა, თუ გახსოვთ „ბემბი“ ვინ დაწერაო. როგორ გაიხსენებ ვიკიპედიის გარეშე?
• სიმართლე.
• „ლოსტის“ პირველი, მეორე და მესამე სეზონები. მეოთხე სეზონის მეორე და მეექვსეს პირველი ნახევარი.
• ფული როცა მაქვს.
• სუპ-ხარჩო.

მე არ მომწონს:

• „ლოსტის“ მეოთხე სეზონის პირველი ნახევარი და, განსაკუთრებით, ფინალი.
• გამოთქმა „არა უშავს, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა“. არავის არაფერს ეუბნება და პირში ცუდ გემოს გიტოვებს. ქართული კრიტიკის დიდი ნაწილი სწორედ ეს ფრაზაა სხვადასხვა ვარიაციებით.
• კინოში რომ მინდა წასვლა და სულ ქართული ფილმები რომ გადის. თუ არჩევანი გაქვს „მაიტა ნასოსს“, „ოცნების ქალაქსა“ და „სპამს“ შორის, ესე იგი, არჩევანი არც გქონია. იქნებ არ ღირდეს ქართული კინოინდუსტრიის აღორძინება?
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა.
• ახალი მოდა რომაა, გოგონებს რაღაცნაირად ჩაზნექილი შარვლები რომ აცვიათ. აი, უკან ტომარასავით რომაა ჩამოკიდებული. ვინ გადაწყვიტა, რომ ეგ ლამაზია? ჰიტლერმა?
• პიშკები. სამსახურთან აკეთებენ და გვერდზე რომ ჩაივლი მეთოთხმეტეჯერ გაცხელებული ზეთის მომშხამავი სუნი ასდის. თან, ისე იაფია, ვარიანტი არ არის ძალიან მავნებელი არ იყოს.
• სიტყვა „ბაყვი“ და მისი სინონიმები - ბარძაყი და ბარკალი. ასევე - თეძო. რა იყო, ქართველო ერო, არ შეიძლებოდა ცოტა უფრო კეთილხმოვანი სიტყვის მოფიქრება?
• კომუნისტები. ბებერი სტალინისტები კი არა, არამედ ახალგაზრდა, სახეზეკარაქგადასმული კომკავშირული სულის ტიპები.
• ის, რომ ხანდახან ნამეტანი გულუბრყვილო ვარ. „მოდელირებული ქრონიკის“ მერე ვფიქრობდი, საწყალი ლაშა ხარაზიშვილი, მაგაზე გადატყდება მისი უფროსების სიდებილე. ეგ ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, მაგრამ, აბა, ამის მერე ნამდვილ „ქრონიკას“ როგორღა წაიყვანს მეთქი.
• ის, რომ ინგლისი ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. აუცილებლად მაგათთან უნდა ტარდებოდეს, მეოთხედფინალში ღირსეულად რომ არ დამარცხდენ? რა იქნება, მოიგონ ერთხელ. თუნდაც უღირსად, იტალიურად...

„არ მომწონს“ მეტია, ვიდრე „მომწონს“. ამის გამო მუცელში სამართებელი უნდა ვიტაკო? ჰამბურგერში დარიშხანი უნდა ჩავიყარო და ცეცხლმოკიდებული ხიდიდან გადავხტე? არტოშანი ვაღიარო? კბილებით პუდელი დავიჭირო, ჩავიხადო და ისე ავირბინო ლესელიძის ქუჩა? ხინკალი ჩანგლით ვჭამო?
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG