Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომაა საგადასახადო კოდექსის პროექტი რევოლუციური?


ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საგადასახადო კოდექსის ახალი „რევოლუციური პროექტის“ განხილვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისულმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი კოდექსის მიზანია საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა, ბუნდოვანი დებულებების აღმოფხვრა და ადმინისტრირების გაიოლება. რატომაა რევოლუციური საგადასახადო კოდექსის პროექტი და რას უწუნებენ მას?

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტი თითქმის მთლიანად - 98 პროცენტით – განსხვავდება მოქმედისაგან. მინისტრ კახა ბაინდურაშვილის თქმით, იცვლება არა მხოლოდ ცალკეული დებულებები და საპროცენტო განაკვეთები, არამედ მთლიანად სახელმწიფოს მიდგომა გადასახადების აკრეფისადმი.

„მთავარი პრინციპი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ, ესაა თავის დროზე ხისტი, მაგრამ გამართლებული კოდექსიდან გადასვლა უფრო გონივრულ ადმინისტრირებაზე: გადამხდელთა უფლებების გაცილებით მეტი დაცვა და მეტი შეღავათები მცირე მეწარმეებს, რაც იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება“, განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა, რომლის თქმითაც, საგადასახადო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ბიზნესის კატეგორიებად დაყოფაა. შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები და დაბეგვრის შესაბამისი რეჟიმები. მიკრობიზნესის კატეგორიაში ექცევიან 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას. ამ კატეგორიის ფიზიკური პირები გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. მცირე ბიზნესის კატეგორია კი მოიცავს იმ საქმიანობას, რომლის წლიური ბრუნვაც არ აღემატება 200 ათას ლარს და იბეგრება მხოლოდ 3-5 პროცენტით. კოდექსში შეტანილ ამ სიახლეს იწონებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე:

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე
„მცირე ბიზნესის შემთხვევაში აღრიცხვისა და ოპერაციების წარმოება ისე, როგორც მსხვილი ბიზნესი აკეთებს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ანუ მცირე ბიზნესს ნამდვილად უნდა ჰქონდეს უფრომ მეტი შეღავათი, აღრიცხვა უნდა ხდებოდეს უფრო მარტივად. ცხადია, იდეალური სისტემა არ არსებობს, მაგრამ თუ მცირე ბიზნესს დავავალებთ ისე იმოქმედოს, როგორც მსხვილმა, ამით გაცილებით მეტ პრობლემას შევუქმნით.“

საგადასახადო წნეხის დიფერენცირებას იწონებენ საქართველოს პარლამენტშიც. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სიახლეა ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება და აუდიტორთა უმაღლესი საბჭოს შექმნა.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბიზნესის გაძლიერებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ პროგრესულ გარემოშია შესაძლებელი დამატებითი ადგილების შექმნა“, განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, საგადასახადო კოდექსის პროექტს არაერთი ხარვეზი უპოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს კოდექსის ის პუნქტები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს განათლების გაძვირებას:

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე
„სახელოვნებო სკოლების, მუსიკალური სკოლების, სპორტსკოლების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა ნიშნავს იმას, რომ სპორტსკოლაში ივლის ბაინდურაშვილის შვილი, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქის შვილი ვერ ივლის.“

კოდექსის პროექტის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადით ასევე დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სიახლის მიზანი მცირე ბიზნესიდან დაკლებული შემოსავლის კომპენსირებაა. ამასთან, კახა ბაინდურაშვილი დარწმუნებულია, რომ კოდექსის ცვლილება გამოიწვევს სწავლის საფასურის გაზრდას:

„უმაღლესი სასწავლებლისთვის დღგ-ს გაზრდით სასწავლებლის მფლობელი ნაკლებ თანხას ჩაიდებს ჯიბეში.“

ფინანსთა მინისტრის ეს არგუმენტი არადამაჯერებელად ეჩვენებათ როგორც ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, თუმცა, როგორც ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, კოდექსის პროექტი განხილვის სტადიაშია და დამტკიცებამდე მასში არაერთი ცვლილება შევა. სავარაუდოდ, ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 2011 წლიდან – პარლამენტში განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ – შევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG