Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ცხოვრებოვი დანებებას არ აპირებს


გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორის, თემურ ცხოვრებოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც მუცლის თიაქარის ოპერაციას გაუკეთებენ. ეს და სხვა დაზიანებები მან 24 ივლისს, ცხინვალში მასზე განხორციელებული თავდასხმისას მიიღო.

დაახლოებით 10 თავდამსხმელში ცხოვრებოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო. კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან. ცემამდე ერთი დღით ადრე კაზიმირ პლიევი ცხოვრებოვს ტელეფონზე მოკვლით ემუქრებოდა.

თემურ ცხოვრებოვი მასზე თავდასხმას ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობას და ცოტა ხნის წინ ცხინვალში რესპუბლიკური პარტიის დასაფუძნებლად დაწყებულ მოძრაობას უკავშირებს. მისი აზრით, თავდამსხმელებმა დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის ბრძანება შეასრულეს.

ცხოვრებოვის ცემამდე ორი დღით ადრე ჩოჩიევმა ის და ქართულ-ოსური ფორუმის სხვა ოსი მონაწილეები მოღალატეებად გამოაცხადა. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და დამნაშავეების დასასჯელად ყველა ინსტანციას მიმართავს. რედაქტორმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს მასზე თავდამსხმელი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა.

ცხინვალში რომ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ზეწოლა ხორციელდება, ამას ქართულ-ოსური ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი სარმატ ფარასტაევიც ადასტურებს. რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარში მან განაცხადა, რომ ცხოვრებოვის მიმართ მუქარები ცხინვალის საავადმყოფოშიც არ წყდებოდა, რაც მისი ვლადიკავკაზში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

უახლოეს პერიოდში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი საერთაშორისო ორგანიზაციებს მათ წევრზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ მიმართავს და ამ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს. ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ბენდიანაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრება სახიფათოა, რადგან კოკოითის ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის არავის დაინდობს. ბენდიანაშვილის თქმით, ცხოვრებოვის გაზეთით ხშირად ისმოდა ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა მითვისებული ფინანსების, კორუფციისა და ჩაშლილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

როგორც 90-იანი წლების კონფლიქტისას, ისე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თემურ ცხოვრებოვი იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ომის შემდეგ სწორედ მან განაცხადა ცხინვალში ქართული წიგნების დაწვის შესახებ, რამაც საქართველოსა და რუსეთის მედიაში დიდი ხმაური გამოიწვია. ბოლო პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობს ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მუშაობაში. ბოლო შეხვედრისას ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვა მიიღო, რომ პოლიტიკურ საკითხებზე წინ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება მოხდეს. ფორუმის ოსი მონაწილეების ეს ნაბიჯი კი კოკოითის ხელისუფლებამ ოსური ინტერესების ღალატად შეაფასა, რასაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG