Accessibility links

logo-print

სეპარატისტული რეგიონების ულტიმატუმები ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ


გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გაეროს შტაბბინა ჟენევაში

აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ულტიმატუმს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ულტიმატუმიც მიემატა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მხარს უჭერს სოხუმის დე ფაქტო ლიდერების გადაწყვეტილებას ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდან ”დროებით გასვლასთან” დაკავშირებით და იმუქრება, რომ მოლაპარაკებებს თავადაც ბოიკოტს გამოუცხადებს, თუკი საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. აქცენტი კვლავაც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე კეთდება. როგორ აფასებენ სეპარატისტული რეგიონების გადაწყვეტილებებს თბილისში და რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ნაბიჯებს?

ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესიდან აფხაზეთის მხარის ”დროებით გასვლასთან” დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ნადირ ბიტიევმა 23 ივნისს გაავრცელა. მიზეზად სახელდება ჟენევის საერთაშორისო ფორმატის არაპროდუქტიულობა და პროცესის თანათავმჯდომარეების - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის - არაობიექტური დამოკიდებულება. ”ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ თანათავმჯდომარეები ვერასდროს ახერხებდნენ მოლაპარაკებების კონსტრუქციულად და ობიექტურად გაძღოლას”, - ამბობს ბიტიევი და იქვე ერთგვარი ულტიმატუმიც იკვეთება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ”აფხაზეთის მთავრობა მოლაპარაკებათა პროცესს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როდესაც თანათავმჯდომარეები წარმოადგენენ ყველა მხარის წინადადებების შემცველ კონკრეტულ დოკუმენტს და შესაძლებელი გახდება ღია დისკუსია და დებატები. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი დოკუმენტი გამოჩნდება გონივრულ ვადაში.”

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს კონკრეტულ ვადას უწესებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოყენებული ულტიმატუმი. ”თუკი 12 ივლისისთვის, როდესაც ცხინვალში თანათავმჯდომარეების მორიგი შეხვედრა გაიმართება, ჩვენ არ წარმოგვიდგენენ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ახალ პროექტს, შემდეგი რაუნდი აღარ იქნება”, - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი, ბორის ჩოჩიევი, ხუთშაბათს გაკეთებულ კომენტარში და იქვე დასძენს, რომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედაც რომ თანათავმჯდომარეებს დაეკისრებათ.

სეპარატისტული რეგიონების ასეთ სინქრონულ ნაბიჯებს თბილისი უწოდებს შანტაჟს, რომლის უკანაც მოსკოვის ხელწერა იკითხება.

”ეს არის მოსკოვის ტრადიციული შანტაჟის სიგნალები, მიმართული თანათავმჯდომარეებისკენ, ჩვენკენ და დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობისკენ... იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს შანტაჟი მათ არ გაუვათ, სწრაფად შეიცვლიან პოზიციას და გავაგრძელებთ დისკუსიას ჟენევაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ბოკერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულად მიიჩნევს კრემლისა და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების მოთხოვნას ძალის გამოუყენებლობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

გავიხსენოთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რამდენიმე რაუნდზე ეს სამეული დაჟინებით მოითხოვდა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაფორმდეს თბილისსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართული მხარის უცვლელ პოზიციას. ბოკერია განმარტავს, რომ ქართული მხარე, ძალის გამოუყენებლობის კონტექსტში, აბსოლუტურად საკმარისად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებაში ასახულ ვალდებულებებს; მაგრამ თუკი ახალი შეთანხმების აუცილებლობის საკითხი მაინც დადგება, მან რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა დააკმაყოფილოს:

”ეს შეთანხმება უნდა შეიცავდეს როგორც ძალის გამოუყენებლობას, ასევე რუსული ჯარების გაყვანის კომპონენტს. და ჩვენ მზად ვართ, ეს შეთანხმება დავდოთ რუსეთთან... და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვისმენთ, რომ რუსეთი არასოდეს აღარ მოაწერს არანაირ შეთანხმებას ხელს და თან შანტაჟს ეწევა თანათავმჯდომარეების მიმართ, რომ რაც მას სურს აშკარა პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ის მიიღოს... ამას პერსპექტივა არ აქვს... ”

თუკი საქართველო ამ საკითხთან მიმართებით კომპრომისზე წავა, ის ამით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს და ამიტომ კომპრომისი დაუშვებელია - ასეთია ანალიტიკოსების უდიდესი ნაწილის დასკვნა. ამგვარ მიდგომას მკაცრად იცავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებს ადარებს უინტერესო სატელევიზიო სერიალს, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ თუკი ეს პროცესი სეპარატისტული რეგიონების მიზეზით ჩაიშლება, მისი აზრით, საქართველო არაფერს წააგებს და მეტიც:

”პირიქით, მოვიგებთ, მე თუ მკითხავთ... რომ აღარ გვექნება ამის იმედი და ევროკავშირი და ვაშინგტონიც იძულებული გახდებიან, დაიწყონ რაღაც სხვა ფორმატის ძებნა. და ის სხვა ფორმატი, ეჭვი არ მეპარება, გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ჟენევის ფორმატი.”

სოსო ცინცაძის განმარტებით, მთავარია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი საქართველომ არ ჩაშალოს, რადგანაც ვინც პირველი გავა მოლაპარაკებებიდან, სწორედ მას დაბრალდება სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
XS
SM
MD
LG