Accessibility links

logo-print

საგადასახადო კოდექსი 98%-ით შეიცვლება


კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ახალი საგადასახადო კოდექსი, მეორე დღეა, საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, ცვლილებების განხილვის მიზნით, ბიზნეს-ასოციაციას შეხვდება. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 98%-ით შეიცვლება. ამის შესახებ, თავად ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, ეს არის რეალურად ახალი კოდექსი, რადგან ასეთი ცვლილებების შემდეგ ძველი კოდექსის ძალაში დატოვებას აზრი აღარ აქვს. მისი განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის გათვალისწინებულია განსხვავებული დაბეგვრა, ხოლო გარე მოვაჭრეებისთვის - ფიქსირებული გადასახადის შემოღება. ამ დროისთვის არსებობს რამდენიმე ვარიანტი და საუკეთესოს ბიზნესმენებთან მიმდინარე შეხვედრების შედეგად შეარჩევენ. არასამთავრობო სექტორისა და ბიზნეს-ასოციაციის შემდეგ ბაინდურაშვილი ცალ-ცალკე შეხვდება მცირე მეწარმეებსა და გარემოვაჭრეებს. საბოლოოდ, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო რედაქცია 2-3 კვირის შემდეგ ექნება.

ამ ეტაპზე, გარკვეული ინფორმაციიდან საგულისხმო სიახლე კიდევ ის არის, რომ საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსში პირველად „მიკრო“ და „მცირე ბიზნესის“ ცნებები გაჩნდება, რაც აქამდე არანაირად არ იყო განსაზღვრებული. შესაბამისად, გაცილებით გაიოლდება ბიზნესის ამ კატეგორიების იდენტიფიცირება და მათ მიმართ შესაბამისი პოლიტიკის წარმოება.

წინასწარი ინფორმაციითვე, ახალი კოდექსით არ იცვლება საგადასახადო განაკვეთები, თუმცა თვისებრივად იცვლება გადასახადების ადმინისტრირების წესი. ამასთან, მინიმუმამდეა დაყვანილი ორმაგად წაკითხვადი მუხლების რაოდენობაც, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა კოდექსს მოქმედების ყველა ეტაპზე.
XS
SM
MD
LG