Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ფეხბურთის და რაგბიში გამარჯვების კვირა


ამ კვირაში ქართული საზოგადოების ყურადღება ორი სპორტული მოვლენისადმი იყო მიმართული. დიდი ფეხბურთის ზეიმს - მსოფლიო ჩემპიონატს - ქართველი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ და პირველ თამაშებს სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალყურს, კვირის ბოლოს კი საქართველოს ნაკრებმა რაგბიში შოტლანდიის A ნაკრებს სძლია.ზაფხულისთვის დამახასიათებელი ტემპით - შედარებით მდორედ - მიდიოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც.

საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი, რომელიც ჟენევაში 8 ივნისს მიმდინარეობდა, ამ ფორმატის ფარგლებში გამართული ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია აღმოჩნდა, თუმცა ვერც მან მოიტანა კონკრეტული შედეგი. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები ნაწილობრივ შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ მოხერხდა შედეგიანი დისკუსიის გამართვა მათთვის და კრემლისთვის უმთავრეს საკითხზე, რაც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების შემუშავებას გულისხმობს. რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა საპროტესტო ქმედებები სხვა საკითხებსაც დაუპირისპირეს.

თბილისისთვის მიუღებელია გეგმა, რომლის უკანაც აშკარად შეიმჩნევა მოსკოვის სურვილი - წაიწიოს წინ მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ლეგიტიმაციის გზაზე. თბილისის პოზიცია უცვლელია და ეს კიდევ ერთხელ გამოიხატა 8 ივნისს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის მსვლელობისას. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქართული მხარე აბსოლუტურად საკმარისად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ჩადებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ამ დოკუმენტის გადახედვას მხოლოდ უკეთესი ვარიანტის შემოთავაზების შემთხვევაში დაუშვებს - თანაც, ერთი პირობით, რომ შეთანხმება არა სეპარატისტულ რეგიონებთან, არამედ აუცილებლად საქართველოსა და რუსეთს შორის შედგეს:

გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
”თუკი საჭირო გახდება ახალი შეთანხმების დადება (რაც არ არის გამორიცხული, რომ უფრო ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი ახალი შეთანხმება დაიდოს მომავალში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის...), ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს როგორც ძალის გამოუყენებლობას, ასევე სხვა ვალდებულებებს, კერძოდ - ჯარების გაყვანას საქართველოდან... შეუძლებელია, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებამ თუ ნებისმიერმა მომავალმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს იმას, რომ არსებული შეთანხმება, სადაც არის როგორც ძალის გამოუყენებლობა, ასევე რუსეთის ვალდებულება ჯარების გაყვანაზე, შეიცვალოს შეთანხმებით, სადაც მეორე ვალდებულება აღარ იქნება...”

8 ივნისს პარიზში ერთმანეთს საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვდნენ. ნიკოლა სარკოზიმ და მიხეილ სააკაშვილმა ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ნატოში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციასა და ევროკავშირის დახმარებაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის საგნად იქცა რუსეთის მიერ აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმებების შეუსრულებლობაც. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან, მისივე თქმით, ”ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო მთლიანად, ყოველგვარი ყოყმანის, წინაპირობების და დათქმების გარეშე, საქართველოს ყველა საკითხში მხარს უჭერს.“

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია, საქართველოში არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის და თბილისის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. სხდომა ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოში განსახორციელებელია კიდევ ბევრი რეფორმა, რომლის მხარდაჭერას ალიანსი უფრო მეტი ძალისხმევით ცდილობს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის აუცილებლობაზე გაამახვილა. რასმუსენმა კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა და, წარმატებული რეფორმების შემთხვევაში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

საქართველოს კონსტიტუციის საბაზისო პროექტი მოიწონეს ვენეციის კომისიაში და შეაფასეს როგორც მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რეფორმა, განაცხადა კვირის დასაწყისში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ფინანსური ანგარიში წარადგინა. ცესკოში წარდგენილ დოკუმენტაციას თან ერთვის აუდიტის დასკვნა და საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყარო. წინასწარი შედეგების თანახმად, გამარჯვებულ ხუთ საარჩევნო სუბიექტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დახარჯული თანხის - 14 მილიონი ლარის - ოდენობით ლიდერობს.

სოზარ სუბარი
”ალიანსი საქართველოსათვის” ყოფილი წევრი სოზარ სუბარი კი ამ კვირაში ”ქართული იდეის” გარშემო საზოგადოების გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. მისი წერილი, ამავე სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება”, ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის - ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება. 9 ივნისს კი ქართულ, ეროვნულ იდეაზე სამსჯელოდ უკვე საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. “ქართული იდეის” მთავარი მიზანი - ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაა. მთავარი კითხვები კი, რომელზე სასაუბროდაც სოზარ სუბარმა პოლიტიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, იურისტები - სხვადასხვა სფეროს ექსპერტები - მოიწვია, ასეთია: როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა,როგორ ვხედავთ საქართველოს ადგილს და ფუნქციას მსოფლიოში? რა გვესახება უახლოეს და სტრატეგიულ მიზნებად? თავად სუბარმა თქვა, რომ მის ამ წერილს არა აქვს პოლიტიკური პროგრამის პრეტენზია, თუმცა, ამავე დროს, ეს არის ერთგვარი მცდელობა პროვოკაციისა, რომ საზოგადოებამ დაიწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა. მისივე განცხადებით, ახლო მომავალში ის არ გეგმავს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

მიმდინარე კვირაში საზოგადოებას მედიამონიტორინგის ანგარიშები წარუდგინეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნებამდე და მის შემდგომ მედიის მუშაობას აკვირდებოდნენ. ეს კვლევის შედეგები წარმოადგინა ევროკავშირის დელეგაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემებს ეყრდნობოდა. მათი ანგარიში მოიცავს არჩევნებამდე 5 კვირით ადრე და არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში პერიოდს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით, კვლევას აწარმოებდა უკრაინული სოციოლოგიური სამსახური ”პრომოვა”, რომელიც, თავის მხრივ, სამი ქართული სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მონაცემებს იყენებდა - ესენია: პრაიმ-ტაიმი, ჯიბისი და აიპიემი. ამ ჯგუფის კვლევის პერიოდი იყო აპრილ-მაისის თვეები.

უკრაინის კომპანია ”პრომოვას” მმართველი დირექტორის ევგენი გლებოვიცკის განმარტებით, მათმა ორგანიზაციამ მოამზადა ჩაღრმავებული თვისებრივი და შემაჯამებელი რაოდენობრივი დასკვნა, ანუ ის მხოლოდ იმაზე არ იყო მიმართული, რომელ კანდიდატს რომელ სატელევიზიო არხზე რა დრო დაეთმო. აი, როგორ ხსნის კვლევის ამ მეთოდის არსს თავად ევგენი გლებოვიცკი:

”ჩვენ, ძირითადად, სატელევიზიო სიუჟეტებზე გავამახვილეთ ყურადღება. აი, მაგალითად, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს თავის თავზე პირველ პირში, ხოლო მეორე პოლიტიკოსზე საუბრობს მისი ოპონენტი, ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილია მანიპულირება. სწორედ ასეთ რამეებზე დაკვირვებით და მონიტორინგით ხდება შესაძლებელი ჟურნალისტიკის საერთო ხარისხის გაზრდა. ახლა წინ არის დიდი სამუშაო, თუ როგორ მუშაობდა მედია არჩევნების დროს, რა შეცდომებს უშვებდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ ესმის ის განსხვავებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენი მონიტორინგი არ იყო მიმართული იმის გამოსარკვევად, რომელიმე ტელევიზიის ეთერში რომელიმე კანდიდატს მეტი უპირატესობა ჰქონდა თუ ნაკლები. ამიტომ ჩვენს კვლევას ეუთოს კვლევას ვერ შევადარებდი. ჩვენ, უბრალოდ, საზოგადოებას მივეცით შესაძლებლობა, საკუთარ თავს ახლებურად შეხედოს და შეაფასოს.”

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელსა და მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ პრეზიდენტს მალხაზ გულაშვილს, რომელიც შვილთან ერთად მოსკოვში იმყოფება, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მალხაზ გულაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ედავებოდა. პარალელურად, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და მედიის წარმომადგენლებმა აქციები გამართეს ტელეკომპანია „კავკასიის“ ოფისის წინ. გულაშვილის მომხრეები ტელევიზიის ხელმძღვანელობას პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს, მედიის წარმომადგენლები კი ტელევიზიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ.

როგორც გითხარით, 10 ივნისს”კავკასიასთან” შეკრებილმა რამდენიმე ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგებს, რომლებსაც ბოლო დროს ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა. აი, რა განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ:

ელისო ჩაფიძე, ჟურნალისტი
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ განახორციელებს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციონერი - ყველა შემთხვევაში ხმა უნდა ამოვიღოთ. უნდა იცოდნენ, რომ „კავკასია“ მარტო არ არის და მასზე თავდასხმა უნდა შეწყდეს.“

სახელმწიფო უწყებებში აქამდე არსებული გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად გარდაიქმნებიან. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” პრეზენტაციაზე გაკეთდა. ეს ცენტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და სწორედ ის გააკონტროლებს შიდა აუდიტორების საქმიანობას.

ახალი სამსახურის მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე საუბრობს: ”მოხდება ოპერატიული მართვა და არა რაღაც პერიოდის შემდეგ შემოწმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურებისთვის.”

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის საქმიანობაში დარღვევები აღმოჩნდება? ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” უფროსის მოდგილე თათია ელიაძე განმარტავს:

”დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში „სახელმწიფო შიდა აუდიტის ეროვნული ცენტრი“ არ განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ამ შიდა აუდიტის საქმიანობაზე, მაგრამ განახორციელებს მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლს. თუ აღმოვაჩენთ, რომ შიდა აუდიტის მიერ დაწერილი დასკვნები არის სუბიექტური, მაშინ ჩვენი სამსახური მიმართავს სახელმწიფოს მთავრობის მეთაურს, რომ უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა სამუშაო პროცესში.“

11 ივნისს ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის დაიწყო ერთთვიანი დიდი დღესასწაული - მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმართება.

ჩვენთვის ჯერჯერობით მეტად რთულია მსოფლიოს 32 საუკეთესო ქვეყანას შორის ფეხბურთში მოხვედრა, ამბობს სპორტის დეპარტამენტის პრესატაშე გიორგი ჭანიშვილი, თუმცა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ჩემპიონატების დროს ფანკლუბების შექმნა:

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართა კლუბი
”საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ბრაზილიას, იტალიას, არგენტინას, ინგლისს, ჰოლანდიას, ესპანეთს... გამონაკლისი, ამ მხრივ, არც წლევანდელი ჩემპიონატი იქნება. დაგეგმილია მატჩების ერთობლივი ყურება, ბევრ ადგილას იქნება ფანკლუბი, დიდ ეკრანებზე ქალაქის არაერთ ადგილას ფეხბურთის გულშემატკივრები ერთად უქომაგებენ საყვარელ გუნდებს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში, შემდეგი ერთი თვე ფეხბურთით იცხოვრებს.”

აქვე ვიტყვით, რომ ამ კვირის ბოლოს მორიგ წარმატებას მიაღწია საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მონაწილეობს რაგბის საერთაშორისო კავშირის ეგიდით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პარასკევს დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში - "ერთა თასის" გათამაშებაში.

ასპარეზობის პირველივე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული - შოტლანდიის A ნაკრები - 22:21.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG