Accessibility links

logo-print
გახსოვთ მრავალი წლის წინ მატარებელში ჩაძინებული და დეპოში ჩარჩენილი გრიშა ბიძია? მან დაიძინა, როგორც საბჭოთა მოქალაქემ და გაიღვიძა, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის შვილმა. ოღონდ, ყველა სადგური გამოტოვა. ამიტომ, სანამ ეძინა, გრიშა ბიძიამ დაკარგა ერთი იდენტობა და ვერ შეიძინა მეორე.

გრიშა ბიძია მეტაფორაა. არ ვიცით, ვინ არის იგი, რა ფერის თმა და თვალები აქვს, რა ცოდნისა და გამოცდილების პატრონია, რა უყვარს და რა ეჯავრება... მხოლოდ ის ვიცით, რომ მისგან კარგი მოქალაქე ვეღარ დადგება, რადგან მოქალაქეობა შეუთავსებელია ძილთან, როცა პირადად შენი და შენი ქვეყნის ბედი წყდება.

ლამის ოცი წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკდებელი ქვეყანა გახდა. მისი მოქალაქეები კი დღემდე ვკითხულობთ: „გვეშველება რამე?“ თან გვიკვირს, რით ვერ დავაღწიეთ თავი პრობლემებს... რით ვერ ავაშენეთ უკეთესი ქვეყანა... რით ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად...

ვინმემ დათვალა, რამდენი გრიშა ბიძია ცხოვრობს დღეს საქართველოში? ან ვინმემ შეაფასა ჩვენი მღვიძარების ხარისხი? ერთი მხრივ, დეპოში ნამდვილად არ გვძინავს: მიტინგების რაოდენობას ვერავინ დაგვიწუნებს, ვერც აქტიურობის ხარისხს. არც ომი დაგვიკლია ჩვენი თავისთვის და არც რევოლუცია. მაგრამ არჩევანი მაინც ცუდსა და უარესს შორის გვიწევს. ალბათ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა არის მოქალაქეობის კრიტერიუმი – საპროტესტო მიტინგებზე სიარული თუ სხვა რამ.

ჩემი აზრით, თავისუფალ ქვეყანას ქმნიან ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნით კომპეტენცია, ზუსტად განსაზღვრონ, რა არის მათთვის კარგი და რა – ცუდი; შემდეგ კი ამ ცოდნის შესაბამისად იმოქმედონ. მაგალითად, მე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს, მევალება, მქონდეს მინიმალურად საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის ჩემი (ჩემი ოჯახის, სანათესავოს, სამეგობროს) ინტერესების შესაბამისი და რომელი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელი არჩევანი მაძლევს საშუალებას, უკეთესად განვახორციელო საკუთარი (ოჯახის, სანათესავოს, სამეგობროს) ინტერესები.

ვიცი, რომ მინდა ცხოვრება უკეთეს საქართველოში. მინდა, იმ საქართველოში, დღევანდელისგან განსხვავებით, ძლიერი იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ხელისუფლების სხვადასხვა შტო რეალურად აბალანსებდეს ერთმანეთს. რაკი ეს ვიცი, ახლა მჭირდება, ვიცოდე, რა წერია რეფორმირებული კონსტიტუციის პროექტში, რომელმაც ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა შექმნას საქართველოში; შემდეგ კი, ამ ცოდნის შესაბამისად ვიმოქმედო.

გამოვტყდები, რომ ცვლილებების პროექტი არ წამიკითხავს. თუმცა, ჩემს მეგობარს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობს, განმარტებები ვთხოვე და ორი საათი ვაზუსტებინებდი დეტალებს. მოგვიანებით კი, ამავე თემაზე სასაუბროდ, „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმრად იურისტი გიორგი მშვენიერაძე მოვიწვიე.

გამოდის, რომ არ მძინავს. ოღონდ, თუ მკითხავთ, რეფორმირებულ კონსტიტუციაში რა კონკრეტული საფრთხეებია ჩემთვის, მაინც გამიჭირდება ზუსტი პასუხის გაცემა. აშკარად არ მაკმაყოფილებს ცოდნა, რომელიც დავაგროვე. ერთი-ორ სატელევიზიო გამოსვლასაც ვუსმინე, ერთი-ორი ინტერვიუც წავიკითხე, მაგრამ კონსტიტუციის კრიტიკოსებისგან მხოლოდ ის გავიგე, რომ ძალთა გადანაწილების ახალი მოდელი არ ვარგა. გავიგე შეფასება, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე ამ შეფასების შინაარსი. არადა, არ მინდა, საკითხს პრიმიტიულად მივუდგე – რაკი მიშამ კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო, ესე იგი, ჩემთვის საზიანოა.

ახლა მინდა გკითხოთ თქვენ, ბლოგის მკითხველებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს: წაიკითხეთ კონსტიტუციის ახალი ვერსია? გაიგეთ, რა არის მასში თქვენთვის სასარგებლო ან ზიანის მომტანი? ვცადოთ, ერთად დავძებნოთ ის თანამოქალაქეები, რომლებმაც ცვლილებების შინაარსი კარგად გაიაზრეს. მე საკუთარ თავს ამ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებ. დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება, დიდწილად, ჩემ მდგომარეობაშია, ან კიდევ უარესში.

ის, რაც ჩვენ დასავლური ქვეყნების მოქალაქეებისგან განგვასხვავებს, სწორედ კომპეტენციაა – ადეკვატური მოქალაქეობის აუცილებელი ნიშანი. კომპეტენციის პრობლემა კი, ფაქტობრივად, ცოდნის პრობლემაა.

ხელისუფლება ცდილობს, შემოგვთავაზოს მზამზარეული ათვლის წერტილები („მესიჯები“) და უკრიტიკოდ გაგვაზიარებინოს, რომ, მაგალითად: „მიშა მაგარია!“, ან „საქართველოში აღმოიფხვრა კორუფცია!“ ან „მანდატური უსაფრთხო სკოლის გარანტია!“ ან „ახალი კონსტიტუციით, ჩვენ ძლიერი პრეზიდენტი გვეყოლება!“. ასეთ მზამზარეულ პოსტულატებს მაღალი კომპეტენციის საზოგადოება უპირისპირებს განსჯას, გააზრებას და, ბოლოს, ქმედებას. სწორედ ეს განასხვავებს შეერთებული შტატების ან ნორვეგიის მოქალაქეს გრიშა ბიძიასგან და ჩვენგანაც.

ჩვენ რომ კომპეტენტური მოქალაქეები ვიყოთ, ვიკითხავდით: როგორ არის მიშა მაგარი, თუ მშვიდობის ფონდის 2010 წლის სახელმწიფოებრივი წარუმატებლობის ინდექსში საქართველო ისევ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში რჩება? როგორ აღმოიფხვრა კორუფცია, თუკი პერიოდულად, ასი ათასობით და მილიონობით ზარალის ბრალდებით, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს იჭერენ? როგორ უზრუნველყოფს სკოლის უსაფრთხოებას მანდატური, თუკი თავად სასწავლო პროცესი არ გაუმჯობესდა? როგორ გვეყოლება ძლიერი პრეზიდენტი, თუკი მას, ახალ საკონსტიტუციო რეალობაში, სახელმწიფო ბიუჯეტზე ხელი სრულებით არ მიუწვდება?

ამგვარი და მსგავსი კითხვები რომ გაუჩნდეს, მოქალაქემ შესაბამისი ინფორმაცია მასმედიით უნდა მიიღოს. სანდო ახალი ამბები, საგამოძიებო და ანალიტიკური ჟურნალისტიკა, სიღრმისეული რეპორტაჟი, მრავალმხრივი დისკუსია მოქალაქის კომპეტენციას ზრდის, რადგან აძლევს საფუძველს, სწორად შეაფასოს, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი.

კარგია რეფორმირებული კონსტიტუცია ჩვენთვის – საქართველოს მოქალაქეებისთვის – თუ ცუდი? თუ კარგია – რატომ? თუ ცუდია – რატომ? ვინ გაგვცემს სანდო და კომპეტენტურ პასუხს დღეისათვის უაღრესად საჭირბოროტო ამ კითხვებზე? ამჯერად არც „რუსთავი 2“-ზე ვსაუბრობ, არც „იმედზე“, არც საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არც „რეალ ტვ“-ზე. რომელმა გაზეთმა ან ტელევიზიამ შესთავაზა საზოგადოებას სტატიების თუ გადაცემების ციკლი, რომელიც მკაფიოდ განგვიმარტავდა ჩვენ, მოქალაქეებს, რა წერია რეფორმირებულ კონსტიტუციაში და, ამის შემდეგ, სიღრმისეულად შეგვიფასებდა ცვლილებების რეალურ შინაარსს? იგრძნობა საქართველოში რაიმე ინტერესი იმ არსებითი ცვლილების მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა მოხდეს? ნუ ვიტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქაღალდზე რა წერია. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილისთვის აქვს, ვანო მერაბიშვილისთვისაც, ზურაბ ადეიშვილისთვისაც. ისინი კითხულობენ, სად იქნება მათი ადგილი ახალი მოდელის მიხედვით აწყობილ ქვეყანაში. ჩვენ რატომ არ ვკითხულობთ?

დავაკვირდეთ: იმ სიუჟეტების დიდი უმრავლესობა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. ზედაპირულად გვიყვებიან, რომ კონსტიტუცია განიხილეს ამა და ამ ქალაქში, ამა და ამ ორგანიზაციაში, ამა და ამ საერთაშორისო ექსპერტთან. ზოგადად, საქართველოში საინფორმაციო სივრცე უზრუნველყოფს კავშირს მხოლოდ ერთი მიმართულებით – ზევიდან ქვევით. ეს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ საზოგადოება აკონტროლოს, ხოლო საზოგადოებას არ უტოვებს შანსს, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. საინტერესო იქნებოდა, ანალიტიკოსებს გამოეკვლიათ – ქართული სატელევიზიო მაუწყებლობის რა წილი ეთმობა ხელისუფლების ცალმხრივ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და რა წილი – ხელისუფლების მაკონტროლებელ პროგრამებს. პროცენტული შეფარდება ზუსტად ასახავდა ჩვენი სამოქალაქო კომპეტენციის ხარისხს და ბოლო 7 წელიწადში ჩატარებული არჩევნების შედეგებსაც ახსნიდა: როცა ადამიანებს არ ჰყოფნით საკუთარი კომპეტენცია, მზად არიან, პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ, უფრო აქტიურს.

ჰოდა, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად პროაქტიური პრეზიდენტია, გრიშა ბიძიას დეპოში ძინავს, ჩვენ კი უნუგეშოდ და უფუნქციოდ ვართ ჩამწკრივებული მათ შორის: მიშადან გრიშამდე.

დასაწყისისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ხომ არ წაგვეკითხა?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG