Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგო მე-11 რაუნდი


ჟენევა
ჟენევა
საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი, რომელიც ჟენევაში 8 ივნისს მიმდინარეობდა, ამ ფორმატის ფარგლებში გამართული ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია აღმოჩნდა, თუმცა ვერც მან მოიტანა კონკრეტული შედეგი. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები ნაწილობრივ შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ მოხერხდა შედეგიანი დისკუსიის გამართვა მათთვის და კრემლისთვის უმთავრეს საკითხზე, რაც ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების შემუშავებას გულისხმობს. რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა საპროტესტო ქმედებები სხვა საკითხებსაც დაუპირისპირეს.

”მთავარ საკითხს, რაც მოლაპარაკებებზე დაისვა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკითხი წარმოადგენდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ და მისმა სატელიტებმა უფრო ღიად დაიწყეს იმის მტკიცება, თითქოს მედვედევი-სარკოზის მოლაპარაკებებში ახალი პროექტის შემუშავების არანაირი ვალდებულება არ დევს. სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს მხარი ამ საკითხში დაუჭირა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა”, - ასეთია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადება, რომელიც მან ჟენევის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა. ჩოჩიევი გამოხატავს როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონისა და რუსეთის რწმენას, რომ ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმების შემუშავების აუცილებლობას მედვედევი-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში იმავე წლის 8 სექტემბერს შეტანილი დამატება გულისხმობს. სეპარატისტული რეგიონები ყოველმხრივ უჭერენ მხარს კრემლის იდეას, რომ ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმებები საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის უნდა გაფორმდეს.

თბილისისთვის მიუღებელია ასეთი გეგმა, რომლის უკანაც აშკარად შეიმჩნევა მოსკოვის სურვილი - წაიწიოს წინ მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ლეგიტიმაციის გზაზე. თბილისის პოზიცია უცვლელია და ეს კიდევ ერთხელ განმეორდა 8 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის მსვლელობისას. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქართული მხარე აბსოლუტურად საკმარისად მიიჩნევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ჩადებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ამ დოკუმენტის გადახედვას მხოლოდ უკეთესი ვარიანტის შემოთავაზების შემთხვევაში დაუშვებს - თანაც, ერთი პირობით, რომ შეთანხმება არა სეპარატისტულ რეგიონებთან, არამედ აუცილებლად საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა შედგეს:

”თუკი საჭირო გახდება ახალი შეთანხმების დადება (რაც არ არის გამორიცხული, რომ უფრო ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი ახალი შეთანხმება დაიდოს მომავალში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის...), ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს როგორც ძალის გამოუყენებლობას, ასევე სხვა ვალდებულებებს, კერძოდ - ჯარების გაყვანას საქართველოდან... შეუძლებელია, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებამ თუ ნებისმიერმა მომავალმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს იმას, რომ არსებული შეთანხმება, სადაც არის როგორც ძალის გამოუყენებლობა, ასევე რუსეთის ვალდებულება - ჯარების გაყვანაზე, შეიცვალოს შეთანხმებით, სადაც მეორე ვალდებულება აღარ იქნება...”

ასეა თუ ისე, ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების ახალი მექანიზმის საკითხის განხილვა მომავალი რაუნდისთვის გადაიდო. გალის რაიონში გართულებული ვითარების ფონზე, ამ ეტაპზე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სრულმასშტაბიანი ამოქმედების იმედი აქვთ. ჯერჯერობით იმედი უკავშირდება იმასაც, რომ ხსენებული მექანიზმი ცხინვალის დიდხანს ბლოკირებული მიმართულებითაც ამოქმედდება.

სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლების უარის გამო, სამშაბათს უშედეგო აღმოჩნდა მოლაპარაკებების წარმართვა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებით, ხოლო იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დევნილებისა და ჰუმანიტარული საკითხები უნდა განხილულიყო, სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ბორის ჩოჩიევი ამბობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათი ხედვა არავინ გაიზიარა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გულისწყრომა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის ფარგლებში ახალგორის ოკუპირებული რაიონის გაზმომარაგების საკითხსაც უკავშირდება. ამ საკითხზე მხარეები ეუთოს შუამავლობით მსჯელობდნენ. ”თუკი გაზმომარაგებას არ აღადგენს, ქართული მხარე ქართული სოფლებისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტისკენ გვიბიძგებს”, - ასე ჟღერს ბორის ჩოჩიევის ერთგვარი არაპირდაპირი მუქარა. გიგა ბოკერიას თქმით კი, ოკუპირებული ახალგორის რაიონის გაზით მომარაგებისთვის ორი აუცილებელი საკითხის გადაწყვეტაა საჭირო:

”ახალგორში მოხდა თითქმის სრულფასოვანი ეთნიკური წმენდა, მაგრამ დარჩა მცირე რაოდენობა მოსახლეობის და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ იმ მცირე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ ცხოვრების მინიმალური პირობები... მაგრამ ელემენტარული საკითხებია გადასაწყვეტი. ჯერ ერთი, ეს გაზი უნდა მოხმარდეს მოსახლეობას და არა რუსეთის სამხედრო ბაზას... და მეორე საკითხია, რომ წმინდა წყლის სამართლებრივი პრობლემებია გადასაჭრელი. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, ყაზახეთი, არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. თუკი იქნება მინიმალური კონსტრუქციულობა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, ამას წინ არაფერი არ უდგას. მაგრამ თუ ვიღაცას უნდა, რომ გაზით მომარაგდეს რუსეთის სამხედრო ბაზა, სამოქალაქო მოსახლეობის ნაცვლად, ეს ვერ მოხდება ნამდვილად...”
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაწყდება ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხი. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ჟენევაში, ტრადიციულად, არც 8 ივნისს გასჭირვებიათ, შემდეგი რაუნდის თარიღს უკავშირდება. საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-12 რაუნდი 27 ივლისისთვის დაიგეგმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG