Accessibility links

logo-print

კონკრეტული რჩევა ბალანსის შესანარჩუნებლად


ვენეციის კომისიის ლოგო

ვენეციის კომისიის ლოგო

ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ, ქართული შესწორებებით, პარლამენტმა შესაძლოა პრემიერზე კონტროლი დაკარგოს, რაც ძლიერი პარლამენტის იდეას ასუსტებს. მდგომარეობის გამოსწორებისთვის რეკომენდაცია საკმაოდ კონკრეტულია. კომისია საკუთარ ოფიციალურ მოხსენებას ერთ თვეში გამოაქვეყნებს, მანამდე კი კომისიის მდივანი ტომას მარკეტი მედიას ხვდება.

შეხვდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, შეხვდნენ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას, მთავრობის წევრებს, ოპოზიციას პარლამენტში და პარლამენტს გარეთ; შეხვდნენ არასამთავრობო სექტორს, სამეცნიერო სექტორიდან ხალხს, სტუდენტებს. კონკრეტული ხალხია, არ საუბრობენ პოლიტიკური ქვეტექსტებით… კონკრეტული რეკომენდაციები, კონკრეტული შეკითხვები. გასაკვირი არცაა - ვენეციის კომისიის წევრთა უმრავლესობა სამეცნიერო წრიდანაა. ამბობენ, რომ ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურა და იდეები ექსპერტულ იდეებს ჯაბნის. ამას გაგებით ეკიდებიან, რადგან მათ მთავარი ბარიერი ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ჯგუფთან აქვთ.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოსაზრებების მოწოდება შეგვიძლია, მაგრამ საბოლოო პასუხისმგებლობა ხალხის მიერ არჩეული ჯგუფის ხელშია“, - ამბობს ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკეტი.

ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენელნი კი, თავის მხრივ, ცდილობენ საკითხი მარტივ დეტალებამდე დაიყვანონ და ამბობენ, ძირითად ხაზზე შევთანხმით, ახლა დეტალებს ვაზუსტებთო. თუმცა, როგორც ირკვევა, საკითხი ასეთი მარტივი არაა. ის, რასაც დეტალებს ეძახიან, საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველი დეტალებია. დავიწყოთ თავიდან. ახალი პროექტით, პარლამენტი გაძლიერებულია და, აი, რატომ:

„მთავარი მიზეზი პარლამენტის გაძლიერებისა არის ის, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანი, პრემიერ-მინისტრი, იქნება სწორედ პარლამენტის მიერ არჩეული.“

თუმცა პატარა პრობლემა იქმნება სწორედ აქ: მას შემდეგ, რაც პარლამენტი ყველაზე ძლიერ ფიგურას ირჩევს, ის მასზე კონტროლს კარგავს.

„საქართველოს მიერ შეთავაზებული ვერსიით, პრემიერს საკმაოდ დიდი ძალაუფლება ექნება. მაგალითად, მას შეეძლება მთავრობის წევრის გამოცვლა პარლამენტის დასტურის გარეშე. მსგავსი ძალაუფლება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრემიერი არის პარლამენტის კონტროლის ქვეშ და როცა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა პრემიერი მოხსნას და ის ახალი პრემიერით ჩაანაცვლოს.“

თუმცა, ქართული ჩასწორებებით, პარლამენტს ამისთვის უმრავლესობა -სამოცი პროცენტი - სჭირდება, რაც, ვენეციის კომისიის აზრით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ის უნდა დაიწიოს. სხვა შემთხვევაში პრემიერის კონტროლი საკმაოდ გართულდება, რადგან, მაღალი ნიშნულის დაწესების გარდა, ქართულმა ვერსიამ სხვა ბარიერებიც შეუქმნა პარლამენტს - საქმეში პრეზიდენტი ჩართო. მაგალითად, თუ პრეზიდენტს პარლამენტის კანდიდატურა არ მოსწონს, ან ძველი მოქმედი პრემიერი მოსწონს, პარლამენტს ძალიან გაუჭირდება რამის შეცვლა:

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სტაბილური და ეფექტური მთავრობა სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გვესმის მოთხოვნა ძლიერი პრემიერ-მინისტრისა. ძლიერი პრემიერ-მინისტრი ნაკლებად საშიშია ძალაუფლების ბალანსისთვის, ვიდრე ძლიერი პრეზიდენტი, რადგან ის, წესით, პასუხისმგებელია პარლამენტის მიმართ და მისი გადაყენება პარლამენტს შეუძლია.“

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პარლამენტს, ქართული საკონსტიტუციო ჩასწორებებით, ეს ძალიან გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG